მომღერალმა თათა გიორგობიანმა რომანტიკული ფოტოები გამოაქვეყნა თავის რჩეულთან - კონსტანტინე მოსიძესთან ერთად, ემოციური ტექსტით და მისმა ტექსტმა, ასევე თეთრმა საცურაო კოსტიუმმა და საპატარძლო ფატამ ლოგიკური ეჭვი გააჩინა, რომ თათა და კონსტანტინე დაქორწინდნენ.
"როცა ორ ადამიანს შეხედავ და მათი თვალებიდან სიყვარული იღვრება, ამაზე ლამაზი ალბათ, დედამიწის ზურგზე არაფერია… სიცოცხლეც ხომ მხოლოდ სიყვარულით და სიყვარულის გამო მოვიდა ჩვენამდე. ბედნიერებაა, თუ ერთხელ მაინც განიცდი შენში მას; გულწრფელად, ღრმად, სულისშემძვრელად…" - წერს თათა და პოსტის კომენტარებში უამრავი ადამიანი ულოცავს, ბედნიერებას უსურვებს ლამაზ წყვილს. თათას ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებია ქორწინება, თუმცა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში აღნიშნა, რომ ზოგადად ქორწილი და საპატარძლო კაბა არ უყვარს და არ გეგმავს ქორწილის გადახდას.
"კონკრეტული არაფერი გადაგვიწყვეტია, ახლა ვგეგმავთ, ვაპირებთ ჩვენი ქორწინების ოფიციალურად გაფორმებასაც. რაც შეეხება ქორწილს, სასწაული რამე უნდა ვთქვა და იმედია არ ეწყინებათ ადამიანებს ვის ქორწილშიც მიმღერია. ქორწილები ძალიან არ მიყვარს, მირჩევნია მცირე წრეში შინაურულად აღვნიშნო. არც ბავშვობაში და არც შემდეგ თეთრ საპატარძლო კაბაზე არ მიოცნებია. რეკლამაში გადამიღეს და მაშინაც მივხვდი, რომ ეს ჩემი არ იყო", - აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში.
ცოტა ხნის წინ თათა სოციალური ფსიქოლოგიის მაგისტრი გახდა და როგორც ჩანს, საქმიანობის გაგრძელებას ამ მიმართულებითაც გეგმავს.