როგორ ხდება ქულების სკალირება და გათანაბრება, როგორ ირჩევენ რთულ და მარტივ ვარიანტებს და მოქმედებს თუ არა გათანაბრება უმაღლექსულიანებზე ან მათზე, ვინც ზღვარი ვერ გადალახა - პასუხები გამოცდების ეროვნული ცენტრიდან - მშობლები

როგორ ხდება ქულების სკალირება და გათანაბრება, როგორ ირჩევენ რთულ და მარტივ ვარიანტებს და მოქმედებს თუ არა გათანაბრება უმაღლექსულიანებზე ან მათზე, ვინც ზღვარი ვერ გადალახა - პასუხები გამოცდების ეროვნული ცენტრიდან

2024-08-19 20:39:45+04:00

სანამ აპელაციები დასრულდება და საბოლოო შედეგები გამოცხადდება, კიდევ დარჩა გარკვეული დრო. აბიტურიენტებს და მათ მშობლებს კვლავ ბევრი შეკითხვა აქვთ სკალირებასთან და ქულების გათანაბრებასთან დაკავშირებით. ამ თემაზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს აქვს გამოქვეყნებული ვრცელი დანართი - ხშირად დასმული შეკითხვები სკალირებასა და გათანაბრებაზე. გთავაზობთ რამდენიმე შეკითხვას და მათზე პასუხებს:

- როგორ ხდება ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული ქულების სკალირება?

- როგორც იცით, თითოეულ გამოცდაში აბიტურიენტი იღებს ქულას, რომელსაც ჩვენ ნედლ ქულას ვეძახით. თუ გამოცდაში ტესტის რამდენიმე ვარიანტია, მაშინ ხდება ქულების გათანაბრება, რის შედეგადაც ყოველი აბიტურიენტი იღებს გათანაბრებულ ქულას. ამის შემდეგ კი ყველა ქულის ერთ სტანდარტულ სკალაზე გადასატანად ხდება ქულების სკალირება (ე. წ. Z- ქულების გამოყენაებით) და ყოველ აბიტურიენტს ენიჭება თავისი სკალირებული ქულა.

- დავაზუსტებთ, ჯერ ხდება ქულების გათანაბრება, ხოლო შემდეგ კი სკალირება. რითია გამოწვეული გათანაბრების მექანიზმის საჭიროება?

- ქულების გათანაბრება მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც ტესტის რამდენიმე ვარიანტი გვაქვს. ამ მექანიზმის ამოცანაა ვარიანტებს შორის არსებული განსხვავებების კომპენსირება.

- რატომ არ შეიძლება ვარიანტები თავიდანვე ისე შედგეს, რომ მათ შორის განსხვავება არ იყოს?

— ტესტის სხვადასხვა ვარიანტის შედგენისას დიდი ყურადღება ექცევა იმას, რომ ტესტის სტრუქტურა, ამოცანების ტიპი და სირთულე რაც შეიძლება თანაბარი იყოს, მაგრამ აბსოლუტური თანაბრობის დაცვა პრაქტიკულად შეუძლებელია. ერთი და იმავე ამოცანის შემთხვევაშიც კი, ამოცანის ფორმულირების მცირეოდენ შეცვლას შეუძლია სირთულეში განსხვავება წარმოშვას. იმის მიღწევა, რომ ტესტის ორი ვარიანტი ქულების ყველა დიაპაზონში ერთი და იმავე სირთულის იყოს, შეუძლებელია.

- თუ ტესტები განსხვავებულია, როგორ არის შესაძლებელი მიღებული ქულების შედარება?

- სწორედ ამაში გვეხმარება გათანაბრების მექანიზმი.

- რა პრინციპს ეყრდნობა ქულების გათანაბრების მექანიზმი?

- მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ ვითვლით, თუ რა ქულას მიიღებდა აბიტურიენტი, სხვა ვარიანტის დაწერის შემთხვევაში. შემდეგ მის ნედლ ქულასა და სხვა ვარიანტებში მის სავარაუდო ქულებს შორის ვიღებთ მაქსიმალურს და სწორედ ეს არის მისი გათანაბრებული ქულა. სხვაგვარად რომ ავხსნათ, აბიტურიენტის გათანაბრებული ქულა არის ის სავარაუდო ქულა, რომელსაც ის მიიღებდა, ტესტის ყველაზე მარტივი ვარიანტი რომ დაეწერა.

- აქვს თუ არა რაიმე გავლენა გათანაბრების მექანიზმის შემოღებას მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვაზე?

- დიახ, იმ აბიტურიენტთა გამოვლენა, რომელთაც ზღვარი გადალახეს, სხვადასხვა ვარიანტში მიღებული ქულების გათანაბრების შემდეგ მოხდება. შედეგად ყველა, ვისი ნედლი ქულაც ზღვარზე მეტია, გადალახავს ზღვარს, მაგრამ ზღვრის გადალახვის შანსს ინარჩუნებენ ის აბიტურიენტებიც, რომლებიც შედარებით რთული ვარიანტი წერეს და ზღვარს მიუახლოვდნენ, მაგრამ გამსვლელ ქულაზე ნაკლები მიიღეს. ამ შემთხვევაში რთულად მიიჩნევა ის ვარიანტი, რომელშიც ნედლი ქულით პროცენტულად უფრო მეტი აბიტურიენტი ჩაიჭრებოდა. საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ მოქმედებს პრინციპი - არც ერთ ვარიანტში არ ჩაიჭრას იმაზე მეტი აბიტურიენტი, ვიდრე ყველაზე ადვილ ვარიანტში. ამ პრინციპის მიხედვით, თუნდაც აბიტურიენტს შედარებით რთული ვარიანტი შეხვდეს, მისი ინტერესები დაცულია და მხოლოდ ქულების გათანაბრების შემდეგ მოხდება მის მიერ ზღვრის გადალახვა.

- თუ აბიტურიენტმა რომელიმე ვარიანტში მაქსიმალური ქულა მიიღო, მაშინ ქულების გათანაბრების შემდეგ შეიძლება მისი ქულა ამ მაქსიმალურ ქულაზე ნაკლები აღმოჩნდეს?

- მაქსიმალური ქულა გათანაბრების შემდეგ არ იცვლება, რომელ ვარიანტშიც არ უნდა იყოს ეს ქულა მიღებული. ყოველი გათანაბრებული ქულა ყოველთვის აბიტურიენტის მიერ მიღებულ ქულაზე მეტია ან მისი ტოლია (რადგან ქულების გათანაბრების დროს ვიღებთ მიღებულ და გაიგივებულ ქულებს შორის უდიდესს), მაგრამ მაქსიმალური ქულის შესაბამისი გათანაბრებული ქულა ისევ მაქსიმალური ქულის ტოლი იქნება.

იხილეთ ვრცლად სხვა შეკითხვები, პასუხები და მაგალითები ამ თემაზე

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ასევე გვთავაზობს 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების სკალირებული ქულის გამოთვლის მეთოდს - იხილეთ ფაილი.