თამუნა მუსერიძემ საკუთარი ბიოლოგიური მშობლების ძიების გზაზე, უამრავ ადამიანს აპოვნინა დედა, მამა, და, ძმა, თუმცა, უკვე მერვე წელია თავად უშედეგოდ არკვევს საკუთარ წარმომავლობას. ნაშვილები რომ იყო, მას შედმეგ გაიგო, რაც გამზრდელი დედა გარდაეცვალა. მისთვის იმდენად ძვირფასი იყო ეს ადამიანი, რომ საკუთარ შვილს მისი სახელი დაარქვა.
დღეს თამუნას დედის გარდაცვალების დღეა, რასაც იგი ემოციურ პოსტს უძღვნის:
"ძალიან მალე მეც დავწერ იმ დედებზე, რომლებმაც სხვისი "სირცხვილის ნაყოფი" საკუთარი შვილივით გაზარდეს. დედებზე, რომლებმაც არაბიოლოგიური შვილები ბიოლოგიურ დედებე უფრო მეტად შეიყვარეს. დედებზე, რომლებმაც საკუთარი ცხოვრება გვერდით გადადეს. და არა იმ დედებზე, რომლებმაც საკუთარი ცხოვრების ასაწყობად, შვილები ნივთებივით გადადეს გვერდზე. დავწერ იმ დედებზე, რომლებმაც გასცეს და გაიღეს ის, რაც ბიოლოგიურებმა ვერ და არ გასცეს.
დღეს მერვედ თენდება დღე, როდესაც დავობლდი. დღე, როდესაც ამდენი პასუხგაუცემელი კითხვის წინაშე მარტო დამტოვა. დღე, როდესაც ის სიცარიელე გამიჩნდა, რომელსაც ვერასდროს ვერავინ ვერ ამოავსებს".
თეკლა ჟვანია