აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანა (გადანაცვლება, წაშლა, დამატება) 23 აგვისტოს 18:00 საათამდე შეუძლიათ. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტულ ჩამონათვალში აბიტურიენტები ვეღარაფერს შეცვლიან.
იმ შემთხვევაში, თუ ერთ აბიტურიენტს აქვს მეორე აბიტურიენტზე მაღალი ქულები, მაგრამ არ აღმოჩნდა საკმარისი პირველ და მეორე ადგილზე ჩასარიცხად, სისტემა პირველ რიგში განიხილავს მაღალქულიანი აბიტურიენტის ჩარიცხვის საკითხს. მიუხედავად იმისა, რომ ეს კონკრეტული პროგრამა მას, ვთქვათ, მესამე ადგილზე ჰქონდა მითითებული. ისიც გასათვალისწინებელია, რომ იმ შემთხვევაში, თუ გამოცდებში მონაწილეს ქულა ეყოფა პირველ არჩევანზე ჩასარიცხად, მომდევნო არჩევანზე მისი ჩარიცხვა აღარ განიხილება.
პროგრამების ცვლილება გულისხმობს იმას, რომ აბიტურიენტს შეუძლია წაშალოს, დაამატოს ან გადაანაცვლოს საგანმანათლებლო პროგრამა ე. წ. საკუთარ რეიტინგულ სიაში.
აბიტურიენტები საკუთარი არჩევნის რაოდენობაში შეზღუდულნი არ არიან და ცენტრიც ურჩევს მათ, მაქსიმალურად გამოიყენონ ეს შესაძლებლობა. ამასთან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გააკეთონ რეალური არჩევანი - გაითვალისწინონ საკუთარი შეფასება და გადახედონ კონკურსს კონკრეტულ პროგრამებზე.
მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო პროგრამაზე არსებული ადგილების რაოდენობის გათვალისწინებაც, ასევე - კონკრეტული პროგრამის სწავლის საფასური და სწავლების ენა. ყურადღებამისაქცევია აგრეთვე, თუ რომელ ქალაქში მიმდინარეობს სწავლა ამ საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით.
ასეთ შემთხვევაში აბიტურიენტმა კარგად უნდა გადაამოწმოს არჩევანი და ჩამონათვალში დატოვოს მხოლოდ ის პროგრამები, სადაც იმ საგნით ჩაირიცხება, რომელშიც მინიმალური კომპეტენციის ზღვარი აქვს გადალახული.