ფრანგული კინოს ლეგენდა, ალენ დელონი უკანასკნელ გზაზე გააცილეს. როგორც ცნობილია, ანდერძში მსახიობმა ითხოვა, რომ მისი ბელგიური ნაგაზი, ლუბო, დაეძინებინათ და მასთან ერთად დაეკრძალათ. ოჯახის წევრებმა მას ეს სურვილი არ შეუსრულეს და ცხოველს სიცოცხლე გადაარჩინეს.
ალენ დელონი, რომელიც 88 წლის ასაკში გარდაიცვალა, 24 აგვისტოს დაკრძალეს. ცერემონია ჩინოვნიკების გარეშე, ვიწრო ოჯახურ წრეში გაიმართა. დელონს სწორედ ეს სურდა: დახურულ კარს მიღმა, ეროვნული ჰიმნისა და გამოსამშვიდობებელი ზალპების გარეშე გამართული ცერემონია, განსხვავებით მისი მეგობარი ბელმონდოსგან.
დიდი ფრანგი მსახიობი მის საყვარელ მამულში დაკრძალეს - იქ წინა დღიდანვე დაიწყეს თაყვანისმცემლებმა ყვავილების და ფოტოების მიტანა.
ისტორიულ მამულს, სადაც დელონს განმარტოვება უყვარდა და ძაღლების გარემოცვაში ატარებდა დროს, Domaine de la Brûlerie ჰქვია. ის მე-19 საუკუნის შუა წლებში აშენდა და მსახიობმა 1970-იან წლებში იყიდა. თვალწარმტაცი პეიზაჟები და სიმშვიდე ყოველთვის განასხვავებდა ლუარის ველს საფრანგეთის სხვა რეგიონებისგან - და ეს სურდა ცნობილ სექსსიმბოლოს მთელი ცხოვრება.
მამულს აქვს საკუთარი სანაპირო, თავლები და ბევრი ადგილი ძაღლებისთვის, რომლებსაც ალენ დელონი მთელი ცხოვრების განმავლობაში უვლიდა. მას სჯეროდა, რომ ძაღლები ბევრ ადამიანს სჯობდნენ და შინაური ცხოველების გარდაცვალების შემდეგაც დიდი პატივისცემით ეპყრობოდა მათ. სახლის უკან სასაფლაოა, სადაც დელონის 35 გარდაცვლილი ძაღლია დასაფლავებული. სწორედ მათ გვერდით ჰპოვა სამუდამო განსასვენებელი, სადაც საყვარელ ლუბოს დაელოდება.
”თუ მე მოვკვდები მასზე ადრე, ვთხოვ ვეტერინარს, რომ ერთად წავიდეთ. ისე გაუკეთებს ნემსს, რომ ლუბო ჩემს მკლავებში მოკვდეს. ეს მირჩევნია, ვიდრე ვიცოდე, რომ ის ჩემს საფლავზე მოკვდება ტანჯვით“, - თქვა დელონმა თავის ერთ-ერთ ინტერვიუში, როცა ნაგაზი ლუბოს შესახებ საუბრობდა.
საბედნიეროდ, 11 წლის ძაღლი გადარჩა და ახლა მსახიობის შვილების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება, რომლებმაც მამის უკანასკნელი ნება დაარღვიეს. ეს უკვე დაადასტურა ბრიჯიტ ბარდოს ცხოველთა კეთილდღეობის ფონდმა, საიდანაც დელონმა ლუბო აიყვანა.
გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე მიწვეულთა შორის, დანამდვილებით ცნობილია ალენ დელონის სამი შვილის - ენტონი, ანუშკა და ალენ-ფაბიენის ვინაობა. დანარჩენი ორმოცი სტუმრის ვინაობა არ სახელდება. მაგრამ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ შორის იყო მსახიობის ყოფილი მეუღლე როზალი ვან ბრემენი, ანუშკა და ალენ-ფაბიენის დედა. მასზე ამბობდნენ, რომ ქალთა ცრემლების გამო შური იძია დელონზე - თავად როზალიმ მიატოვა დელონი, რომელიც უკვე 65 წლის იყო, რაც მსახიობმა ძალიან მძიმედ გადაიტანა.
რაც შეეხება ალენ დელონის ბოლო კომპანიონს ჰირომი როლანდს, ის არ იყო მიწვეული ცერემონიაზე. მსახიობის შვილებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ქალი მას ვერ დამშვიდობებოდა. მოგეხსენებათ, მათ შორის ურთიერთობა არ გამოვიდა - შარშან ქალს ბრალად ედებოდა ალენ დელონზე ძალადობა და ზეწოლა სიცოცხლის ბოლო წლების განმავლობაში.