ხშირად, როდესაც პრინცესებზე, მაღალი წარმომავლობის მქონე ქალებზე ამბებს ვკითხულობთ, ალბათ, გვიჩნდება განცდა, რომ მათ უდარდელი ცხოვრება აქვთ. შეუძლიათ, საკუთარ თავს ყველაფრის უფლება მისცენ, იყიდონ, რასაც მოისურვებენ და წავიდნენ იქ, სადაც მოუნდებათ. თუმცა, სამწუხაროდ, რეალურ ცხოვრებაში ხშირად მათი ცხოვრება სულაც არ ჰგავს იმ ზღაპარს, რომელსაც წარმოვიდგენთ.
1960-იან წლებში საუდის არაბეთის სამეფოს მეთაური უნდა გამხდარიყო სახელმწიფოს დამაარსებლის იბნ საუდის მეექვსე ვაჟი, მოჰამად იბნ აბდულაზიზ ალ საუდი. თუმცა, მამაკაცი განსაკუთრებით ცუდი ქცევით გამოირჩეოდა, მუდმივად პრობლემებს ქმნიდა, ამიტომაც ტახტზე მისი უმცროსი ძმა - ხალიდი ავიდა.
ამის მიუხედავად, მოჰამედი მაინც ითვლებოდა სახელმწიფოს ერთ-ერთ ყველაზე პატივსაცემ ადამიანად. ძმები მას რჩევას ხშირად ეკითხებოდნენ. მოჰამადს სხვადასხვა ცოლისგან 6 ვაჟი გაუჩნდა: ფაჰდი, ბანდარი, ბადრა, საადი, აბდალა და აბდელ აზიზი.
1958 წელს მოჰამადს ულამაზესი შვილიშვილი შეეძინა, რომელსაც მიშაალ ბინტ ფაჰნ ბენ მუჰამედ ალ საუდი დაარქვეს. პატარა გოგონა მალევე მთელი ოჯახის ფავორიტი გახდა და დიდ ფუფუნებაში იზრდებოდა. როდესაც მიშაალი გაიზარდა, მშობლებმა წინასწარვე უთხრეს, რომ აუცილებლად პრინცზე უნდა დაქორწინებულიყო.
გოგონას არ სურდა, მშობლების მიერ არჩეულ მამაკაცს გაჰყოლოდა ცოლად, მაგრამ დედ-მამას უთხრა, რომ მათი სურვილის წინააღმდეგ არ წავიდოდა. თუმცა იქამდე განათლების მიღება უნდოდა. 1970-იან წლებში საუდის არაბეთში ქალთა უნივერსიტეტები არ არსებობდა, ამიტომ მიშაალი ლიბანში გაგზავნეს სასწავლებლად. გოგონა უნივერსიტეტში დაცვასთან და თანმხლებ პირებთან ერთად დადიოდა და მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ იყო.
ლიბანში ჩასვლისთანავე პრინცესამ შენიშნმა, რომ იქ ადამიანები ბევრად უფრო თავისუფლად ცხოვრობდნენ, ვიდრე მის ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ გამუდმებით დაცვა დაჰყვებოდა, გოგონამ შეყვარება მაინც მოახერხა...
19 წლის მიშაალს ლიბანში საუდის არაბეთის ელჩის ვაჟი ხალედ ალ შაერ მულჰალალი შეუყვარდა. მაშინდელი სტანდარტების მიხედვით, ელჩის შვილი ჩვეულებრივი ადამიანი იყო და დიდგვაროვან წრეებში არაფერი ესაქმებოდა. ამიტომაც, ეს სიყვარული თავიდანვე სევდიანი დასასრულისთვის იყო განწირული.
საიდუმლო მალევე გამჟღავნდა... ერთ-ერთმა მცველმა პრინცესას ოჯახს ყველაფერი უამბო. გოგონა ხვდებოდა, რომ ოჯახისათვის ბოდიშის მოხდას აზრი არ ჰქონდა. ამიტომაც, ერთადერთ გამოსავლად გაქცევას ხედავდა.
მიშაალი ჯიდაში გაიქცა. ტანსაცმელი ერთ-ერთი მდინარის მახლობლად გადააგდო, რითაც სურდა, საკუთარი სიკვდილი გაეთამაშებინა. ამის შემდეგ პრინცესამ მამაკაცის ტანსაცმელი ჩაიცვა და აეროპორტში გაემგზავრა იმ იმედით, რომ ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ქვეყნიდან გაფრენას შეძლებდა. სამწუხაროდ, დაცვამ გაქცეული გოგონა დააკავა...
პრინცესა სახლში წაიყვანეს და მალევე სასამართლოს გადასცეს. მოგვიანებით გოგონამ თქვა, რომ შეყვარებულთან ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა. უცნობია, ის სიმართლეს ამბობდა თუ ამ გზით საკუთარი პროტესტის გამოხატვა სურდა, მაგრამ სასჯელს ვერ გადაურჩა.
მეფე ხალიდი დაჟინებით მოითხოვდა, რომ გოგონასთვის დანაშაული ეპატიებინათ. თუმცა, პრინცესას ბაბუა - მოჰამად იბნ აბდულაზიზ ალ საუდი და მშობლები ამ იდეის წინააღმდეგნი იყვნენ და მის სიკვდილით დასჯას ითხოვდნენ.
1977 წლის 15 ივლისს შეყვარებული წყვილი სასჯელის შესასრულებლად ცენტრალურ მოედანზე გადაიყვანეს. ახალგაზრდები დააჩოქეს. გოგონას ესროლეს და ისე მოკლეს. მის შეყვარებულს კი თავი მოკვეთეს...
ამბობდნენ, რომ მოჰამდ იბნ აბდულაზიზ ალ საუდს არასოდეს უნანია, რაც გააკეთა. სიცოცხლის ბოლომდე მას სჯეროდა, რომ სწორად მოიქცა და შვილიშვილი, რომელიც მის ოჯახს "არცხვენდა", აუცილებლად უნდა მოეკლათ.
1980 წელს ბრიტანელმა რეჟისორმა ენტონი თომასმა მიშაალის ტრაგიკულ ბედზე დოკუმენტური ფილმი "პრინცესას სიკვდილი" გადაიღო. ქვეყანაში ფილმის ჩვენების შემდეგ, საუდის არაბეთმა ბრიტანეთის ელჩი ერ-რიადიდან გააძევა და იქ მყოფი სამეფო ოჯახის ყველა წევრი ქვეყნიდან გაიწვია.