"მასწავლებლის ვალია, გახადოს მოსწავლე ისტორიული პროცესის თანამონაწილე!" - ისტორიკოსი ისტორიის სწავლებისა და მთავარი გამოწვევების შესახებ - მშობლები

"მასწავლებლის ვალია, გახადოს მოსწავლე ისტორიული პროცესის თანამონაწილე!" - ისტორიკოსი ისტორიის სწავლებისა და მთავარი გამოწვევების შესახებ

2024-08-30 13:08:20+04:00

ნუგზარ მოლაშვილი უკვე მრავალი წელია, მასწავლებელია. ისტორიას ასწავლის და არაერთ საინტერესო პროექტშია ჩართული. ხანგრძლივი პედაგოგიური გამოცდილების პარალელურად, ის უამრავი სტატიისა და გამოცემის ავტორია და მრავალი ჯილდო და აღიარებაც დაიმსახურა. ნუგზარ მოლაშვილი საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს და გვესაუბრება, რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებისათვის საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიის სწავლება:

- ზოგადად, ისტორიის შესწავლა, ლიტერატურასა და ხელოვნებასთან ერთად, აქცევს ადამიანს "ადამიანად". ერთადერთი ადამიანია, რომელსაც გააჩნია "ხსოვნის" განცდა, "დროის" შეგრძნება...ბოლოსდაბოლოს - "სამშობლოს" ცნება.

- სწავლების პროცესში რა სირთულეებს აწყდებით, რა არის ხოლმე მთავარი დაბრკოლება მოსწავლეებთან ურთიერთობისას?

- სწავლის პროცესი როგორც სირთულეების, ისე "სიამოვნებების" მხრივ იმდენად მრავალფეროვანია, რამდენი მოსწავლე, მასწავლებელი და გაკვეთილი არსებობს. ძირითადი სირთულეა, დაარწმუნო მოსწავლე იმის "საჭიროებაში", რასაც ასწავლი, არ უქციო პროცესი "ისწავლე-ჩამაბარედ", შეეცადო, გახადო ის ამა თუ იმ მოვლენის თანამონაწილედ... ეს ადვილი არ არის!

- რა უჭირთ, ძირითადად, მოსწავლეებს ისტორიის სწავლისას - თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს მთავარი მიზეზი, რის გამოც ბავშვებს ეს საგანი ხშირად არ უყვართ ან ერთულებათ?

- მოსწავლეს არ უყვარს ერთფეროვნება..."დასწავლასა" და "შესწავლას" სხვადასხვა დანიშნულება აქვს. კარგია, თუ მასწავლებელი ახერხებს, მოსწავლეს "აღმოაჩენინოს" ის, რის თქმასაც თვითონ აპირებს.

ისტორიის "ცოდნა" ადამიანის ერთ-ერთი მოთხოვნილებაა! ყველაფერი, რაც ჩვენ ირგვლივ ხდებოდა და ხდება, ისტორიის კუთვნილებაა! თქვენ წარმოიდგინეთ, ყველა ის ჭორიც კი, ასე სწრაფად რომ ვრცელდება დღეს, ისტორიის შესწავლის საგანი გახდება.

- მოსწავლეებს საქართველოს ისტორია უფრო აინტერესებთ თუ მსოფლიოს?

- მას, ვისაც ისტორიის შესწავლა აინტერესებს, შეუძლია ერთნაირად საინტერესო და საყურადღებო ამბები ამოიკითხოს როგორც "საქართველოს ისტორიაში", ასევე სხვა ქვეყნების. თუმცა, უფრო ხშირად, კითხვები საქართველოს ისტორიიდან აქვთ, მათ შორის, ე.წ. "დაფარული" თემებიდან. ("მართალია, მასწ...?!")

- რამდენიმე წინადადებით რომ მარტივად ავუხსნათ ბავშვებს, რატომ უნდა ისწავლონ ეს საგანი და რატომ არის ეს აუცილებელი, თუნდაც არ აბარებდნენ ეროვნულ გამოცდებზე?

- ზემოთქმულს გავიმეორებ: არ არსებობს ადამიანი წარსულისა და მომავლის გარეშე! ეს განცდა მხოლოდ ადამიანისთვის არის დამახასიათებელი! "შენ ადამიანი ხარ"!

- ხშირად, როდესაც საგამოცდოდ აბიტურიენტები ისტორიის არჩევას გადაწყვეტენ, ეშინიათ, რომ დიდი პროგრამის დაძლევას ვერ შეძლებენ...

- დიახ. ეროვნული გამოცდის ჩაბარება ისტორიაში, პროგრამის სიდიდის გამო, ადვილი არ არის, თუმცა, ბევრი რამ კეთდება იმისათვის, ეს სირთულეები რომ დაიძლიოს! ამჟამად, პროფესიონალთა საკმაოდ დიდი გუნდი სწორედ ამ საკითხზეც მუშაობს.

- რას ურჩევთ მომავალ აბიტურიენტებს, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ისტორიას აირჩევენ - რას მიაქციონ განსაკუთრებული ყურადღება?

- მომავალო აბიტურიენტებო! არ შეუშინდეთ სირთულეებს! 2024 წლის ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე კარგი შედეგი, ყველაზე ნაკლები ბარიერგადაულახავი სწორედ ისტორიაში დაფიქსირდა!