"მინდა, ეს ვიდეო ბევრმა ადამიანმა ნახოს და ხანდახან დაფიქრდნენ თავიანთ სიტყვებზე..." - თათია სულუაშვილი მშობლებს მიმართავს - მშობლები

"მინდა, ეს ვიდეო ბევრმა ადამიანმა ნახოს და ხანდახან დაფიქრდნენ თავიანთ სიტყვებზე..." - თათია სულუაშვილი მშობლებს მიმართავს

2024-09-02 23:08:43+04:00

ორი შვილის დედა, კომედიური შოუების მსახიობი თათია სულუაშვილი მშობლებს მიმართავს. ვიდეომიმართვა მოჰყვა ინციდენტს, რომელიც მას მაღაზიაში შეემთხვა და მშობლის შენიშვნას ცელქი ბავშვისადმი - "ნუ იქცევი აუტისტივით"...

თათია მშობლებს მიმართავს და სთხოვს, კარგად გაიაზრონ, რას ნიშნავს ასეთი ტერმინების გამოყენება და რას ნიშნავს აუტიზმი. თავად საკმაოდ გარკვეულია ამ სფეროში, რადგან მის უმცროს ვაჟს ჰქოდა აუტიზმის დიაგნოზი და წლები დასჭირდა, რომ ამ პრობლემას გამკლავებოდა. თათია მთლიანად იყო ჩართული ამ პროცესში და ამის შესახებ ვრცლად ისაუბრა ლელა წურწუმიას გადაცემაში.

„გამიგია ეს ფრაზა, როცა იუმორისტი ხარ, რომ უდარდელი ცხოვრება გაქვს, მაგრამ იყო დრო, როცა ძალიან დიდი სანერვიულო გადავიტანე და ეს ეხებოდა ჩემს შვილს. როდესაც დათა იყო წლისა და ხუთი თვის, დაეწყო უძლობა. დილის 5 საათამდე გვეძინა ხოლმე ერთად ქუჩაში, პლედმოხვეულს, გულზე მყავდა მიკრული. იმ პერიოდში ჩემი ქმარი ამერიკაში იყო წასული, მე დედასთან გადავედი, რადგან მარტო არ მინდოდა ცხოვრება. მეზობლები ჩამოვიდნენ, თათია, რაიმე პრობლემა ხომ არ გაქვსო… იფიქრეს, ქმართან ხომ არ მომივიდა კონფლიქტი. ეს ხდებოდა ძალიან ხშირად. ნევროპათოლოგმა სახლში გამომიშვა, ხასიათის ბავშვია, არაფერიაო. წლი-ნახევრის ასაკში დაეწყო რეგრესი, რაც იცოდა, ყველაფერი დაავიწყდა. არ ჰქონდა რეაქცია ჩემზე, ფუნქციურ სათამაშოებზე… აიღებდა მანქანას და ბორბალს ატრიალებდა. მისი გასართობი იყო უფუნქციო ნივთები. პირველად ეს შეამჩნია დედამ და მითხრა, მაგრამ არ მინდოდა ამ პრობლემისთვის თვალის გასწორება. პატარა იყო და მეგონა, უძილობა გაუვლიდა. დედის რჩევით და მეც უკვე ეჭვქვეშ ვიყავი, მივიყვანე ფსიქიატრთან. ერთი თვის შემდეგ ანალიზზე მარტო მივედი, არ მეგონა, რომ ამდენად რთულად იყო საქმე. კომპიუტერი შემომიტრიალა ექიმმა და იქ ეწერა: „აუტისტური სპექტრი“ გავიყინე. ცრემლები ჩამომივიდა და ვფიქრობდი, რა უნდა გამეკეთებინა. არ ვიყავი ინფორმირებული ამის შესახებ. პირველად ვიგრძენი შიშიც არა, საკუთარ შვილთან ასეთი განცდა მქონდა, როგორ დავეხმარო? ბოლო წერტილი არ ვიცოდი, როდის დაისმებოდა… ექიმმა დამამშვიდა, რომ სჭირდებოდა თერაპიები. იმ წუთას ვიტირე, გამოვედი და მეორე დღიდან დაიწყო ჩემი აქტიური ჩართულობა. დათასთვის უნდა მიმეხედა. ჩემი სამსახურიდან გამომდინარე რთული იყო, მაყურებლის გაცინებაზე უნდა მეზრუნა, სულაც არ მეცინებოდა, რადგან სამსახურიდან სახლში მოსულს პრობლემა მელოდებოდა, მაგრამ… მეგობრებმა იცოდნენ და ძალიან მეხმარებოდნენ. ყოფილა შემთხვევა, როცა დათას ჩემს გულზე ჩასძინებია. დათასთან ერთად ძალიან რთული გზა გავიარე… დილას ვესწრებოდი დათას თერაპიებს, რადგან ჩემი ჩართულობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მერე მოვდიოდი სამსახურში… ამ დიდი ბრძოლის შემდეგ დათა ძალიან კარგად არის. ვფიქრობდი, რომ სუსტი ვიყავი, მაგრამ არ ვიცი, რა პრობლემა უნდა დამიდგეს წინ, რომ ვერ გადავლახო. ძალიან გამაძლიერა დათამ. დღეს ძალიან ძლიერი ქალი ვარ, ყველაფერს ვერგებოდი, სამსახურსაც, სახლსაც, დათასაც…“, - ამბობდა თათია ინტერვიუში.