35 წლის მანიაკის, მატეუშის მიერ ჩადენილმა დანაშაულმა არაერთი ადამიანი შეძრა. ახლობლები მას საკმაოდ უცნაურ ადამიანად ახასიათებენ და ამის გამო მასთან ურთიერთობას ყველა გაურბოდა.
"ხასიათის მიხედვით გვესალმებოდა. გამარჯობას ყოველთვის არ ამბობდა. ღამით კი ფანრით დადიოდა." - აცხადებენ იმ სოფლის მცხოვრებლები, სადაც მანიაკი ცხოვრობდა. ისტორია კი ასე დაიწყო:
25 წლის გოგონამ, სახელად მალგოჟატმა, გაცნობის საიტზე მატეუში გაიცნო. საუბარი დაიწყეს, ერთმანეთთან კომუნიკაცია მოეწონათ. შემდეგ მამაკაცმა გოგონა სახლში დაპატიჟა და ისიც დასთანხმდა, თუმცა იმ დღის მერე ახალგაზრდა ქალი აღარავის უნახავს და როგორც ცნობილია, არც არავის მოუკითხავს.
შემთხვევა პოლონეთში, სოფელ ჰაიკიში მოხდა.
მატეუშმა, მას შემდეგ, რაც გოგონა მასთან მივიდა, ქვის ბეღელში შეიყვანა. იქ ადრე ღორები ცხოვრობდნენ. ქვის პატარა შენობა სახლის ეზოს მოპირდაპირე მხარეს იყო და ყურადღებას არავინ აქცევდა. მატეუში კი საკუთარ ტყვესთან ფანრით ყოველ ღამე მიდიოდა, აუპატიურებდა და დილით სახლში ბრუნდებოდა. ახალგაზრდა ქალის წამება 4 წელი გაგრძელდა...
ქალს მინიმალური ოდენობის საკვებს აძლევდა, დანარჩენს არაფერს - არც ჰიგიენურ საშუალებებს, არც სამოსს. ღამღამობით ზოგჯერ გარეთაც გამოჰყავდა, თუმცა თუ გოგონა ხმას ამოიღებდა, მოკვლით ემუქრებოდა.
მალგოჟატი მალევე დაორსულდა. თუმცა, მოძალადეს არც ორსულობა აკავებდა და ქალს შეურაცხყოფას აყენებდა. როდესაც მშობიარობის დრო მოვიდა, მატეუშმა ქალი უახლოეს საავადმყოფოში მიიყვანა და აიძულა, მშობიარობის შემდეგ ბავშვზე უარი ეთქვა. მალგოჟატი იმდენად იყო დაშინებული, რომ ექიმებს დახმარებაც ვერ სთხოვა.
"ექიმებს სიმართლე ვერ ვუთხარი. მეშინოდა... მემუქრებოდა, თუ ვიჩივლებდი, უარესს დამმართებდა", - განუცხადა დაზარალებულმა გამოცემა Telegraph-ს.
საოცარი ის არის, რომ გოგონა საავადმყოფოში კიდევ რამდენჯერმე მოხვდა. მათ შორის, სასქესო ორგანოების დაზიანების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევით, მკლავის ტრავმით, ლიმფური კვანძების დაზიანებითა და ჩალურჯებებით. მაგრამ, ყოველ ჯერზე, მკურნალობის შემდეგ, ის ექიმებმა, ზედმეტი შეკითხვების გარეშე, მწამებელს ჩააბარეს. მალგოჟატი ისევ ქვის "საღორეში" ბრუნდებოდა. შენობიდან 4 მეტრში მეზობლის სახლი იყო, მაგრამ მათ წარმოდგენა არ ჰქონდათ, თუ იქვე ახლოს მსგავსი რამ ხდებოდა.
როგორც ცნობილია, საშინელი დანაშაულის შესახებ არც მატეუშის მშობლებმა იცოდნენ. დამნაშავის დედა მომხდარით შოკირებულია და ამბობს, რომ შვილისთვის მსგავსი არაფერი შეუტყვია. ქალი იხსენებს იმასაც, რომ მატეუშს საკუთარი მეგობარი გოგონები სახლში მიჰყავდა და მშობლებს აცნობდა.
ზაფხულის ბოლო დღეებში მალგოჟატი მხრის მოტეხილობით საავადმყოფოში ისევ აღმოჩნდა. ამჯერად მან გადაწყვიტა, ექიმებისათვის ყველაფერი მოეყოლა და მათაც პოლიცია გამოიძახეს. მალე სამართალდამცავები სოფელ ჰაიკიში ჩავიდნენ, ბეღელი შეამოწმეს და ყველაფერი ნახეს.
ახლა მატეუში დაკავებულია. მას 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. დეტალები კი, რა გახდა საშინელი დანაშაულის ჩადენის წინაპირობა, ჯერჯერობით უცნობია.