კუჭის სიმსივნის 8 ნაადრევი სიმპტომი, რომლებსაც შესაძლოა, ყურადღებას არ აქცევთ - მშობლები

კუჭის სიმსივნის 8 ნაადრევი სიმპტომი, რომლებსაც შესაძლოა, ყურადღებას არ აქცევთ

2024-09-06 13:43:09+04:00

კუჭის კიბო საწყის ეტაპზე უსიმპტომოდ მიმდინარეობს და შესაძლოა, ისეთი ნიშნები ახასიათებდეს, რომლებსაც ადამიანმა ყურადღება არ მიაქციოს და სხვა დაავადებასა და ჩივილს დაუკავშიროს. სწორედ ამიტომაა, რომ სპეციალური გამოკვლევების გარეშე, სიმსივნის აღმოჩენა საწყის ეტაპზე ძალიან რთულია. კიბოს მართვაში კი დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და რაც უფრო მალე აღმოაჩენს პაციენტი პრობლემას, გამოჯანმრთელების მით მეტი შანსია. დღეს გაგიზიარებთ 8 საყურადღებო სიმპტომს, რომლებიც შესაძლოა, სხვა დაავადებებთან ერთად, კუჭში სიმსივნურ პროცესებზეც მიუთითებდეს და ამ დროს სასურველია, ექიმთან გაიაროთ კონსულტაცია:

ყლაპვის გაძნელება

2-1725615894.jpg

ზოგჯერ დისფაგია, ყლაპვის გაძნელება, შეცდომით ყელის ტკივილსა და გაციების სიმპტომში გვერევა. მაგრამ, თუ მკურნალობის შემდეგ ყლაპვის გაძნელება მაინც აღგენიშნებათ, სპეციალისტს აუცილებლად მიაკითხეთ. ყლაპვის გაძნელება შესაძლოა, არა მხოლოდ კუჭის კიბოს, არამედ ყელის ან ნაწლავის სიმსივნეზე მიუთითებდეს.

საჭმლის მონელების მუდმივი დარღვევა ან გულძმარვა

საჭმლის მონელებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, გულძმარვას ადამიანები ხშირად ეჩვევიან და შეიძლება ითქვას, რომ დიდ ყურადღებას არ აქცევენ. არადა, ეს საკმაოდ საყურადღებო სიმპტომია. წვა მკერდისა და მუცლის არეში, მუდმივი შებერილობა, გულძმარვა, შესაძლოა, კუჭის სიმსივნეზეც მიუთითებდეს.

გულისრევის შეგრძნება/ღებინება

შესაძლოა, აღნიშნული სიმპტომები მოწამვლას, ვირუსს დააბრალოთ, მაგრამ თუ გულისრევის შეგრძნება/ღებინება აღგენიშნებათ ისე, რომ არც საკვებისმიერ ინტოქსიკაციას უკავშირდება და არც რაიმე ვირუსს, მაშინ ჯობს ექიმთან კონსულტაცია გაიაროთ. აღნიშნული სიმპტომი შესაძლოა, კუჭის კიბოს ან თავის ტვინის სიმსივნის ადრეული ნიშნები იყოს.

წონაში უეცარი კლება, აუხსნელი მიზეზით

3-1725615915.jpg

თუ წონაში ისე იკლებთ, რომ არც კვების მოდელი შეგიცვლიათ და არც ცხოვრების წესი, მაშინ ამ ნიშანს ყურადღება აუცილებლად უნდა მიაქციოთ. წონაში მოულოდნელი კლება შესაძლოა, კუჭის კიბოს ერთ-ერთი ნიშანი იყოს.

მუცლის ტკივილი ან დისკომფორტი

მუცლის ხშირი ძლიერი ტკივილი, განსაკუთრებით ჭამის შემდეგ, შეიძლება ორგანიზმში საშიშ პროცესებზე მიუთითებდეს. ამიტომ, ეს სიმპტომი უყურადღებოდ არ დატოვოთ.

სისავსის სწრაფი შეგრძნება

4-1725615935.jpg

თუ სულ მცირე საკვების მიღების შემდეგაც სისავსის შეგრძნება გაქვთ ან უმადობას უჩივით? არც ეს სიმპტომები დატოვოთ უყურადღებოდ.

ცვლილებები ნაწლავების მოქმედებაში

დიარეა, ყაბზობა ან განავლის კონსისტენციის ცვლილება - თუ ჭამიდან აღნიშნული ნიშნები დაუყოვნებლივ ვლინდება, მაშინ ჯობს, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინოთ და სპეციალისტს მიმართოთ. შესაძლოა, სიმპტომები კუჭის კიბოზე მიუთითებდეს.

სიყვითლე

თუ თვალების მიდამოში ან ზოგადად, კანზე სიყვითლე შენიშნეთ ან შარდი გამუქდა, მაშინ ექიმს აუცილებლად უნდა მიმართოთ. აღნიშნული სიმპტომები შესაძლოა, არა მხოლოდ ჰეპატიტსა და ნაღვლის ბუშტში არსებულ პრობლემებზე, არამედ, კუჭის ან სანაღვლე გზების კიბოზე მიუთითებდეს.