ცნობილი დიზაინერი დემნა გვასალია არა მხოლოდ თავის ნამუშევრებში თუ მთელ კოლექციებში იყენებს ქართულ მოტივებს და საქართველოში გატარებული ბავშვობისა და ჭაბუკობის მოგონებებს ასახავს, არამედ ხშირად აღნიშნავს, რომ ქართველია და მისი ფესვები საქართველოდან მოდის. ასევე ხშირად საუბრობს ომზე, რომელიც ოჯახთან ერთად გამოიარა სოხუმში.
ამჯერადაც მიუძღვნა ამ თემას პოსტი ინსტაგრამზე და თავისი ახალი, შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ნიღბის სარეკლამო სახედ მსოფლიო მოდის კიდევ ერთი ცნობილი ქართველი წარმომადგენელი - მატილდა გვარლიანი წარადგინა.
"ჩემს ბავშვობას არ გაუვლია ყვავილებისა და პეპლების გარემოცვაში, არამედ - ომში. მაშინ მძიმე დრო იყო. მიუხედავად იმისა, რომ შორს ვარ ჩემი ქვეყნიდან, ყველაფერი, რაც საქართველოსთანაა დაკავშირებული, ჩემთვის მნიშვნელოვანია. ეს არის ჩემთვის გზა, დავბრუნდე წარსულში და შევქმნა ატმოსფერო, თითქოს იქ ვარ. მე დავიბადე და გავიზარდე საქართველოში. იქ ვიცხოვრე 18 წლამდე. საქართველომ ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს პიროვნულ და პროფესიონალურ განვითარებაში. და მთელი ბავშვობა ვაკვირდებოდი, რა ეცვათ ქართველ ქალებს..." - წერს დემნა.