"მუცლის ტკივილით ვლინდება, ახასიათებს გულისრევა, ღებინება და გახშირებული ნაწლავთა მოქმედება" - ალექსანდრე გოგინავა ამ დროისთვის გააქტიურებულ ინფექციებზე - მშობლები

"მუცლის ტკივილით ვლინდება, ახასიათებს გულისრევა, ღებინება და გახშირებული ნაწლავთა მოქმედება" - ალექსანდრე გოგინავა ამ დროისთვის გააქტიურებულ ინფექციებზე

2024-09-09 12:53:21+04:00

ბოლო პერიოდში მშობელთა ჯგუფებში ხშირად წერენ, რომ ბავშვებს ნაწლავური ინფექციები და მათთან დაკავშირებული სიმპტომები აღენიშნებათ, თითქოს "ზღვის ვირუსმა თბილისამდე ჩამოაღწია". ზოგ შემთხვევაში, სიმპტომები ხანგრძლივდება და პაციენტის მდგომარეობა მძიმდება. ექიმ-ინფექციონტს, ალექსანდრე გოგინავას ვკითხეთ, როგორია ამ პრობლემით მიმართვიანობა, რა სიმპტომები ახასიათებს ნაწლავურ ინფექციებს და რა შემთხვევაში უნდა დაუკავშირდეთ ექიმს აუცილებლად:

- ზოგადად აღვნიშნავ, რომ ნაწლავური ინფექციები ცხელ სეზონზე ყოველთვის იმატებს. განსაკუთრებით გამორჩეული აგვისტო-სექტემბრის მონაკვეთია და ზღვის სეზონს ემთხვევა. ნაწლავური ინფექციები მუცლის ტკივილით ვლინდება, ახასიათებს გულისრევა, ღებინება და გახშირებული ნაწლავთა მოქმედება, რომელსაც შემდეგ შესაძლოა, თან დეჰიდრატაცია ანუ გაუწყლოება და საერთო სისუსტე დაერთოს.

- ვისთვისაა ნაწლავური ინფექციები განსაკუთრებით საყურადღებო?

- რისკჯგუფებში შედიან მცირეწლოვანი ბავშვები, ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები და ის პაციენტები, რომლებსაც სხვადასხვა გენეზის იმუნოდეფიციტი აქვთ. ამიტომ, თუ ამ კატეგორიაში ესა თუ ის ნაწლავური ინფექცია განვითარდა, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ და ექიმთან დროულად გავიაროთ კონსულტაცია.

- რა იწვევს ნაწლავურ ინფექციებს?

- ნაწლავური ინფექციების გამომწვევი მიზეზები საკმაოდ მრავალფეროვანია. ის შეიძლება როგორც ვირუსული, ასევე ბაქტერიული გენეზის იყოს და ამავდროულად, ასოცირდებოდეს ტოქსინებთან. სახლის პირობებში დიფერენცირება, თუ რომელი გამომწვევით ვითარდება დაავადება, ძალიან რთულია. ამიტომ, მშობლებს მინდა ვუთხრა, განსაკუთრებით ბავშვების შემთხვევაში და ზოგადადაც, თუ სიმპტომები 72 საათზე მეტხანს ხანგრძლივდება, ან ბავშვი მივარდნილია, ვერ ხერხდება სითხისა და მინერალების ადეკვატური მიღება, ასეთ დროს ექიმს უნდა მივმართოთ.

ასევე, ერთ-ერთი ნიშანი, რითაც შეგვიძლია, ბაქტერიულ და ვირუსულ ენტერიტებს შორის განსხვავება ვიპოვოთ, არის შემდეგი: თუ მძიმე ბაქტერიული ენტერიტია, განსაკუთრებით, შიგელათი, ეშერიხიით, კამპილობაქტერიით გამოწვეული, დიარეის დროს ლორწოსა და სისხლს შეხვდებით. ეს ერთ-ერთი ნიშანია, რომ ასეთ დროს ექიმს აუცილებლად უნდა მივმართოთ. ასეთ დროს შესაძლოა, დამატებითი სპეციფიკური მკურნალობაც დაგვჭირდეს.

როგორც აღვნიშნე, ენტერიტების უმრავლესობა ვირუსული გენეზისაა, მაგრამ გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება, ბაქტერიებმაც გამოიწვიოს. ბაქტერიული ენტერიტები უფრო მძიმედ მიდის. გარდა ამისა, მიზეზი შეიძლება საკვებისმიერი ინტოქსიკაციაც იყოს, რაც არც თუ ისე იშვიათია. ცხელ სეზონზე გარკვეული პროდუქტები მალფუჭებადია და მათი არასწორად შენახვისა და გამოყენების შემდეგ შეიძლება, სერიოზული საკვებისმიერი ინტოქსიკაცია განვითარდეს. ამიტომ, შევეცადოთ პროდუქტების შენახვის წესები დავიცვათ. ან თუ ეს წესი დარღვეულია, არ გამოვიყენოთ.

ასევე, ჰიგიენური ნორმების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. ზღვისა და საკურორტო სეზონთან შემთხვევების მომატება იმიტომაცაა დაკავშირებული, რომ ჰიგიენური ნორმების დაცვა გვიჭირს, არ გვაქვს ხელების ხშირად დაბანის შესაძლებლობა, აქტიური კონტაქტი გვაქვს ერთმანეთთან. აქედან გამომდინარე, ხშირად შეიძლება, ისე გამოვიყენოთ ესა თუ ის პროდუქტი, რომ ხელები ვერ დავიბანოთ ან თავად პროდუქტის შენახვის პირობები იყოს დარღვეული.

- ზღვის წყალი რამდენად შეიძლება ნაწლავური ინფექციების გამომწვევი გახდეს?

- თუ ადამიანი ზღვის წყალს დიდი რაოდენობით ჩაყლაპავს, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, ინფექციის ერთ-ერთი გამომწვევი გახდეს. მაგრამ, საკურორტო ზონებში ზღვის წყალს ამოწმებენ და ამიტომ, ის, რომ ფართომასშტაბიანი ენტერიტების გამომწვევი კონკრეტულად ზღვის წყალი შეიძლება იყოს, ასე არ არის. უბრალოდ, ყველაფერი ერთად - მალფუჭებადი პროდუქტები, ჰიგიენური ნორმების სათანადოდ ვერდაცვა, მჭიდრო კონტაქტი ერთმანეთთან ერთიან სურათს გვაძლევს და ინფექციების განვითარების რისკს ზრდის.

- რამდენად ახასიათებს ნაწლავურ ინფექციებს ტემპერატურული რეაქცია?

- მძიმე მიმდინარეობის დროს, რა თქმა უნდა, შეიძლება, ტემპერატურული რეაქციაც იყოს. თუ სიმპტომები 72 საათის შემდეგ ალაგებას არ იწყებს და პაციენტს აღენიშნება მაღალი ტემპერატურა, დიარეა, მუცლის ტკივილი, ჯობს ექიმს მივმართოთ და მისგან რეკომენდაციები მივიღოთ.

- ახლა როგორია მომართვიანობა?

- ამ ეტაპზე მომართვიანობა მაღალია. აგვისტოს მეორე ნახევრიდან, სექტემბრის თვის განმავლობაში მომართვიანობა გაზრდილია და დიდი ალბათობით, თვის ბოლომდე გაგრძელდება.

- ასევე მინდა გკითხოთ, ბოლო პერიოდში მშობლები ყივანახველას გაზრდილ შემთხვევებზე საუბრობენ. თქვენი შეფასებით, როგორია სტატისტიკა?

- შემთხვევები წინა წელსაც იყო, მაგრამ წლევანდელი წელი გამოირჩევა იმ კუთხით, რომ ყივანახველას შემთხვევების გაზრდილი მაჩვენებელი გვაქვს. პრობლემაა როგორც ბავშვთა ასაკში, ასევე მოზრდილებში. ეს გარკვეულწილად დაკავშირებულია იმასთან, რომ იმუნიზაციის პროცესი შეფერხდა. როგორც იცით, ყივანახველა ვაქცინით მართვადი დაავადებაა და თუ ვაქცინაცია არასრულფასოვნად ან საერთოდ არ მიმდინარეობს, შემთხვევები იმატებს.

- რამდენად სერიოზული პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს ყივანახველამ?

- ყივანახველა საკმაოდ შემაწუხებელი დაავადებაა, ხანგრძლივი მიმდინარეობა ახასიათებს და შესაძლოა, ადამიანს ხველა თვეების განმავლობაში გაუგრძელდეს. ასევე, შეიძლება გარკვეული გართულებები და დაავადებების პროვოცირება გამოიწვიოს. ამიტომ, პრევენცია ძალიან მნიშვნელოვანია და ვაქცინა ჩვენს ქვეყანაში ხელმისაწვდომია.

- ზოგადად, მიმდინარე სეზონზე რა ტიპის ვირუსებია გააქტიურებული?

- რესპირაციული ინფექციები, მათ შორის, რინოვირუსი, კორონავირუსი, ენტეროვირუსი, ადენოვირუსი გვხვდება. არის პარაგრიპის შემთხვევებიც. ეს ის ინფექციებია, რომლებიც ზოგადად, ამ სეზონზე აქტიურია. გრიპის შემთხვევები ჯერ არ გვაქვს. ცივი პერიოდის დაწყებიდან პაციენტებში გრიპის გააქტიურებასაც ველოდებით.

თამარ იაკობაშვილი