ბავშვის სიცოცხლე სრულწლოვანებამდე მთლიანად მშობლებზეა დამოკიდებული. სწორედ ისინია არიან პასუხისმგებელნი მის უსაფრთხოებაზე, ფიზიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე და კოგნიტურ განვითარებაზე. ბავშვის კეთილდღეობა მომავალში დიდწილად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ იზრუნებენ მშობლები ბავშვზე.
როცა მშობლები მოქნილად და ადეკვატურად რეაგირებენ ბავშვის საჭიროებებზე და ზრდასთან ერთად საჭირო თავისუფლებასაც აძლევენ, სავარაუდოდ, ასეთი ურთიერთობები შვილების გაზრდის შემდეგაც თბილი და მჭიდრო იქნება. თუმცა ირგვლივ უამრავი მაგალითი გვაქვს, როცა ზრდასრული შვილები თანდათან შორდებიან მშობლებს და თვეობით, ზოგჯერ წლობით არ აქვთ მათთან კონტაქტი. ან ეს კონტაქტები მხოლოდ მოვალეობების მოხდით შემოიფარგლება.
რამდენიმე წლის წინ კემბრიჯის უნივერსიტეტის ლუსი ბლეიკის უნივერსიტეტში კვლევა ჩატარდა, რომელშიც 807 ადამიანი მონაწილებდა. მათგან 455-მა მშობლებთან ურთიერთობა გაწყვიტა, უმეტესად დედებთან. 77%-ში ამის მიზეზი ემოციური ძალადობა ან შვილის პარტნიორის/მეუღლის უარყოფა იყო. მიზეზებს შორის დასახელდა ბავშვობაში მშობლის მხრიდან მათი ემოციებისადმი გულგრილობაც. ასევე რესპონდენტთა უმრავლესობამ აირჩია პასუხი „მომავალში არასოდეს გვექნება ახლო ურთიერთობა“.
ფსიქოლოგებმა ის ძირითადი ფაქტორები გამოყვეს, რაც სამომავლოდ შვილების მიერ მშობლების უარყოფის, ან მათთან ზედაპირული კონტაქტის მიზეზი ხდება.
ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა პუნქტი შეიძლება პირადად თქვენგან არც მომდინარეობდეს. შეიძლება ეს მიზეზები თქვენმა მეუღლემ ან ოჯახის სხვა წევრებმა განაპირობონ. მაგრამ მაშინაც კი, თუ თავად არ სჩადიოდით ამ ქმედებებისკენ, მაგრამ თვალი დახუჭეთ მეუღლის ძალადობაზე, მომავალში შვილი ამ დანაშაულს თქვენც დაგაბრალებთ.
ასეთი გამოცდილების მქონე შვილების უმეტესობამ მშობლებთან ურთიერთობა დაასრულა. ბავშვობაში გადატანილი ძალადობა, რაც ზრდასრულ ასაკში ემოციურ ძალადობაში გადაიზარდა, ვერ აპატიეს.
ისეც ხდება, რომ ძალადობაგამოვლილ ზრდასრულ შვილებს ზოგჯერ მშობლებთან ურთიერთობაზე უარის თქმა უჭირთ და აგრძელებენ მათი სისასტიკის ატანას. იმედოვნებენ, რომ მშობელი ოდესმე კეთილი და გამგები გახდება. ყოვე შემთხვევაში, გაუცნობიერებლად მაინც აქვთ ამის იმედი. რეალურად კი ტრავმირებული ბავშვები აგრძელებენ ცხოვრებას ძალადობის ციკლში, რომელიც მათი ცხოვრების წესი ხდება.
სამაგიეროდ მათ, ვინც ასეთ მშობლებთან ურთიერთობა დაასრულეს, საბოლოოდ თავს ბევრად უკეთესად გრძნობენ. მათთვის მშობლებთან ურთიერთობის გაწყვეტა თერაპიული ეფექტის მქონე აღმოჩნდა.
ეს ძალიან გავრცელებული და ფართო ჯგუფია, რომელიც ქცევათა დიდ კომპლექსს გულისხმობს და პრაქტიკულად, ყველა მშობელს ერთხელ მაინც გამოუყენებია:
კრიტიკა და დამცირება
მშობლები დასცინიან, აკრიტიკებენ და მუდმივად ადარებენ ბავშვს სხვას არა მის სასარგებლოდ. ამას თან ახლავს ფრაზები: "არაფერში ვარგიხარ", "ნახე, შენი მეგობარი რა ბეჯითი და წარმატებულია“ და ა. შ.
იგნორირება
დასჯა დუმილით, გაბუტვა, თავის ისე დაჭერა, თითქოს ბავშვი არ არსებობს. ეს, ალბათ, ემოციური ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სახეობაა. და რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო რთულად აღიქვამს ამას.
მისი პრობლემების უარყოფა
მაგალითად, ბავშვი სკოლაში ბულინგის მსხვერპლია. დახმარებისთვის მიმართავს მშობლებს და ისინი პასუხობენ: „შენ თვითონ გაარკვიე“. ეს ბავშვის მიტოვებაა განსაცდელის წინაშე, რასაც არასდროს დაივიწყებს.
მისი გრძნობების გაუფასურება
ბავშვი მოდის ჩივილით, რომ თავს ცუდად გრძნობს, უბედური და დათრგუნულია. მშობლები კი პასუხობენ: „ნეტავ შენი პრობლემები მოგვცა“, „ძალით ნუ ქმნი სანერვიულოს“, „მეტი საქმე აკეთე და ასეთ სისულელეებზე აღარ იფიქრებ“.
იზოლაცია
ცუდი საქციელის გამო სასჯელად ოთახში გამოკეტვა, კუთხეში დაყენება, ბებიასთან გაგზავნა, როცა ფიქრობდნენ, რომ „მიხვდება თავის დანაშაულს და მეორედ აღარ იზამს“. . ამავდროულად, მათ ავიწყდებათ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი დიალოგია. საუბარი იმაზე, რა იყო ცუდი მის ქცევაში და, რაც მთავარია, როგორ შეიძლება დაეხმარო ამის გამოსწორებაში.
დაშინება და მუქარა
„იცი, ახლა რას გიზამ?“ - ამბობს დედა, რომელიც ემოციურად გადაღლილი ბავშვისგან დღის ბოლოს იდეალურ ქცევას ითხოვს.
როდესაც თითქმის ყველა ზემოაღნიშნული ქმედება ბავშვის მიმართ რეგულარულად გამოიყენება, ზრდასრულ ასაკში საქმე ან ფსიქიკურ აშლილობასთან, ან ძალიან მძიმე ტრავმასთან გვექნება. ამას წლობით ფსიქოთერაპია დასჭირდება, რის შემდეგაც ადამიანი, როგორ წესი, კონტაქტს წყვეტს ოჯახთან.
რა თქმა უნდა, არსებობს უამრავი კონკრეტული და ძალიან რთული მაგალითი იმისა, თუ რატომ ფუჭდება მშობელ დედ-მამასთან ურთიერთობები, მაგრამ მათი უმეტესობა სწორედ ზემოთ აღწერილი ფაქტორების შედეგია.