შვეიცარიაში უკვე 6 თვეა, კრისტინა იოკსიმოვიჩის ტრაგიკულად გარდაცვალების დეტალებს იძიებენ. "მის შვეიცარიის" ფინალისტი, ორი შვილის დედა 2024 წლის თებერვალში გარდაცვლილი იპოვეს. თუმცა, მკვლელობის დეტალები ახლახან გახდა ცნობილი.
ეს საშინელი ამბავი ზამთარში დაიწყო. ქალაქ ბაზელის მახლობლად, ბინინგენში, ერთ-ერთ სახლთან, ადამიანის სხეულის ნაშთები იპოვეს. გენეტიკურმა ტესტმა აჩვენა, რომ სხეულის ნაშთები კრისტინა იოკსიმოვიჩს ეკუთვნოდა. გოგონა იქამდე უკვალოდ იყო გამქრალი და ოჯახის წევრები ეძებდნენ. განსაკუთრებით აქტიური კი ძებნაში კრისტინას მეუღლე იყო, რომელიც დარდსა და წუხილს საჯაროდ გამოხატავდა და ამბობდა, რომ საშინელ ტრაგედიას ვერ გადაიტანდა. სამართალდამცავებთან ერთად დამნაშავეებს ეძებდა, თუმცა ზაფხულში გაირკვა, რომ პოლიციას დამნაშავე მისი სახით სულ ახლოს ჰყავდა...
ოჯახის მეგობრები ვერ იჯერებდნენ, რომ კრისტინა საკუთარმა მეუღლემ გაიმეტა. მით უმეტეს, მათ ერთ-ერთ ყველაზე თბილ და მოსიყვარულე წყვილად იცნობდნენ.
კრისტინა ძალიან ლამაზი გოგონა იყო და სილამაზის კონკურსები არაერთხელ მოიგო. 2007 წელს "მის შვეიცარიის" ფინალისტი გახდა. ამის შემდეგ საკუთარი სამოდელო სააგენტო გახსნა და 2013 წელს "მის სამყაროს" კონკურსზე დომინიკ რინდერკნეხტს მენტორობდა.
მეუღლე, თომასი, ბიზნესმენია და როგორც ახლობლები ამბობენ, ცოლი და ქალიშვილები განსაკუთრებით უყვარდა. წყვილი ბაზელის მახლობლად, დიდ სახლში ცხოვრობდა. ორივე დაკავებული იყო, თუმცა შაბათ-კვირას ყოველთვის ერთად ატარებდნენ. ტრაგედიამდე რამდენიმე კვირით ადრე ლუცერნის ტბაზე წავიდნენ. პიკნიკიდან სოციალურ ქსელებში ფოტოებიც გამოაქვეყნეს და როგორც სურათებიდან ჩანდა, დროს შესანიშნავად ატარებდნენ... თუმცა, ყველაფერი ისე არ არის ხოლმე, როგორც გარედან ჩანს.
ახლა ირკვევა, რომ ცოლ-ქმარი ხშირად ჩხუბობდა და იდეალური წყვილის მიღმა საკმაოდ რთული ურთიერთობის მქონე ადამიანები იმალებოდნენ. როდესაც ტრაგედიის დეტალების შესახებ გახდა ცნობილი, გარდაცვლილი მოდელის მეგობრები ალაპარაკდნენ, რომ წყვილს ურთიერთობაში პრობლემები აქამდეც ჰქონდა და ერთხელ მამაკაცმა მასზე ფიზიკურადაც იძალადა.
იმ ავბედით საღამოს კი, მორიგი ჩხუბის შემდეგ, მამაკაცმა ცოლი მოკლა... ზამთრის შემდეგ სასტიკის მკვლელობის დეტალებს პოლიცია აქტიურად იძიებდა, მაგრამ კვალზე მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ გავიდნენ.
როდესაც გარდაცვლილი ქალის მეუღლე დააკავეს, მან სასამართლოზე არაერთი ვერსია თქვა. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ქალი მას დანით თავს დაესხა, ის კი თავდაცვას ცდილობდა და სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა...
თუმცა, ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ კრისტინა დაახრჩვეს. თომასმა კი, კვალის დაფარვის მიზნით, ქალის სხეული დაანაწევრა, ქიმიური ხსნარით დაამუშავა და გადაყარა იმ იმედით, რომ მას ვერავინ ვერასდროს იპოვიდა...
მამაკაცი დააპატიმრეს. ახლა მსჯელობენ, რომ შესაძლოა, კაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდეს. ის დანაშაულის დამალვას ყველანაირი ფორმით ცდილობდა...
კრისტინას 2 ქალიშვილი დარჩა, მისი მეუღლე კი განაჩენის მოლოდინშია.