"დედებს ჰგონიათ, მათი "ბრალია", რომ ბავშვი ხელში დაძინებას მიეჩვია" - როდის არის პრობლემა ბავშვის ხელში რწევით დაძინება და რა სარგებელი მოაქვს ჩვილისთვის - მშობლები

"დედებს ჰგონიათ, მათი "ბრალია", რომ ბავშვი ხელში დაძინებას მიეჩვია" - როდის არის პრობლემა ბავშვის ხელში რწევით დაძინება და რა სარგებელი მოაქვს ჩვილისთვის

2024-09-17 09:18:24+04:00

არაფერის უცნაური იმაში, რომ ბავშვს დედა ხელში რწევით აძინებს. დაძინების ეს რიტუალი სიცოცხლის პირველ თვეებში პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ როცა ბავშვი იზრდება და მძიმდება, დედას უკვე მისი ხელში ჭერა უჭირს. არადა, 9 თვის ბუთქუნა უკვე მიჩვეულია, რომ დედამ ხელში ანანაოს... როგორც წესი, ახლობლები ასეთ დედებს ურჩევენ, რაც შეიძლება მალე გადააჩვიოს ბავშვი ამ "უზნეობას", თუნდაც ტირილის და ჭირვეულობის ფასად.

რას გვირჩევენ ამ საკითხთან დაკავშირებით ფსიქოლოგები?

  1. დედის ხელში რწევა საშვილოსნოში ყოფნის გაგრძელებაა. ასე რომ, ამით ბავშვისთვის არაბუნებრივს არაფერს აკეთებთ.
  2. ბავშვებისთვის, რომლებიც ასფიქსიით, საკეისრო კვეთით, ჰიპოტონუსით დაიბადნენ, საჭიროც კია, რომ დედამ ხელში რწევით დააძინოს.
  3. თუ ბავშვი ჯანმრთელია, მაშინ ხელში დაძინება დიდი პრობლემა არ არის. ჯანმრთელ ბავშვს სულ რამდენიმე გარწევა ეყოფა და მაშინვე დაიძინებს, შესაბამისად, დედაც არ გაწვალდება. სულ სხვა საქმეა, როცა ბავშვს დაძინება უჭირს. ეს უკვე პრობლემაა, რომელიც ექიმთან კონსულტაციით უნდა მოგვარდეს. ამ დროს პატარა ვერც ხელში იძინებს დროულად და ვერც საწოლში. ამიტომ სჭირდება დიდი ხნით რწევა. დედაც იღლება და ჰგონია, მისი ბრალია, რომ "ხელში დაძინებას მიაჩვია". სინამდვილეში ბავშვს ძილის პრობლემა აქვს, რასაც დროული მოგვარება სჭირდება.

ზოგადად, ხელში დაძინებას თავისი დადებითი მხარეები აქვს. პირველ რიგში ესაა ემოციური კავშირი: ხელში დაძინება აძლიერებს ემოციურ კავშირს მშობელსა და ბავშვს შორის. ასევე უსაფრთხოების გრძნობა: ბავშვს უვითარდება უსაფრთხოებისა და დაცულობის შეგრძნება. ფიზიკური კონტაქტი ამცირებს სტრესს როგორც ბავშვისთვის, ისე მშობლისთვის. ამ დროს სხეულში ოქსიტოცინის გამოყოფა ხდება, რაც ხელს უწყობს მიჯაჭვულობის განვითარებას.

თუმცა, გასათვალისწინებელია:

  • მომავალში ბავშვს შეიძლება გაუჭირდეს დამოუკიდებლად დაძინება .
  • მშობლებისთვის შეიძლება მართლაც დამღლელი იყოს.
  • უსაფრთხოების რისკები: არსებობს ბავშვის დავარდნის ან არასწორი პოზიციით დაძინების რისკი.

ეს რისკები რომ თავიდან აიცილოთ, ხელში დაძინების დროის თანდათანობით შემცირება დაიწყეთ. თუმცა 10 -12 თვიდან. მანამდე ბავშვს დედასთან კონტაქტი უფრო მეტად სჭირდება. შეიძლება ეს პროცესი ერტი წლის შემდეგაც დაიწყოთ - ამ დროს ბავშვი უფრო მზადაა დამოუკიდებლობისთვის.

ამასტანავე კი გახსოვდეთ, რომ ყველა ბავშვი უნიკალურია. ზოგს უფრო ადრე შეუძლია ადაპტაცია, ზოგს - მოგვიანებით. ცვლილებები უნდა შეიტანოთ თანდათანობით და ფრთხილად. თუ ბავშვი ავად არის ან სტრესულ პერიოდში იმყოფება, შეიძლება საჭირო გახდეს პროცესის გადადება.