იმპოტენცია, უშვილობა, ნაყოფის განვითარების შეფერხება, ნერვული სისტემის დაზიანება, ჰალუცინაციები... - რისი გამოწვევა შეუძლია მარიხუანას - მშობლები

იმპოტენცია, უშვილობა, ნაყოფის განვითარების შეფერხება, ნერვული სისტემის დაზიანება, ჰალუცინაციები... - რისი გამოწვევა შეუძლია მარიხუანას

2024-09-18 11:39:03+04:00

დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი, ზაზა თელია გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც შესაძლოა, მარიხუანას სისტემატურმა გამოყენებამ გამოიწვიოს:

- მარიხუანაში შემავალ ნივთიერებებს ტვინის ყველა ადგილსა და ცენტრზე აქვს გავლენა. ესენია მოძრაობის ცენტრი, შეფასების ცენტრი, სიამოვნების ცენტრი, მეხსიერების ცენტრი, კოორდინაციის ცენტრი, აღქმის ცენტრი. ყველაზე ნაკლები გავლენა მხედველობაზე აქვს. თუმცა, როგორც აღვნიშნე, სისტემატური მოხმარება ყველაფერზე ახდენს გავლენას. არსებობს გავლენის მოკლევადიანი და გრძელვადიანი ეფექტი:

მარიხუანაში შემავალი ქიმიური ნაერთის, THC-ის მოკლევადიანი მენტალური ეფექტები ნერვულ სისტემაზე შემდეგია:

  • გონების დაბინდვა, ძილიანობა, შფოთვა
  • კონცენტრაციის დარღვევა, მახსოვრობისა და რეაქციის ცენტრის დათრგუნვა
  • იზრდება უბედური შემთხვევების რისკი, რომელსაც ტრავმებამდე და სიკვდილამდეც კი მივყავართ. აქ იგულისხმება, მაგალითად, მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვა.
  • ფსიქოზური ეპიზოდები, პარანოია, ჰალუცინაციები, წარმოსახვითი შეგრძნებები
  • სისხლძარღვების დაზიანება, გამოწვეული კვამლით
  • არტერიული წნევის შემცირება, რომელმაც შესაძლოა, გონების დაკარგვა გამოიწვიოს და ადამიანმა ტრავმა მიიღოს.
  • გულისცემის მომატება, რომელიც ინფარქტის რისკს ზრდის

მარიხუანას გამოყენებას გრძელვადიანი პრობლემების შექმნაც შეუძლია არა მარტო იმ ადამიანისათვის, რომელიც მოიხმარს, არამედ მის გვერდით მყოფებისთვისაც:

ნერვული სისტემის დაზიანება, როგორიცაა, დეპრესია, ჰალუცინაციები, პარანოია და ასე შემდეგ არა მხოლოდ მასზე, ვინც მოიხმარს, არამედ მათ გვერდზე მყოფ ადამიანებსაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ფსიქოზით დაავადებული ადამიანები სხვა ადამიანებისთვის გარკვეული ტიპის საფრთხეს წარმოადგენს.

გრძელვადიანი ეფექტით, მარიხუანას სისტემატურმა მოხმარებამ შესაძლოა, მენტალური პრობლემები და დამოკიდებულება გამოიწვიოს. ასევე, მახსოვრობის, კონცენტრაციის დარღვევა, ფიქრისა და გადაწყვეტილების მიღების შეფერხება, სასუნთქი სისტემის პრობლემები, დეპრესია, ფსიქოზი, სუიციდური აზრები განაპირობოს.

უნაყოფობა, უშვილობა, ბავშვის განვითარების შეფერხება - მარიხუანას სისტემატური მოხმარება რეპროდუქციულ სისტემაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ბავშვის განვითარების შეფერხება შესაძლოა, მუცლადყოფნის პერიოდშიც მოხდეს, თუ ორსული ქალბატონო მარიხუანას გამოიყენებს და ასევე, ლაქტაციის პერიოდშიც. შესაძლოა, ბავშვმა მავნე ნივთიერება რძის გავლით მიიღოს.

იმპოტენცია და ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - მაღალი ხარისხის სამეცნიერო მტკიცებულებებმა დაადასტურეს, რომ მარიხუანას მოხმარებით იმპოტენცია, ერექციული დისფუნქციები საკმაოდ ხშირია.

იხილეთ გადაცემა სრულად: