აქვს თუ არა მშობელს უფლება, მოითხოვოს მასწავლებლის, კლასის დამრიგებლის შეცვლა ან ბავშვის სხვა კლასში გადაყვანა და როგორ უნდა მოიქცეს - მშობლები

აქვს თუ არა მშობელს უფლება, მოითხოვოს მასწავლებლის, კლასის დამრიგებლის შეცვლა ან ბავშვის სხვა კლასში გადაყვანა და როგორ უნდა მოიქცეს

2024-09-19 12:25:16+04:00

სკოლებში 2024-2025 სასწავლო წელი ოფიციალურად 16 სექტემბერს დაიწყო. სასწავლო პროცესს თან არაერთი გამოწვევა ახლავს და ზოგჯერ მშობლები, მოსწავლეები და სკოლის ადმინისტრაცია სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით ერთმანეთს არ ეთანხმებიან ან გარკვეული ტიპის ცვლილებები სურთ.

მაგალითად, მშობლებს აინტერესებთ, რა შეუძლიათ გააკეთონ, როცა არ მოსწონთ დამრიგებლის მიდგომები, ან ბავშვი ვერ ეგუება კლასს, შეუძლიათ თუ არა საფუძვლიანი მიზეზით პედაგოგის ან კლასის შეცვლის მოთხოვნა. ამ საკითხთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დავუკავშირდით, სადაც განაცხადეს:

"სკოლის დირექტორს არგუმენტირებულად, დასაბუთებულად, წერილობით უნდა მიმართოთ, თუ რის საფუძველზე გსურთ კლასის დამრიგებლის ან სხვა პედაგოგის შეცვლა. არგუმენტები, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურია, რომელთა გაცნობის შემდეგაც, გადაწყვეტილებას დირექტორი იღებს. ასევე, პროცედურების შესახებ ინფორმაციას მშობელს დირექტორი გააცნობს. ბავშვის პარალელურ კლასში გადაყვანის სურვილის შემთხვევაშიც, განცხადებით დირექტორს უნდა მიმართოთ, თუ, რა თქმა უნდა, პარალელურ კლასში ადგილი იქნება. არგუმენტის ჩამოყალიბებისას, უნდა დაასაბუთოთ, რატომ გსურთ, კონკრეტული მასწავლებლის ან კლასის შეცვლა. თუ თვლით, რომ დირექცია თქვენს არგუმენტებს არ ითვალისწინებს ან უგულებელყოფს, შეგიძლიათ, განცხადებით მიმართოთ როგორც რესურსცენტრს, ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს." - გვითხრეს სამინისტროში.

კანონში "ზოგადი განათლების შესახებ" დეტალურადაა განხილული, რა ფუნქციები და მოვალეობები აქვს დირექტორს. სხვა არაერთ საკითხთან ერთად, კანონში აღნიშნულია, რომ დირექტორი უფლებამოსიალია, ვადამდე შეუწყვიტოს მასწავლებელს შრომითი ხელშეკრულება ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურების შემთხვევაში.

ამავე კანონის მიხედვით, დაუშვებელია სკოლაში ძალადობა მოსწავლის ან ნებისმიერი სხვა პირის მიმართ. ფიზიკური ან/და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევაში სკოლა ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

გარდა ამისა, საკანონმდებლო მაცნეს გვერდზე არსებობს ბრძანება მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესის დამტკიცების შესახებ, სადაც წერია, რომ მასწავლებლის მხრიდან დისციპლინურ გადაცდომაში იგულისხმება:

  • ძალადობა, "მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის" დარღვევა;
  • სკოლის შინაგანაწესის ან/და სკოლის წესდების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;
  • სკოლის ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან სხვა ტოქსიკური საშუალებების მიღება, ასევე სკოლის ტერიტორიაზე თამბაქოს მოხმარება;
  • სამსახურში გამოცხადება არაფხიზელ მდგომარეობაში, ასევე ნარკოტიკული ან ტოქსიკური საშუალებების ზემოქმედების ქვეშ;
  • სკოლის ტერიტორიაზე/სასკოლო დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა.

რა ტიპის სასჯელი შეიძლება დაეკისროს მასწავლებეს, თუ ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს დაარღვევს, ვრცლად შეგიძლიათ, ნახოთ ბრძანებაში.

რაც შეეხება დამრიგებლის მოვალეობებსა და ვალდებულებებს, საკითხი ეროვნულ სასწავლო გეგმაში ვრცლადაა განმარტებული.

სკოლაში ყველა კლასს უნდა ჰყავდეს დამრიგებელი. საჯარო სკოლაში დამრიგებელი იმავე სკოლის მასწავლებელი უნდა იყოს. მცირეკონტინგენტიან სკოლაში რეკომენდებულია, რომ ერთ დამრიგებელს ჰყავდეს არანაკლებ 10 მოსწავლისა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სკოლაში მოსწავლეთა საერთო რაოდენობა 10 მოსწავლეზე ნაკლებია. დაუშვებელია ერთი კლასის/კლას-კომპლექტის მოსწავლეებს ჰყავდეთ სხვადასხვა დამრიგებელი.

დამრიგებლის მოვალეობებია:

  • გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს (შემდგომში მშობელი) მათი უფლებები და მოვალეობები (სკოლის შინაგანაწესი, მოსწავლის ეთიკის კოდექსი, სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისი საკითხები და სხვ.);
  • დაწყებით საფეხურზე ჩაატაროს სადამრიგებლო საათი არანაკლებ ორ კვირაში ერთხელ, საბაზო-საშუალო საფეხურებზე - არანაკლებ თვეში ერთხელ. სადამრიგებლო საათის ფარგლებში დამრიგებელმა მოსწავლის ასაკის შესაბამისად უნდა იმუშაოს სხვადასხვა უნარის განვითარებაზე (მაგ.: კითხვის უნარის განვითარება (დაწყებით საფეხურზე), გარემოსდაცვითი კულტურის განვითარება და სხვ.) სხვადასხვა აქტივობის მეშვეობით.
  • დაეხმაროს მოსწავლეს აკადემიური თუ სასკოლო გარემოში წამოჭრილი სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაში;
  • იყოს შუამავალი მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში;
  • რეგულარულად (მინიმუმ თვეში ერთხელ) მიაწოდოს მშობელს ინფორმაცია მოსწავლის აკადემიური მიღწევის, დისციპლინის, პიროვნული პრობლემებისა თუ წარმატებების შესახებ. დაუშვებელია ერთი მოსწავლის დისციპლინისა და აკადემიური მიღწევის შესახებ სხვა მოსწავლის/მშობლის თანდასწრებით საუბარი;
  • საჭიროების შემთხვევაში, შეხვდეს დაინტერესებულ მშობელს და მიაწოდოს მას მოსწავლესთან და სკოლაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაცია;
  • სასწავლო წლის ბოლოს გააანალიზოს სადამრიგებლო კლასის თითოეული მოსწავლის მიღწევები, გაკვეთილებზე დასწრება და ქცევა მასწავლებლებისგან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მოამზადოს თითოეული მოსწავლის მოკლე დახასიათება ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ და მიაწოდოს მშობელს და შეინახოს თავადაც, მოსწავლის განვითარებაზე შემდგომი დაკვირვების მიზნით;
  • მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში, დამრიგებელმა უნდა მოამზადოს ინფორმაცია მისი აკადემიური მიღწევისა და გაკვეთილებზე დასწრების შესახებ და მოათავსოს მოსწავლის პირად საქმეში.

თუ მშობელი თვლის, რომ დამრიგებელი ზემოთ ჩამოთვლილ ან სხვა წესებს არღვევს ან არასათანადოდ ასრულებს, შეუძლია, განცხადებით სკოლის დირექციას მიმართოს .

თამარ იაკობაშვილი

აქვს თუ არა უფლება დირექტორს, ცუდი ნიშნების გამო ბავშვს სკოლა დაატოვებინოს და რა ძალა აქვს სკოლის მიერ დანიშნულ გამოცდებს - განმარტავს სკოლის დირექტორი