კოქსართროზი მენჯ-ბარძაყის სახსრის ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად პროგრესირებს და სწორი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის გარეშე შეიძლება გადაადგილების სრული შეზღუდვა გამოიწვიოს.
დაავადების მთავარი სიმპტომები არის: ტკივილი მენჯ-ბარძაყის არეში, მოძრაობის შეზღუდვა სახსარში და მწვავე დისკომფორტი გადაადგილებისას, რის გამოც ადამიანის ცხოვრების ხარისხი საგრძნობლად ქვეითდება.
არსებობს კოქსართროზის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, რომელიც ადამიანს დაავადების ეფექტურად მართვაში ეხმარება. აღნიშნულ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დროულ დიაგნოსტიკას, რათა სერიოზული გართულებები ავიცილოთ თავიდან.
უფრო დეტალურად, რა არის კოქსართროზი, ვინ არის დაავადების რისკ-ჯგუფში და როგორ ვუმკურნალოთ მას, ამის შესახებ „ნიუ ჰოსპიტალსის“ ორთოპედ - ტრავმატოლოგი გიორგი ჯგუშია საუბრობს:
- რა არის კოქსართროზი და ვინ არის დაავადების რისკ-ჯგუფში?
- კოქსართროზი ქრონიკული, პროგრესირებადი დაავადებაა, რომელიც მოიცავს სასახსრე ხრტილის, ძვლის სუბქონდრალური შრის, სინოვიალური მემბრანის, პერეარტიკულარული მყესებისა და ქსოვილების დაზიანებებს. დაავადება შეიძლება იყოს პირველადი იდიოპათიური და მეორადი. როგორც წესი, პირველადი მოიცავს დაზიანების დაახლოებით 25%-ს, ხოლო მეორადი - დაახლოებით 75%-ს.
რაც შეეხება რისკ-ჯგუფს, დაავადების განვითარება შეიძლება დაკავშირებული იყოს, ასაკთან, გენეტიკურ ფაქტორებთან, წარსულში გადატანილ სახსარშიდა დაავადებებთან და მოტეხილობებთან, პერთესის დაავადებასთან და დისპლაზიებთან, დისპლაზიები მეორადი კოქსართროზის 30%-ს განაპირობებს. ასაკის მატებასთან ერთად იცვლება სახსრის ბიომექანიკა, დატვირთვა, ასევე ხდება ქონდროციტებისა და ხრტილოვანი ქსოვილის დეგენერაცია, ხრტილოვანი ქსოვილის აშრევება, სკლეროზი, ოსტეოფიტების განვითარება. სამწუხაროდ რაც უფრო დიდი მასის არის პაციენტი, ხრტილოვანი მატრიქსის დეგენერაცია უფრო სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.
- საინტერესოა, რა არის დაავადების ადრეული სიმპტომები?
- სამწუხაროდ, ჩვენი ძირითადი პრობლემა არის ის, რომ მომართვიანობა უკვე ბოლო სტადიისას ხდება ხოლმე, როდესაც სახსარი ჩაკეტილია და მოძრაობა თითქმის სრულად არის შეზღუდული. ამ შემთხვევაში, პაციენტი საჭიროებს ოპერაციულ ჩარევას მენჯ-ბარძაყის სახსრის ტოტალურ ენდოპროთეზირებას. დაავადების ადრეულ ეტაპზე დამახასიათებელია ტიპური, სპეციფიკური ტკივილი საზარდულისა და დუნდულა კუნთების მიდამოში, ირადიაციით მტკივნეული ქვედა კიდურისკენ.
- კოქსართროზის რამდენი სტადია არსებობს და დიაგნოსტიკისა და მკურნალობის რა მეთოდები გამოიყენება „ნიუ ჰოსპიტალსში?“
- კელგრენ - ლოურენსის კლასიფიკაციის მიხედვით (კლასიფიკაცია რენტგენოლოგიური კრიტერიუმების მიხედვით) კოქსართროზის 4 სტადია არსებობს. პირველი და მეორე სტადიის დროს ტკივილი იმდენად უმნიშვნელოა, რომ პაციენტი ყურადღებას არ აქცევს, რის გამოც შეიძლება დაავადება გართულდეს და მოძრაობის სერიოზულ შეზღუდვამდე მივიდეთ. საწყის პერიოდში დისკომფორტი ძირითადად გამოხატულია მენჯ-ბარძაყის არეში, პაციენტი უჩივის ტკივილს საზარდულისა და დუნდულა კუნთების მიდამოში, ირადიაციით ბარძაყში, მუხლის მიმართულებით, ძნელდება და მტკივნეულია წინდისა და ფეხსაცმლის ჩაცმაც კი, სხვადასხვა სახის მოძრაობა იწვევს ძლიერ დისკომფორტს და ცხოვრების ხარისხი საგრძნობლად ქვეითდება.
„ნიუ ჰოსტპიტალსში“ ხელმისაწვდომია თანამედროვე მედიცინაში არსებული ყველა დიაგნოსტიკური და სამკურნალო საშუალება, რაც სასურველი შედეგის სწრაფად მიღებაში გვეხმარება მკურნალობის მეთოდი თითოეული სტადიის შემთხვევაში განსხვავებულია.
- როგორ იმართება კოქსართროზის პირველი და მეორე სტადია?
- აღნიშნულ სტადიებზე პაციენტების მომართვიანობა ფაქტობრივად ნულის ტოლია, მაშინ როცა ამ დროს დასმული დიაგნოზი და მკურნალობა პაციენტს სერიოზული გართულების თავიდან აცილებაში ეხმარება.
პირველ და მეორე სტადიაზე სახსრის ბიომექანიკა მნიშვნელოვნად არ არის დაზიანებული, ამიტომ კონსერვატულ თერაპიას მივმართავთ ხოლმე. მთავარი პრინციპია, დავტვირთოთ სახსარი, ვიმოძრაოთ, თუმცა მექანიკური ღერძული დატვირთვა სახსარში იყოს ნაკლები, რისთვისაც საჭიროა სამკურნალო ფიზკულტურა, ცურვა, ველოტრენაჟორი და მანუალური თერაპია. ამის პარალელურად ვნიშნავთ მედიკამენტოზურ მკურნალობასაც. რიგ შემთხვევებში, საწყის ეტაპზე საჭირო ხდება ოპერაციული მეთოდით მკურნალობა სახსრის სენარჩუნებით. ამ დროს ვიყენებთ როგორც ართროსკოპიულ ასევე ღია წესით ოპერაციულ ტექნიკას. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ სამწუხაროდ, კოქსართროზი პროგრესირებადი დაავადებაა და მისი სწორად მართვა ძალიან მნიშვნელოვანია.
- შედარებით რთული - მესამე და მეოთხე სტადიების შემთხვევაში კონკრეტულად, რა სახის ქირურგიული ჩარევა ხდება საჭირო?
- კოქსართროზის ოპერაციული მკურნალობა მოიცავს სახსრის ტოტალურ ჩანაცვლებას ენდოპროთეზით. იცვლება სახსრის პროქსიმალური და დისტრალური ნაწილები, სპეციფიკური ოსტეოპროფილებით მუშავდება ბარძაყის და ტაბეხის ფოსოს კომპონენტები. ოპერაციის ხანგრძლივობა დაახლოებით 40-60 წუთია, გააჩნია სახსრის დაზიანების ხარისხს და შესაბამისად ოპერაციის მაშტაბს.
ოპერაციის შემდგომ პაციენტი უკვე ანესთეზიოლოგისა და რეანიმატოლოგის მეთვალყურეობის ქვეშაა.
გასათვალისწინებელია, რომ მკურნალობის პროცესი ოპერაციით არ სრულდება. პაციენტი კლინიკიდან ეწერება რეკომენდაციებით. კერძოდ, თრომბოემბოლიის პრევენციისთვის დაახლოებით 30-35 დღის განმავლობაში უნდა ჩაიტაროს მედიკამენტოზური თერაპია, ასევე ვნიშნავთ ტკივილგამაყუჩებლებს, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს. აუცილებელია პოსტოპერაციული რეაბილიტაცია რეაბილიტოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ.
თუ ექიმის ყველა რეკომენდაცია არ შესრულდა, სასურველი შედეგის მიღწევა ძალიან რთული, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნება.
- დაბოლოს, რა ზოგად რეკომენდაციებს მისცემდით მათ, ვისაც კოქსართროზთან დაკავშირებით აქვს ეჭვი?
- თუკი საზარდულისა და დუნდულა კუნთის მიდამოში ამჩნევთ ტკივილს, გიძნელდებათ ფეხსაცმლის ჩაცმა, გადაადგილება, ზოგადად დახრა, რაც ადრე პრობლემას არ წარმოადგენდა, აუცილებლად მიმართეთ ორთოპედ-ტრავმატოლოგს, რათა დროულად მიაკვლიოთ პრობლემის საწყისს, იმკურნალოთ და დაუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
R