ქალი, რომელიც ერთ დროს წითელ ხალიჩებს ამშვენებდა და არაერთი პრესტიჟული ჯილდო აქვს მიღებული 50-წლიან კარიერაში, "ოსკარის" და "ოქროს გლობუსის" ჩათვლით, ცოტა ხნის წინ პაპარაცებმა აღბეჭდეს ფირზე, თუმცა მათაც გაუჭირდათ მისი ცნობა. 77 წლის სალი ფილდი არასდროს ყოფილა მაკიაჟის მოყვარული და ცალსახად ეწინააღმდეგებოდა ყოველთვის პლასტიკურ ქირურგიას, თუმცა მაინც გაიოცა საზოგადოებამ მისი ხილვა.
სალი ფილდი ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული მსახიობია ჰოლივუდში. მან კარიერა თინეიჯერულ ასაკში დაიწყო პატარა სიტკომებში თამაშით და თითქმის 50 წელი იყო ეკრანებზე. 1946 წელს დაიბადა ცნობილი მსახიობის მარგარეტ ფილდის და არმიის ოფიცერი რიჩარდ ფილდის ოჯახში.
ცოლ-ქმარი მალე განქორწინდა და მსახიობსა და კასკადიორ ჯოკ მაჰონის გაჰყვა ცოლად. კინოსამყარო სალის ცხოვრებაში ადრეული წლებიდან იყო, ამიტომ არავის გაკვირვებია, როცა სკოლის დამთავრების შემდეგ ლი სტრასბერგის სამსახიობო სტუდიაში განაგრძო სწავლა, მით უმეტეს, რომ ზურგსუკან უკვე ჰქონდა რამდენიმე მთავარი როლი.
კინოში სახელი მოიხვეჭა ძირითადად, როგორც კომედიურმა მსახიობმა. ბევრისთვის არის ცნობილი მისი როლი ფილმში "მისის დაუთფაიერი". კინოკრიტიკოსების აღიარება კი პირველად 1976 წელს დაიმსახურა ფსიქოლოგიურ დრამა "სიბილში" შესრულებული როლისთვის - მას "ემი" გადასცეს. 1979 წელს კი "ნორმა რეიში" შესრულებულმა როლმა მოუტანა "ოსკარი" და "ოქროს გლობუსი", ასევე, კანის კინოფესტივალის ჯილდო.
მეორე "ოსკარი" და "ოქროს გლობუსი" კი მოუტანა ფილმმა "ადგილი გულში", რომელიც 1984 წელს გამოვიდა ეკრანებზე.
1990-იანი წლების მეორე ნახევარში მსახიობობის პარალელურად რეჟისურითა და პროდიუსერობითაც დაკავდა. თამაშობდა სერიალებში და სრულმეტრაჟიან ფილმებში.
მცირეხნიანი შესვენების შემდეგ ეკრანს 2012 წელს დაუბრუნდა ფილმით "ლინკოლნი", რომელში შესრულებული როლისთვის კიდევ ერთხელ იყო წარდგენილი "ოსკარზე".
რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ფილდი 1968 წელს გაჰყვა ცოლად მსახიობ სტივენ კრეიგს, რომელთანაც ორი ვაჟი ეყოლა - მწერალი პიტერ კრეიგი და მსახიობი ელ კრეიგი. წყვილი 1975 წელს განქორწინდა.
შემდეგ სალის ჰქონდა რომანი ბერტ რეინოლდსთან და მათი წყვილი ეკრანზეც ძალიან პოპულარული იყო, რამდენიმე ფილმში ითამაშეს ერთად.
1984 წელს ცოლად გაჰყვა პროდიუსერ ალან გრისმანს, რომელთანაც ვაჟი სემიუელი შეეძინა. 1988 წელს ოჯახთან ერთად მოჰყვა ავიაკატასტროფაში, რომელსაც სასწაულებრივად გადაურჩა ყველა მგზავრი. 1993 წელს დაშორდა სალი ალანს და მას მერე ათწლეულებია მარტოა და ამბობს, რომ მოსწონს მარტო ყოფნა.
სალი განთქმულია თავისი პოლიტიკური შეხედულებებით და ხმამაღალი განცხადებებით. გამოდის ომის წინააღმდეგ და ხმალამოღებული ებრძვის პლასტიკურ ქირურგიას, ფილოსოფიურად უდგება დაბერების საკითხს და არც ჭაღარას იღებავს. "ემის" გადაცემის ცერემონიაზე 2007 წელს გამოაცხადა: "მსოფლიოს რომ დედები მართავდნენ, არ იქნებოდა ეს საზარელი ომები... ეს ჯილდო ეკუთვნის ყველა დედას მსოფლიოში".