სამართლის ასოცირებული პროფესორი, თამარ კერძაია გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" განმარტავს, რომ 31 დეკემბრამდე ემიგრანტებს, რომლებსაც უცხო ქვეყნის მოქალაქეობა აქვთ მიღებული, ეძლევათ შანსი, საქართველოს მოქალაქეობა შეინარჩუნონ:
- არსებობს ქვეყნები, სადაც ორმაგი მოქალაქეობაა დაშვებული და არსებობს ისეთი ქვეყნები, სადაც ეს აკრძალულია. საქართველო იმ ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება, სადაც ორმაგი მოქალაქეობა დაშვებული არ არის, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა. გამონაკლისი შემთხვევა გახლავთ, როცა საქართველოს პრეზიდენტი, ანიჭებს საქართველოს მოქალაქეობას უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც განსაკუთრებული დამსახურება აქვს ჩვენი ქვეყნის წინაშე ან სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს ამ ადამიანისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებას. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღებას, ეს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველს წარმოადგენს. არაერთი ემიგრანტი, რომლებიც საზღვარგარეთ საცხოვრებლადაა წასული, თუკი ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქეობას იღებენ ან მათი შვილები იღებენ უცხო ქვეყნის მოქალაქეობას, საქართველოს მოქალაქეობას კარგავენ, გარდა იმ შემთხვევებისა, თუკი უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღებამდე მათ მიმართეს საქართველოს სამოქალაქო სამოქალაქო აქტების სააგენტოს მიმართეს და მოითხოვეს მოქალაქეობის შენარჩუნება. თუ ეს არ აქვთ გაკეთებული და სამწუხაროდ, ძალიან ბევრ ქართველ ემიგრანტს, რომელსაც უცხო ქვეყნის მოქალაქეობა აქვს მიღებული, არ გაუკეთებია, აღნიშნული საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას იწვევს.
გამოსავალი არსებობს, მაგრამ ამ შესაძლებლობით სარგებლობისთვის ძალიან ცოტა დროა დარჩენილი. კერძოდ, სულ რამდენიმე თვე. 2024 წლის 31 დეკემბრამდე, ანუ ამ წლის ბოლომდე, იმ ემიგრანტებს, რომლებსაც უცხო ქვეყნის მოქალაქეობა აქვთ მიღებული და საქართველოს მოქალაქეობა აღარ აქვთ, მათ აქვთ შანსი, ამ შესაძლებლობით ისარგებლონ და წლის ბოლომდე სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით მიმართონ. ეს 3 თვე დარჩა იმისათვის, რომ ქართველმა ემიგრანტებმა და მათმა შვილებმა საქართველოს მოქალაქეობა არ დაკარგონ.
ბავშვებს საქართველოს მოქალაქეობა 18 წლამდე უნარჩუნდებათ. თუ 18 წლამდე მათი კანონიერი წარმომადგენელი არ განაცხადებს, რომ სურთ, საქართველოს მოქალაქეობა შეინარჩუნონ, ბავშვების 18 წლის ასაკის შემდეგ საქართველოს მოქალაქეობას კარგავენ.
თუკი ემიგრანტი, რომელმაც უცხო ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო, ამ წლის ბოლომდე გადაწყვეტს, საქართველოს მოქალაქეობა შეინარჩუნოს, 3 გზით შეუძლია, ეს გააკეთოს:
პირველი, საქართველოში, ადგილზე, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში მივიდეს. მაგრამ, მათი უმრავლესობა საზღვარგარეთაა და ჩამოსვლას ვერ ახერხებს. ამიტომ, მეორე ვარიანტად მათ შეუძლიათ, ადგილობრივ საკონსულოებს მიმართონ, სადაც ცხოვრობენ. გარდა ამისა, მათ შეუძლიათ, ონლაინ მომსახურებით ისარგებლონ. კერძოდ, შევიდნენ sda.gov.ge-ზე და ონლაინ გააკეთონ განაცხადი. ძალიან მარტივი პროცედურაა. როდესაც საიტზე შეხვალთ, მოძებნით ველს "მოქალაქეობის შენარჩუნება". თუმცა, აღსანიშნავია, რომ პირს საქართველოს მოქალაქეობა 2018 წლის აგვისტომდე არ უნდა ჰქონდეს დაკარგული. თუ მას სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების გამო 2018 წლამდე აქვს საქართველოს მოქალაქეობა დაკარგული, ასეთ შემთხვევაში, ამ შესაძლებლობით ვეღარ ისარგებლებს. ხოლო, თუ 2018 წლის შემდეგ მოხდა, მას შეუძლია, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების შესაძლებლობით ისარგებლოს.
განხილვის ვადა საკმაოდ ხანგრძლივია, მაგრამ დაჩქარების შესაძლებლობაცაა. სტანდარტულად, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ გადაწყვეტილებას მე-80 დღეს მივიღებთ. თუმცა, დაჩქარებაც შესაძლებელია. ყველაზე სწრაფი ვადა 30 დღეა. საფასურიც ვადაზეა დამოკიდებული და 500-დან 700 ლარამდე იზრდება.
მნიშვნელოვანია ის ინფორმაცია, რომ საქართველოს მოქალაქეობა ავტომატურად ყველას არ შეუნარჩუნდება. იმისათვის, რომ განაცხადი დაკმაყოფილდეს, მოქალაქეობადაკარგულ ადამიანს კავშირი უნდა ჰქონდეს საკუთარ ქვეყანასთან. შეიძლება, უძრავი ქონება ჰქონდეს, ან ნათესაური კავშირები, საქართველოში რაიმე საქმიანობას ახორციელებდეს. საქართველოში სააგენტო ამ განცხადებას განიხილავს და 80 დღეში მიიღებს გადაწყვეტილებას. დაჩქარების შემთხვევაში, გადასახადი 700 ლარია და 30 დღეში კეთდება.