როგორ დავეხმაროთ ბავშვს, რომელსაც  მეცადინეობა "ეზარება" და ძალიან დიდ დროს ანდომებს მას: "ამას ნეირობიოლოგიური საფუძველი აქვს" - მშობლები

როგორ დავეხმაროთ ბავშვს, რომელსაც  მეცადინეობა "ეზარება" და ძალიან დიდ დროს ანდომებს მას: "ამას ნეირობიოლოგიური საფუძველი აქვს"

2024-09-24 21:41:46+04:00

დაიწყო სასწავლო წელი და საშინაო დავალებებთან დაკავშირებული სირთულეებმაც ალბათ იჩინა თავი. საშინაო დავალებასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორც წესი, ორი მიზეზის გამო ჩნდება. პირველი მაშინ, როცა ბავშვს ნამდვილად უჭირს ამოცანის ამოხსნა, კითხვა, დამახსოვრება თუ წაკითხულიდან აზრის გამოტანა. მეორე შემთხვევაში, მოსწავლეს უჭირს, თავს ძალა დაატანოს და მეცადინეობა დაიწყოს.

მეორე ვარიანტი უფრო გავრცელებულია. ყველა ბავშვს, განსაკუთრებით სასწავლო წლის დასაწყისში, არ აქვს საკმარისი ნებაყოფლობითი რეგულირება, ანუ უნარი დამოუკიდებლად წავიდეს მიზნისკენ, დასახოს სამოქმედო გეგმა და გააკონტროლოს შედეგი. ეს ფუნქციები საკმაოდ გვიან მწიფდება – ადამიანმა უნდა ისწავლოს სოციალური როლების მიღება და რთული მოქმედებების შესრულება.

ზოგიერთ ბავშვს ნებელობითი რეგულირების დაგვიანებული მომწიფება აღენიშნება. პრაქტიკაში ეს ასე ვლინდება: ბავშვს უჭირს რუტინული მოვალეობების შესრულება: არ ასრულებს დავალებას, ავიწყდება კლასის განრიგი, ვერ აწესრიგებს რვეულებს; ხშირად გადააქვს ყურადღება სხვა რამეზე - მეცადინეობის დროს უნდება ჭამა, დალევა, ტუალეტში შესვლა. ვერ იმახსოვრებს მრავალკომპონენტიან ინსტრუქციებს (წავიდა, მაგრამ დაავიწყდა, რატომ), ყველაზე ხშირად ისინი იმპულსურად მოქმედებენ.

უფროსები ასეთ ქცევას სიზარმაცეს, დაუდევრობას, უპასუხისმგებლობას მიაწერენ. ეს მართალიც არის და მცდარიც. ჩვენი ფსიქიკური ქცევა გარემოს გავლენით, თანდაყოლილ ნეირობიოლოგიურ საფუძველზე ყალიბდება. ამიტომ ასეთ შემთხვევებში რეკომენდაციაა, რომ ბავშვთან ერთად ააწყოთ ყოველდღიური რუტინა. უნდა გამოყოთ დრო გაკვეთილებისთვის და არ დაარღვიოთ იგი. ყოველდღიური რუტინის ეს ნაწილი მკაცრი უნდა იყოს. მაგრამ ასევე უნდა არსებობდეს თავისუფალი დროც. აუცილებელია მოსწავლესთან ერთად გეგმების შედგენა. თუ არსებობს პრობლემები შესრულებასთან დაკავშირებით, მაშინ უწყვეტი დატვირთვის ხანგრძლივობა უნდა შეამციროთ. დაარეგულიროთ სწავლა და დასვენება, ნუ მოაწყობთ რბოლას წრეებსა და სექციებს შორის. მასწავლებლები ასევე გვირჩევენ ტელეფონთან გატარებული დროის შეთანხმებას. ეს ყურადღების გაფანტვის ყველაზე გავრცელებული გზაა როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში. აუცილებელია სამუშაო ადგილიდან ყურადღების გამფანტველი ყველა ობიექტის მოშორება. შეგიძლიათ გამოიყენოთ ტაიმერის მეთოდი - როცა ბავშვმა იცის, რა დროის განმავლობაში უნდა იმეცადინოს, კონცენტრირება უადვილდება. დროის ასათვლელად შეიძლება მართლაც ტაიმერი გამოიყენოთ.

ბავშვს უნდა მიანდოთ მისი განრიგის დაგეგმვა. ასევე შეგიძლიათ მოიფიქროთ დავალება, რომელზეც მხოლოდ ბავშვია პასუხისმგებელი (მაგალითად, ნაგვის გადაყრა). ზოგჯერ შეიძლება დავალება რთულად იყოს ფორმულირებული სახელმძღვანელოში და ბავშვს გაუძნელდეს იმის გაგება, თუ რა უნდა გააკეთოს ჯერ და რა - შემდეგ. უმჯობესია, ასეთი დავალება ერთად დაანაწილოთ პუნქტებად. ეს დაეხმარება მშობელს სწრაფად გაიგოს, სად არის პრობლემის საფუძველი.

და ბოლოს! ყოველთვის აღნიშნეთ მიღწევები და შექება არ დაგავიწყდეთ.