ალბათ, არაერთხელ მოგვისმენია, რომ სოციალურ ქსელებში "იდეალური ცხოვრების" მიღმა სულ სხვა რეალობაა და ხშირად ბევრი რამ შელამაზებული და ხელოვნურია. ბედნიერი წყვილების ფოტოების მიღმა შესაძლოა, სრულიად ტოქსიკური ადამიანები იმალებოდნენ, კადრში მოხვედრილი სუფთა მაგიდის მიღმა კი - ქაოსური სამზარეულო... ნებისმიერ შემთხვევაში, სოციალური ქსელები ძალიან ხშირად არ ასახავს იმ რეალობას, რომელშიც ადამიანებს უწევთ ცხოვრება. ბლოგერები კი ამ სივრცეში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ და მათ აზრს ბევრი ადამიანი იზიარებს. ერთ-ერთი ასეთი პოპულარული ბლოგერი რუბი ფრანკეა.
რუბი ფრანკე ჯერ ქმართან, შემდეგ კი პარტნიორთან - ჯოდი ჰილდებრანდტთან ერთად ახალბედა მშობლებისათვის საგანმანათლებლო ვიდეოებს იღებდა და სხვებს ასწავლიდა, როგორ უნდა აღზარდონ შვილები ისე, რომ ღირსეული ადამიანები გახდნენ. მის გვერდზე უამრავი ასეთი ვიდეო და რეკომენდაცია იძებნება. რუბი ფრანკე 6 შვილის დედაა. თუმცა, იმ ფონზე, რომ ის სხვებს შვილების აღზრდასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს უზიარებდა, თავად საკუთარ ბავშვებს საშინელ პირობებში ამყოფებდა. ამ ამბავმა უამრავი ადამიანი აღაშფოთა. ბლოგერის ძალადობის შესახებ მხოლოდ მაშინ გახდა ცნობილი, რაც მისი ვაჟი სახლიდან გაიქცა და მეზობლებს დასახმარებლად მიაკითხა...
რუბი ფრანკე სოციალურ ქსელში პირველად 2015 წელს გამოჩნდა. ქალმა საკუთარი YouTube არხი სახელწოდებით "8 მგზავრი" შექმნა. როგორც თავად ამბობდა, არხის შექმნის მთავარი მიზანი დედობის სირთულეებზე საუბარი და ამ სირთულეებთან გამკლავების გზების ძიება იყო. მისი ვიდეოები ისე მოსწონდათ და იმდენად გულწრფელად თვლიდნენ, რომ მას "ანგელოზ დედად" მოიხსენიებდნენ. რუბი საუბრობდა, როგორ ზრდიდა მეუღლესთან, კევინ ფრანკესთან ერთად 6 შვილს, რა პრობლემებთან იყო დაკავშირებული მრავალშვილიანი დედობა და როგორ ახერხებდა გამკლავებას. ვიდეოებიდან ჩანდა, რომ მშობლები შვილებთან დიდ დროს ატარებდნენ, ლამაზ სახლში ცხოვრობდნენ, სეირნობდნენ, საღამოობით წიგნებს კითხულობდნენ და მხიარულობდნენ. მსგავსი ტიპის ვიდეოებს კი მილიონობით ნახვა ჰქონდა და უამრავ კომენტარს აგროვებდა.
ვიდეოებში რუბი განათლების, ბავშვებთან სწორი მიდგომისა და აღზრდის თავისებურებების შესახებ საუბრობდა. თუმცა, არასოდეს დაუმალავს, რომ შვილების აღზრდის პროცესში რელიგიას ეყრდნობოდა. ფრეანკე მორმონია. მისი არხის გამომწერებისათვის თავდაპირველად ეს პრობლემა არ ყოფილა, მაგრამ დროთა განმავლობაში "წითელი დროშებიც" გამოჩნდა. ერთ-ერთ ვიდეოში ბავშვმა აღნიშნა, რომ ძმაზე ხუმრობისთვის სასჯელად მას ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ლობიოებით სავსე საწოლზე ეძინა. ინფორმაციაზე გამომწერებს ცუდი რეაქცია ჰქონდათ, მაგრამ მალევე დაივიწყეს. ამის შემდეგ პატარა გოგონამ აღნიშნა, რომ დედა საკვებს არ აძლევდა, რადგანაც სკოლაში ლანჩის ბოქსის წაღება დაავიწყდა... კიდევ ერთ ეპიზოდში რუბიმ კამერების წინ ქალიშვილის საყვარელ თოჯინას თავი მოაჭრა, რის გამოც გოგონას ისტერიკა დაემართა.
როდესაც მსგავსი ფაქტები დაგროვდა, რუბი ფრანკეს გამომწერებმა შეშფოთება გამოხატეს და შედეგად, მის სახლში სოციალური სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ. თუმცა, პირველადი დათვალიერებით საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს. დროთა განმავლობაში გამომწერები იმდენად გაღიზიანდნენ რუბი ფრანკეს ვიდეოებით, რომ ბოიკოტი გამოუცხადეს. 2022 წელს კი ქალმა ვიდეოების გამოქვეყნება საერთოდ შეწყვიტა.
2023 წელს მისი 12 წლის ვაჟი ფანჯრიდან გადაძვრა, მეზობელთან გაიქცა და პური და წყალი სთხოვა. ბავშვს ტერფებსა და მაჯებზე ლენტი ჰქონდა შემოხვეული და ძალადობის კვალი ეტყობოდა. მეზობლებმა სასწრაფოდ პოლიცია გამოიძახეს. როდესაც ბიჭი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ექიმებმა დაასკვნეს, რომ ბავშვს არასრულფასოვანი კვების გამო არაერთი დაზიანება აღენიშნებოდა. როდესაც რუბი ფრანკეს სახლში სოციალური სამსახურის წარმომადგენლები ისევ მივიდნენ, ნახეს, რომ იმავე მდგომარეობაში კიდევ 3 ბავშვი იყო... ბავშვები სპეციალურ თავშესაფარში წაიყვანეს. შემდეგ გაირკვა, რომ სახლი, სადაც ცხოვრობდნენ, ფრანკების ოჯახს კი არა ჯოდი ჰილდებრანდტს ეკუთვნოდა.
ჯოდი ჰილდებრანდტის წარსულის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. 2003 წელს ლიცენზირებულ კლინიკაში ფსიქიკური ჯანმრთელობის მრჩეველი იყო. სავარაუდოდ, რუბი ფრანკეს რელიგიურ ორგანიზაციაში შეხვდა. თუმცა, პროფესიულ საქმიანობაში პრობლემები არაერთხელ შეექმნა. ოფისის კედლებს მიღმა საკუთარი პაციენტების საქმეებს განიხილავდა, რაც პროფესიული ეთიკის ძალიან მძიმე დარღვევაა. ამიტომაც, მას წელიწად-ნახევრის განმავლობაში საქმიანობა აეკრძალა. მოგვიანებით ქალმა ვიდეოების ჩაწერა დაიწყო და საუბრობდა, თუ როგორ უნდა დაეღწიათ თავი ადამიანებს მავნე ნივთიერებებზე დამოკიდებულებებისაგან. ბევრმა ჰილდებრანდტის პრაქტიკას სექტა უწოდა. ჯოდიმ და რუბიმ ერთად დაიწყეს მუშაობა.
ჯოდის საკუთარი შვილი არ ჰყავდა, მაგრამ მკაცრი მეთოდები დისშვილზე გამოსცადა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ქალმა პატარა დისშვილს ერთხელ პირი აუკრა და კარადაში ჩაკეტა. შემდეგ კი, ზამთარში თოვლში დაძინება აიძულა. მას შემდეგ, რაც რუბი ფრანკე ქმარს გაშორდა, ის და ჯოდი ერთად გადავიდნენ საცხოვრებლად და ბავშვების აღზრდა ერთად დაიწყეს... ამასობაში რუბის ორმა უფროსმა შვილმა კოლეჯში სწავლა დაიწყო და საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა. 4 მცირეწლოვანი ბავშვი კი რუბის წარმოუდგენელი სისასტიკის წინაშე მარტო აღმოჩნდა. როგორც ცნობილია, უფროსმა შვილებმა პოლიციას რამდენჯერმე მიმართეს, მაგრამ რუბი ფრანკემ თავის დახსნა ყველა ჯერზე მოახერხა.
მიუხედავად იმისა, რომ ქალები აღზრდის ჰუმანურ მეთოდებს გამომწერებს უზიარებდნენ, თავად შვილებს სასტიკად ზრდიდნენ. რუბისა და ჯოდის სჯეროდათ, რომ დაუმორჩილებლობა ეშმაკისეული იყო, ამიტომ ბავშვებს ხშირად სცემდნენ, აშიმშილებდნენ, პირს უკრავდნენ, ცუდ ამინდში გარეთ ტოვებდნენ. სულ მცირე სიცელქის ან დაუმორჩილებლობის შემთხვევაზე შესაძლოა, მზეზე საათობით დაეყენებინათ ისე, რომ დამწვრობას იღებდნენ. ერთხელ რუბი ფრანკეს მოეჩვენა, რომ მისი შვილი ეშმაკით იყო შეპყრობილი და ბავშვს აიძულა, თავი წყალში ჩაეყო იქამდე, ვიდრე არ გათავისუფლდებოდა...
დასჯის მიზეზი შეიძლება "ეგოიზმი", "ბრაზი", "მადლიერების ნაკლებობა" და "თავმდაბლობის ნაკლებობა" გამხდარიყო. როდესაც ეს დეტალები გასაჯაროვდა, საზოგადოება შოკში იყო. რუბი ფრანკეს ხომ "ანგელოზ დედას" უწოდებდნენ.
თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. იმისათვის, რომ ბავშვებს არ ეხმაურათ, ქალები მათ ძლიერ დამამშვიდებელ საშუალებას აძლევდნენ... ყველაფერი კი, როგორც აღვნიშნეთ, ბავშვის სახლიდან გაქცევისა და მეზობლების ჩართულობით შეიცვალა.
სასამართლოზე რუბი ფრანკემ თქვა, რომ მას შვილებისათვის მხოლოდ კარგი უნდოდა და მსგავს მეთოდებს მათი სულის "განკურნებისთვის" იყენებდა.
ახლა რუბი ფრანკეს ადვოკატები ამბობენ, რომ ის აღზრდის ასეთი სასტიკი მეთოდების გამოყენების მომხრე არ ყოფილა და ჯოდი ჰილდებრანდტის გავლენის ქვეშ მოექცა. აღსანიშნავია, რომ იუთუბით ქალმა ძალიან დიდი ქონება დააგროვა. ქონების დიდი ნაწილი კი სწორედ მეგობარს, ჯოდის გადასცა. ამბავს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა და საერთაშორისო მედიამ ისტორია სრულად გაასაჯაროვა.
ფრანკეც და ჰილდებრანდტიც ამჟამად სასჯელს იხდიან. ბავშვების წამებისთვის ჯამში მათ 60 წელი მიუსაჯეს. თუმცა, იუტას შტატის კანონების მიხედვით, სასჯელი გაუნახევრდათ. რუბი ფრანკე ახლა 42 წლისაა, ჯოდი ჰილდებრანდტი 55 წლის.