ძმებმა მშობლები მრავალმილიონიანი მემკვიდრეობის გამო გაწირეს, თუმცა სასამართლოზე გამაოგნებელი ფაქტები გამჟღავნდა.... - მათ ამბავზე "ნეტფლიქსმა" სერიალი გადაიღო - მშობლები

ძმებმა მშობლები მრავალმილიონიანი მემკვიდრეობის გამო გაწირეს, თუმცა სასამართლოზე გამაოგნებელი ფაქტები გამჟღავნდა.... - მათ ამბავზე "ნეტფლიქსმა" სერიალი გადაიღო

2024-09-26 14:11:09+04:00

ამბავი, რომელმაც თავის დროზე ძალიან დიდი გამოხმაურება გამოიწვია, Netflix-ის სერიალის "მონსტრები: ძმები მენენდესების ისტორია" გამოსვლის შემდეგ კიდევ ერთხელ გააქტიურდა. ახლა ორი ძმა - ერიკ და ლაილი სასჯელს იხდის. მათ მშობლები მრავალმილიონიანი მემკვიდრეობის გამო დახოცეს და სამუდამო პატიმრობა მიესაჯათ. რეალური ამბავი კი, რომელიც სერიალს დაედო საფუძვლად , მართლაც გამაოგნებელია...

1-1727345554.jpg
ერიკი და ლაილი

მენენდესების ოჯახის ამბავი

ერიკისა და ლაილის მამა, ხოსე მენენდესი კუბაში, პროფესიონალი ფეხბურთელის ოჯახში, დაიბადა. 16 წლის ასაკში ამერიკის შეერთებულ შტატებში, მარტო წავიდა ემიგრაციაში. როგორც ცნობილია, ხოსეს წინაპრები საკმაოდ შეძლებული და გავლენიანი ადამიანები იყვნენ და ბევრი მათგანი სისხლიანი რეჟიმის მსხვერპლი გახდა. ზოგი მოკლეს, ზოგიც ხანგრძლივი დროით დააპატიმრეს. ამიტომაც, ხოსე ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ფულის შოვნის ხერხები "მემკვიდრეობით" გადაეცა.

ამერიკაში გადასვლის შემდეგ ხოსე მენენდესი ოჯახის მეგობრებთან ერთად ცხოვრობდა. შემდეგ კი სწავლა სამხრეთ ილინოისის უნივერსიტეტში დაიწყო. იქ გოგონა, მერი ლუის "კიტი" ანდერსენი გაიცნო და შეუყვარდა. მერი ლუისი ხოსეზე 2 წლით უფროსი იყო. ახალგაზრდებმა მალევე უნივერსიტეტი მიატოვეს და ნიუ-იორკში ერთად გადავიდნენ. ხოსემ საყვარელ ქალს ცოლობა სთხოვა და ოფიციალურად დაქორწინდნენ.

3-1727345582.jpg
ხოსე და კიტი

ხოსეს მამა თავდაპირველად ამ კავშირის წინააღმდეგი იყო და წერილებში წერდა, რომ ბიჭი ოჯახის შესაქმნელად და ამ პასუხისმგებლობის ასაღებად ძალიან ახალგაზრდა იყო.

"თუ 16 წლის ასაკში გადავწყვიტე, რომ უცხო ქვეყანაში გადავსულიყავი, 19 წელი დაქორწინებისთვის ადრე რატომაა?" - უპასუხა ხოსემ მამის წერილს.

ახალდაქორწინებულებმა მუშაობა დაიწყეს. ხოსე ბუღალტერი იყო, კიტი კი ჭურჭლის მრეცხავად მუშაობდა. მალე ვაჟები შეეძინათ, 2-წლიანი სხვაობით. უფროსს ლაილი დაარქვეს, უმცროსს კი ერიკი. ხოსე დაჟინებით მოითხოვდა, რომ მეუღლეს აღარ ემუშავა და შვილებსა და სახლის საქმეებზე ეზრუნა.

4-1727345644.jpg
ერიკ და ლაილ მენენდესები

პარალელურად, თავად ძალიან წარმატებულ კარიერას აშენებდა. ჯერ მანქანების გაქირავების კომპანიაში კომერციული ლიზინგის მენეჯერი გახდა, შემდეგ კი RCA Records-შ იგადავიდა, სადაც კონტრაქტებზე მუშაობდა ისეთ შემსრულებლებთამ, როგორებიც არიან Eurythmics, Duran Duran, José Feliciano.

1986 წელს ხოსე დამოუკიდებელ კინოსტუდიაში, Carolco Pictures-ში მივიდა. კომპანიას 20-მილიონიანი ვალი ჰქონდა და განვითარებას ვეღარ ახერხებდა, მან კი ორ წელიწადში სტაბილურ მოგებამდე მიიყვანა. ხოსეს მოლაპარაკების შესანიშნავი ნიჭი და უნარები ჰქონდა და ყველგან, სადაც საქმეს წამოიწყებდა, ძალიან დიდ წარმატებას აღწევდა. ხისტი და შეუვალი ადამიანის რეპუტაციით სარგებლობდა და ამის გამო მეტსახელად "უგრძნობი მონსტრი" უწოდეს.

1980-იანი წლების ბოლოს ოჯახი საცხოვრებლად კალიფორნიაში გადავიდა. ხოსე მენენდესი ერთ-ერთი დიდი კინომწარმოებელი კომპანიის, Live Entertainment-ის მენეჯერი გახდა და მალევე მის საბანკო ანგარიშებზე მილიონობით დოლარი გამოჩნდა...

5-1727345679.png
მენენდესების ოჯახი

ცოლ-ქმარი შვილებს ფუფუნებაში ზრდიდა. ლაილი და ერიკი ელიტარულ სკოლაში სწავლობდნენ, სპორტზე დადიოდნენ და არაფერი აკლდათ. მიუხედავად იმისა, რომ მშობლები ცდილობდნენ, მეტ-ნაკლებად მკაცრები ყოფილიყვნენ, ძმები თინეიჯერობის ასაკში განსაკუთრებით შეიცვალნენ და მეამბოხე ხასიათით გამოირჩეოდნენ. იმ უბანში, სადაც მენენდესები ცხოვრობდნენ, ოჯახებში რაღაცები იკარგებოდა. მოგვიანებით დაკარგული ნივთები ერიკის მანქანაში იპოვეს... ამბავი აღარ გახმაურებულა, მაგრამ ხოსემ შვილებს გამოსწორების მიზნით სხვადასხვა საქმე დაავალა. ერთმა რესტორანში მიმტანად დაიწყო მუშაობა, მეორემ კი იმ ორგანიზაციაში, რომელიც უსახლკაროებს ეხმარებოდა. ერიკსა და ლაიალს ეს მდგომარეობა არ მოსწონდათ და დამამცირებელ საქმედ თვლიდნენ.

ბიჭებს უნდოდათ, რომ არაფერი გაეკეთებინათ და მშობლებს ერჩინათ. მაგრამ, ხოსეც და მისი მეუღლეც ამ მიდგომის სასტიკი წინააღმდეგები იყვნენ. სკოლის დამთავრების შემდეგ ლაილი პრინსტონის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, მაგრამ პლაგიატის გამო მალევე კურსიდან გააძევეს. ერიკი კალიფორნიის უნივერსიტეტში მოხვდა, მაგრამ სამეცნიერო კარიერის აშენებაზე არც კი უფიქრია. საკუთარ თავს დრამატურგად თვლიდა და მეგობრებთან ერთად სცენარების წერა დაიწყო. მისი ერთ-ერთი სცენარის მიხედვით, ორი ძმა მშობლებს კლავს... ერიკმა ეს სცენარი ვერავის მიჰყიდა. მაგრამ, რეალურ ცხოვრებაში გამოიყენა...

ხოსეს მათი ეს უსაქმურობა განსაკუთრებით არ მოსწონდა. ამიტომაც, ერთ საღამოს შვილები თავის ოთახში დაიბარა და უთხრა, რომ ქონებიდან ერთ ცენტსაც კი არ დაუტოვებდა და საკუთარი თავი თავად უნდა ერჩინათ...

სწორედ ამის შემდეგ ძმებმა მშობლების მკვლელობა დაგეგმეს...

1989 წლის 20 აგვისტოს ერიკმა და ლაილმა მშობლები საკუთარ სახლში, ტელევიზორის ყურების დროს დაცხრილეს. ძმებმა გადაწყვიტეს, მშობლების მკვლელობა კრიმინალური დაჯგუფებისათვის დაებრალებინათ. ამიტომ, სახლში ყველაფერი ისე მოაწყვეს, როგორც თავად სურდათ და პოლიციაც თავადვე გამოიძახეს. მკვლელობის დროს უფროსი ვაჟი 21 წლის იყო, უმცროსი კი 18-ის.

6-1727345718.jpg
ძმები მენენდესები ადვოკატებთან ერთად

როდესაც შემთხვევის ადგილზე დეტექტივები მივიდნენ, ძმები ისტერიკაში იყვნენ. მათ თქვეს, რომ სახლიდან 20 აგვისტოს დილით გავიდნენ, დღის უმეტესი ნაწილი ჩოგბურთის კორტზე გაატარეს, შემდეგ კინოში "ბეტმენის" სანახავად წავიდნენ, შეხვდნენ მეგობრებს ქალაქის ბაზრობაზე და შეთანხმდნენ, რომ კლუბში წავიდოდნენ. დაწესებულებაში შესასვლელად მათ საბუთები სჭირდებოდათ, რისთვისაც სახლში დაბრუნდნენ. შინ კი მშობლების ცხედრები აღმოაჩინეს...

ბიჭებს 14 მილიონი დოლარი, რამდენიმე სასახლე, წილი დიდ კომპანიებში და ხელოვნების სხვადასხვა კოლექცია დარჩათ. მშობლების გარდაცვალებიდან ერთ კვირაში 700 ათას დოლარი დახარჯეს. ყიდულობდნენ ძვირად ღირებულ საათებს, მანქანებს, ბრენდულ ნივთებს...

7-1727345758.jpg
მენენდესების სახლი

პარალელურად ფსიქოლოგთანაც დადიოდნენ. 1990 წელს კი მოულოდნელად პოლიციას ლაილის ფსიქოლოგი დაუკავშირდა და გაუმხილა, როგორ აღიარა ერთ-ერთ სეანსზე ბიჭმა საკუთარი დანაშაული... ძმები დააკავეს და ამ ამბავს იმხელა გამოხმაურება მოჰყვა, რომ მთელი ქვეყანა თვალყურს ადევნებდა.

გამოძიების ვერსიით, ლაილმა და ერიკმა მშობლები მემკვიდრეობის მიღების მიზნით დახოცეს. ბიჭები კი სასამართლოზე ამბობდნენ, რომ ძალიან მძიმე ბავშვობა ჰქონდათ, მამის მხრიდან სექსუალურ ძალადობასა და მუდმივ ჩაგვრას განიცდიდნენ, დედა კი ალკოჰოლიკი იყო. ძმებმა დედაც სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს.

ძმების მიმართ მშობლების მიერ განხორციელებული ძალადობა არ დადასტურებულა. მაგრამ, ოჯახის ახლობლებმა თქვეს, რომ ლაილი და ერიკი მკაცრ პირობებში იზრდებოდნენ და მამას აღზრდის განსხვავებული მეთოდები ჰქონდა, მათ შორის, ცემაც იყო...

8-1727345797.jpg
ძმები მენენდესები

ძმების სასამართლო პროცესი რამდენიმე წელი გაგრძელდა. განაჩენი კი 1996 წელს გამოიტანეს. პროცესი იმდენად გახმაურებული იყო, რომ სასამართლო დარბაზთან ასობით ადამიანი იკრიბებოდა და შესვლას ცდილობდა. თავდაპირველად, პროკურორები ძმების სიკვდილით დასჯას ითხოვდა, მაგრამ შემდეგ ეს სასჯელი სამუდამო პატიმრობით შეიცვალა.

ციხეში ყოფნისას ორივე მათგანი დაქორწინდა. ლაილმა ჟურნალის რედაქტორი რებეკა სნედი მოიყვანა ცოლად, ერიკმა კი ყოფილი მოდელი - ანა ერიქსონი. ხუთი წლის შემდეგ ერიკი განქორწინდა. ციხის პირობების გამო, ძმებს ერთმანეთი 22 წელი არ ჰყავდათ ნანახი. ისინი სხვადასხვა საპატიმროში იხდიდნენ სასჯელს. 2018 წელს კი მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ძმები ერთ დაწესებულებაში მოეთავსებინათ. 2023 წელს საქმეში ახალი დეტალები გაირკვა. ძმების დეიდამ მოულოდნელად საკუთარ სახლში ერიკის წერილი იპოვა, რომელიც ტრაგედიამდე 8 თვით ადრე იყო დაწერილი. წერილში ბიჭი საკუთარ დეიდაშვილს უამბობდა, რომ მამამ მასზე სექსუალურად იძალადა. 2023 წელს ასევე ერთ-ერთმა მომღერალმა, რომლის პროდიუსერიც ხოსე იყო, ის პედოფილიაში ამხილა...

9-1727345846.jpg
კადრი ფილმიდან "მონსტრები: ძმები მენენდესების ისტორია"

ამის შემდეგ, ერიკისა და ლაილის ადვოკატმა სასჯელის გადახედვა მოითხოვა. თუმცა, ჯერჯერობით განხილვის პროცესშია. ძმებს სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებით კი TikTok-ზე უამრავი გულშემატკივარი გამოუჩნდა. ისინი ითხოვენ, რომ ერიკისა და ლაილის საქმე გადაიხედოს, რადგანაც ისინი ბავშვობიდან სექსუალური ძალადობისა და შეურაცხყოფის მსხვერპლნი იყვნენ.

10-1727345902.jpg
კადრი ფილმიდან "მონსტრები: ძმები მენენდესების ისტორია"

19 სექტემბერს კი Netflix-ის ახალი სერიალის - "მონსტრები: ძმები მენენდესების ისტორია" პრემიერა შედგა. ერიკმა და ლაილმა ციხეში პირველი ეპიზოდის ნახვა მოახერხეს და სერიალს ამაზრზენი უწოდეს. ისინი ამბობენ, რომ ცილს სწამებენ და გაჟღერებული ფაქტები რეალობას არ შეესაბამება.