10 წლის მთვარეული გოგონა ძილის დროს სახლიდან გავიდა და დაიკარგა. შემთხევა აშშ-ში, ლუიზიანას შტატში მოხდა. აღმოჩნდა, რომ გოგონამ, რომელიც აქამდეც გასულა სახლიდან მძინარე, ამჯერად საკუთარი სახლის ეზოც დატოვა და ტყეში შევიდა.
ლუიზიანას რადიო ქსელის ინფორმაციით,ბოლოს, პეიტონ სენტინიანი მშობლებმა დასაძინებლად მიმავალი ნახეს. მხოლოდ დილით აღმოაჩინეს, რომ ბავშვი დაკარგული იყო. მათ ადგილობრივ შერიფს უთხრეს, რომ გოგონას ძილში სიარული ახასიათებს და ზოგჯერ ღამით ბაღში გადის. ტერიტორიის გაჩხრეკის შემდეგ დარწმუნდნენ, გოგონამ დატოვა საოჯახო ნაკვეთი და დაიკარგა.
პეიტონი მოგვიანებით სითბურმა კამერამ დააფიქსირა სახლიდან ორ კილომეტრში. ჩანაწერში გოგონას მხოლოდ პიჟამა ეცვა.
ძებნის პროცესში ასობით მოხალისე იყო ჩართული პოლიციასთან, მეხანძრეებთან ერთად. საბოლოოდ პეიტონი ერთი დღის შემდეგ ტყეში კვლავ მძინარე იპოვეს.
მთვარეულობა, იგივე სომნაბულიზმი მდგომარეობაა, როცა ადამიანი ძილის განმავლობაში გადაადგილდება ან რაიმე აქტივობას ასრულებს. ის ძირითადად ბავშვებში გვხვდება და უხშირესად, მოზარდობის ასაკში გაივლის.
მთვარეულობა შეიძლება ამ სიმპტომებით გამოიხატებოდეს:
საწოლიდან ადგომა და სიარული
ძილში წამოჯდომა, თვალების გახელა, უმეტყველო სახე
ჩაცმა, საჭმლის მომზადება
იშვიათად, სახლიდან გასვლა, ავტომანქანის ტარება, სქესობრივი აქტივობა.
ექიმთან მიმართვა საჭიროა, თუ ეპიზოდები ხშირია, თუ მოზარდობის ასაკში დაიწყო ან ამ ასაკისთვის არ გაიარა. თუ იწვევს ტრავმებს და საშიშ მდგომარეობებს.