ოქტომბრის თვის საშუალო ტემპერატურა საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან 1-2 გრადუსით მაღალი იქნება. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა, ხათუნა ქოქოსაძემ განგვიცხადა. ოქტომბრის თვის ზოგადი პროგნოზი კი ასეთია:
"დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და სანაპირო რაიონებში თვის საშუალო ტემპერატურა +17, +19 გრადუსის ფარგლებში იქნება, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე 1-2 გრადუსით მაღალია. ცალკეულ დღეებში შესაძლებელია ტემპერატურამ +28, +30 გრადუსამდე მოიმატოს. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში თვის საშუალო ტემპერატურა +13, +15 გრადუსის ფარგლებშია ნავარაუდევი, მაღალმთიან რაიონებში +9, +10 გრადუსის, რაც ასევე საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე 1-2 გრადუსით მაღალია. ცალკეულ დღეებში შესაძლებელია, მთიან რაიონებში ტემპერატურამ +26, +27 გრადუსამდე მოიმატოს. მაღალ მთაში კი +22, +24 გრადუსამდე.
აღმოსავლეთ საქართველოში თვის საშუალო ტემპერატურა +13, +16 გრადუსის ფარგლებშია ნავარაუდევი, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე 1 გრადუსით მაღალია. მთიან რაიონებში თვის საშუალო ტემპერატურა +11, +13 გრადუსამდეა მოსალოდნელი, მაღალ მთაში +8, +10, რაც ასევე 1 გრადუსით მაღალია და ახლოსაა საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან. ცალკეულ დღეებში შესაძლებელია, ტემპერატურამ ქართლსა და კახეთში +27, +28 გრადუსამდე მოიმატოს. მთაში +23, +25 გრადუსამდე, მაღალ მთაში კი +20, +22 გრადუსამდე.
რაც შეეხება ნალექებს, დასავლეთ საქართველოში ნალექების რაოდენობა თვის განმავლობაში საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში ნაკლები და ნორმასთან ახლოს." - გვითხრა ხათუნა ქოქოსაძემ.
თამარ იაკობაშვილი