რა ასაკიდან უნდა დაიწყონ ქალებმა ძუძუს თვითგასინჯვა და რა პრობლემებს აგვარიდებს ის თავიდან - თემაზე ექთანი თამარ დაუსი გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" საუბრობს:
- ძუძუს კიბო გამორიცხული არც მამაკაცებშია. ჩვეულებრივი ქსოვილია და გვაქვს როგორც ქალებს, ასევე მამაკაცებს. ამიტომ, ის შესაძლოა, მამაკაცებშიც განვითარდეს. უბრალოდ, პროცენტულად ქალებში ეს მეტი სიხშირითაა გამოვლენილი. თვითგასინჯვა ერთ-ერთი ფუნდამენტური ინსტრუმენტია, რომელიც პირველ რიგში, საკუთარ სხეულს შეგვასწავლის და თუ რაიმე გადახრას ვნახავთ, იქნება ეს ვიზუალური დათვალიერებით თუ ხელის მოკიდებით, ადრეულ სტადიაზე ექიმთან მიგვიყვანს. შესაბამისად, ადრეულ სტადიაზევე ვნახავთ, რა არის და როგორ ვუშველოთ. რაც უფრო ადრე აღმოვაჩენთ პრობლემას, მით უფრო კეთილია გამოსავალი.
გოგონებში თვითგასინჯვა პუბერტული ასაკიდან უნდა დაიწყოს, მაშინ, როდესაც მეორეული სასქესო ნიშნები გამოვლინდება. ეს შეიძლება 10 წლის ასაკშიც იყოს - სწორედ ამ ასაკში მენსტრუალური ციკლი დაეწყოს, სარძევე ჯირკვალი გაიზარდოს, ბოქვენისა და იღლიის თმიანობა წამოვიდეს და შეიძლება, ვიღაცისთვის ეს ნიშნები 15 წლის ასაკში გამოვლინდეს... როდესაც პუბერტული ასაკი დაიწყება, თვითგასინჯვაც უნდა დავიწყოთ. თვითგასინჯვა მენსტრუალური ციკლის ბოლო დღეს უნდა მოხდეს. უმჯობესია, შხაპის შემდგომ. მენსტრუალური ციკლის ბოლო დღეს ქსოვილი სითხით კარგად არ არის შევსებული. არც უჯრედებია სითხით გაჯერებული. შესაბამისად, ცვლილება უფრო ადვილად შესაგრძნობია. ცხელი წყალი კი კუნთს ადუნებს. თვითგასინჯვას ყოველთვიურად უნდა მივმართოთ. 5-6 გასინჯვის შემდეგ გვეცოდინება, რა არის ნორმა. თუკი რაიმე ცვლილებას შევნიშნავთ, ექიმს აუცილებლად მივმართავთ. ქალბატონებმა, რომლებიც რეპროდუქციულ ასაკში არ არიან, ანუ მენოპაუზა აქვთ, რომელიმე ერთი კონკრეტული დღე უნდა აიღონ. მაგალითად, თუ 11 რიცხვში ვართ დაბადებული, ადვილად დასამახსოვრებელი რომ იყოს, ყოველი თვის 11 რიცხვში თვითგასინჯვას მივმართავთ.
რატომღაც გვგონია, რომ სარძევე ჯირკვლის შემოწმება, მხოლოდ ძუძუს ქსოვილის შემოწმებაა. თუმცა, ლიმფური კვანძები, რომლებიც მკერდის არეშია მიმოფანტული, ყელიდან იწყება. მათი შეშუპების მოსინჯვა შესაძლებელია, ყელის არეშიც მოხდეს და ეს სარძევე ჯირკვლის პრობლემასთან იყოს მიმართული. ყველაზე ხშირი ადგილი, რომელიც შემოწმებისას გამოგვრჩება, არის შემდეგი: იღლია შემოწმდება ხოლმე, მაგრამ იღლიასთან არსებულ სამკუთხედს, კუნთს სარძევე ჯირკვალთან კავშირში არ თვლიან. ამიტომ, როდესაც ყელის არედან შემოწმებას დავიწყებთ და იღლიამდე ჩავალთ, იღლიასთან სამკუთხედიც უნდა შევამოწმოთ, მკერდის მთლიანი მონაკვეთი ვნახოთ, ჩამოვუყვეთ მკერდის ძვალს და ნეკნებამდე ვნახოთ. ეს არე უნდა შემოწმდეს და არა მხოლოდ სარძევე ჯირკვალი.
თითის ბალიშებზე სენსორული უბნები გვაქვს და 3 თითის ბალიშებით შევამოწმო. კონკრეტულ არეს თითების წრიული მოძრაობით ვამოწმებთ. თუმცა, ეს წრიული მოძრაობები ერთმანეთს უნდა კვეთდეს.