"თბილისში 12 წლიდან მარტო ვცხოვრობდი, რადგან მამიდა გარდაიცვალა... ჩემზე ყველამ იცოდა, მარტოხელა ბიჭი რომ ვიყავი" - იმედა კახიანის რთული და საინტერესო ცხოვრების გზა - მშობლები

"თბილისში 12 წლიდან მარტო ვცხოვრობდი, რადგან მამიდა გარდაიცვალა... ჩემზე ყველამ იცოდა, მარტოხელა ბიჭი რომ ვიყავი" - იმედა კახიანის რთული და საინტერესო ცხოვრების გზა

2024-10-12 14:35:35+04:00

"ამ ხნის მანძილზე სტუდენტი ვყოფილვარ. ეკასაც და ნინისაც თეატრალურის დიპლომი აქვთ და ორივეს ვეუბნები, - ოთხ წელიწადში რა უნდა გესწავლათ? აგერ, მე 68 წელი ვსწავლობდი-მეთქი“, - იუმორით ამბობს აღიარებული მსახიობი იმედა კახიანი... მან თავის საინტერესოდ განვლილ გზას ჩვენთან ერთად გადაავლო თვალი...

- ბევრ რამეს მოვესწარი. ოთხმოცდამერვე წელში ვარ, სასაყვედურო რა მაქვს, ჩემზე ნაკლები ასაკის ამ ქვეყნიდან არავინ წასულიყოს... როცა მეკითხებიან, განვლილი ცხოვრებიდან ყველაზე კარგად რომელი დრო გახსოვთო? უკვირთ, როცა ვამბობ, ჩემთვის საუკეთესო დრო დიდი სამამულო ომის წლები იყო-მეთქი... სოფელში ვიზრდებოდი. მამა თავის დროზე ციმბირში გახლდათ გადასახლებული და ქალაქის ტიპის დასახლებში ცხოვრების უფლება არ ჰქონდა. ავადმყოფობდა, სამსახურსაც არ აძლევდნენ, როგორც პოლიტიკურად არასაიმედოს. სამტრედიის რაიონის სოფელ პატარა ეწერში, ბაბუაჩემის სახლში ვცხოვრობდით, ათ წლამდე იქ ვიზრდებოდი. დედა სკოლაში მუშაობდა, პედაგოგი გახლდათ. ბოლოს პენსიაში გავიდა, როგორც დამსახურებული პედაგოგი. მართლაც ძალიან მოწესრიგებული და კარგი მასწავლებელი იყო. მეც დედასთან ვსწავლობდი, ოთხი კლასი ამ სკოლაში დავამთავრე... მახსოვს, სოფელში როგორ უჭირდათ. კაცები ომში იყვნენ, ირგვლივ მხოლოდ მოხუცები, ქალები და ბავშვები გახლდნენ. მამას კოლექტივში არ ამუშავებდნენ. პატარა მიწა გვქონდა და ძირითადი შემოსავალი მხოლოდ დედას ხელფასი იყო. ძალიან მძიმე პერიოდი იყო. ქალები დღე და ღამე მუშაობდნენ, ოჯახებსაც ინახავდნენ და ქალაქში ქათამს, კვერცხს, მჭადის ფქვილს ნათესავებს უგზავნიდნენ... დღეს რომ იძახიან, გვიჭირსო, არ შრომობენ და აბა, რა იქნება?! სოფელში რომ ჩავდივარ, გული მისკდება... აქაც, მცხეთაში ბალახს მიაქვს ეზო. ფულს ვიხდი, პატივს ვცემ, მაგრამ ვერავინ ვერ ვნახე, ვინც გამითიბავს.

- პატარა იყავით, როცა ქალაქში, მამიდასთან გადმოხვედით...

- დიახ, ომი ახალი დამთავრებული იყო. ყველაფერი ჭირდა, თეთრი პური არ არსებობდა, შავი პური ტალონებით იყიდებოდა. მთელი დღე რიგში უნდა მდგარიყავი, ჯერ სამასი გრამის ტალონის, შემდეგ - პურის რიგში... თქვენ წარმოიდგინეთ, მაინც სულ ამას ვამბობ, როცა ძალიან გვიჭირდა, ის პერიოდი მინდა იყოს-მეთქი...

- რატომ?

- რატომ და მაშინ ირგვლივ ადამიანები იყვნენ! თბილისში 12 წლიდან მარტო ვცხოვრობდი, რადგან მამიდა გარდაიცვალა. მას ქმარი, შვილები არ ჰყოლია და სოფლელი ბავშვი პლეხანოვზე მარტო დავრჩი. ჩემები სანახავად თუ ჩამოვიდოდნენ, თორემ აქ ცხოვრების უფლება არ ჰქონდათ. სულ არდადეგებს ველოდებოდი, ერთი სული მქონდა სოფელში გავქცეულიყავი... თბილისში ჩემს მეზობლად ცხოვრობდნენ რუსები, სომხები, სხვა ეროვნების ხალხი, მაგრამ ვინ ვინ იყო, ამას არც არავინ კითხულობდა. ჩემზე ყველამ იცოდა, მარტოხელა ბიჭი რომ ვიყავი და მიუხედავად იმისა, თავადაც უჭირდათ, საკვებით ყველა მეხმარებოდა... აი, ის ურთიერთობები, ის დრო მენატრება.

განაგრძეთ კითხვა

მაშინ ასეთი ტრაგედიები იშვიათი იყო, მთელი საქართველო ჩვენ გვერდით იდგა... ძალიან ჩავიკეტე, ვერ ვლაპარაკობდი - რას ჰყვება ეკა კახიანი ძმაზე, რომელიც მძიმე დაავადებას ემსხვერპლა