2010 წელს გელა დაიაურის ოჯახში მომხდარმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. მუცოს ხეობაში მანქანა, რომელშიც 10 ადამიანი, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვები ისხდნენ, ხევში გადავარდა და 7 მგზავრი დაიღუპა. დაიღუპნენ პოეტ გელა დაიაურის მეუღლე თეონა ქუმსიაშვილი და მისი ორი ვაჟი, ასევე თეონას და, მანქანის მძღოლი - ბერდია არაბული, მისი მეუღლე და მათი შვილი. ტრაგედიას სასწაულებრივად გადაურჩნენ გელა დაიაური, მისი ცოლისძმა და გელას დეიდაშვილი, თეონა ჭინჭარაული. ახლახან თეონამ ტრაგედიის შესახებ გადაცემაში "როგორ გადავრჩი" ისაუბრა:
- იმ ამბავს სასწაულით გადავურჩი. 2010 წელი იყო. ჩვენთან, ხევსურეთში დღესასწაული, ათენგენობა იწყებოდა. გელა დაიაური თავისი ოჯახით და მძღოლი ასევე თავისი ოჯახით ამოვიდნენ. მცირეწლოვანი, 4 თვის პატარა ჰყავდათ. მეორე დღეს წავედით ზემოთ, სოფელში, სადაც დღესასწაული იწყებოდა. მოსალოცად მივდიოდით. შატილიდან 22-24 კილომეტრშია. დღესასწაული ჩატარდა და უკან როდესაც ვბრუნდებოდით, ეს უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა. საღამოს 4-5 საათი იქნებოდა. მძღოლი ჩვეულებრივი სიჩქარით მიდიოდა. თუმცა, გზა ცუდი იყო, შესახვევი ადგილებით. ტრაგედია სიჩქარის გამო არ მომხდარა. იმ მომენტში რაც დამამახსოვრდა, იყო ის, რომ თავიდან ბერდოს მეუღლემ, სოფომ მომაწოდა ბავშვი. ბავშვის ჩანთაში რაღაც ნივთს ეძებდა და ვერ პოულობდა. მე მძღოლის უკან ვიჯექი. ჩემს გვერდზე იჯდა თეო, თეოს გვერდზე კი მისი და. მათ ბავშვები ჰყავდათ. სოფომ პატარა მე მომაწოდა. ნივთს რომ ეძებდა, ბავშვი მე მეკავა. სამივე ტიროდა და მე ბავშვს დავყურებდი. უცებ, ხმა შემომესმა: "ბერდო, რას აკეთებ?!" რომ ავიხედე, ბერდიამ საჭეს ხელი ჩამოარტყა და მანქანა გვერდზე გადაიწია. შემდეგში როცა ვიხსენებდი, მას გული გაუჩერდა. ჩვეულებრივ გზაზე მიდიოდა, მაგრამ ბერდიას გადავარდნა მეხსიერებაში დამრჩა. საჭეს ხელი ჩამოარტყა და გადაიწია. მანქანაც ხევში, მდინარეში ჩავარდა. იქამდე ჩვეულებრივ მივდიოდით, ვსაუბრობდით, არანაირი დაძაბულობა, არც შიში. ამ ამბის მერე გავიგეთ, რომ მძღოლს გულზე პრობლემები ჰქონდა და ოპერაციას აპირებდა კიდეც.
ეს ყველაფერი წამიერად მოხდა. გააზრებაც ვერ მოვასწარი. პატარას დავყურებდი, რომ ავიხედე, საჭისთვის ხელის ჩამოარტყა და გვერდზე გადავარდნა ერთი იყო. მანქანა რომ გადატრიალდა და სანამ გონება მქონდა, შეგრძნება მქონდა, თითქოს, ორი ბრუნი გააკეთა. თუმცა, სინამდვილეში რომ გადატრიალდა, ხევში ზურგით ჩასრიალდა. გადატრიალების მომენტიდან გადარჩენას მამა გაბრიელს ვთხოვდი. მანქანა რომ გადატრიალდა, ყველა ერთმანეთს ვეჭიდებოდით. ალბათ, გასვლას ყველა ვცდილობდით. მანქანა წყლით ივსებოდა. ხელებში პატარა შემრჩა. რომ დავხედე, პირს ამოძრავებდა. მერე მდინარემ ისევ ჩამატრიალა. მდინარემ მანქანიდან გამოგვიტანა. მერე აღარაფერი მახსოვს. სადღაც 1 კილომეტრზე თეონა უტარებია, ნახევარი კილომეტრი, როგორც ადგილობრივებმა მითხრეს, მე მატარა. სხვებიც მანქანასთან ახლოს იყვნენ და ამოიყვანეს. როდესაც მდინარიდან ამომიყვანეს, დროდადრო გონებაზე მოვდიოდი. ხმები მესმოდა და გონებაზე რომ მოვედი, თვალწინ ისევ ის სურათი მედგა. წესიერად ვერ ვხედავდი. კლინიკაში რომ გადამიყვანეს, ყველაფერი მაშინ გავიაზრე. სხვებს რომ ვკითხულობდი, მიმალავდნენ. ბიძაჩემი ქირურგია და ჩემთან მას და დედაჩემს უშვებდნენ. ის რომ შემოუშვეს, მეფერებოდა, თავთან მედგა, ცრემლებს იწმენდდა და მეუბნებოდა, შენ გენაცვალე, როგორ გადარჩიო. ვკითხე, მარტო მე გადავრჩი-მეთქი და მითხრა, რომ გელა და მისი ცოლისძმა. მაშინ უკვე სიმართლე გავიგე. როგორც ვიცი, მანქანის უკანა მხარემ აიწია. სანამ წყლით მთლიანად გაივსებოდა, სივრცე იყო. პირადად გელასთან და თორნიკესთან ამაზე არ მისაუბრია. მე ჩემი ბიძაშვილის მეუღლემ მიპოვა. როდესაც ეს დღესასწაული დამთავრდა, პირველი ჩვენი მანქანა იყო, მერე სხვა მანქანები. ყველა ახლობელი და ნათესავი იყო. ისინი ამ ავარიას შეესწრნენ.