"ვიქტორია სიქრეთის" შთამბეჭდავ შოუს არაერთი გმირი ჰყავდა. ჩვენთვის მთავარი გმირი მატილდა გვარლიანი იყო - პირველი ქართველი მოდელი, რომელიც ამ გრანდიოზულ ჩვენებაზე მოხვდა. ასევე განსაკუთრებული იყო 78 წლის შერის გამოსვლა. ყველაზე მეტად იმის გამო, რომ შერი ასაკისთვის წარმოუდგენლად კარგად გამოიყურება და სცენაზე ახალგაზრდა მომღერალივით მოძრაობს.
როგორც თავად ამბობს, ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად რამდენიმე საიდუმლო აქვს. პირველ რიგში ის არის მისი საიდუმლო, რომ თავს ხანდაზმულად არ მიიჩნევს და ახალგაზრდულად ფიქრობს და გრძნობს. არასდროს ითვლის წლებს, თვალს ადევნებს ტენდენციებს და ახალგაზრდების გარემოცვაში ტრიალებს. ბოლო პერიოდში შეყვარებულიც ბევრად ახალგზრდა ჰყავს. მის გვერდით მასზე 40 წლით უმცროსი მუსიკალური პროდიუსერი და რეპერი ალექსანდრ ედვარდსია, რომელზეც დაინიშნა კიდეც.
"სიყვარულმა მათემატიკა არ იცის. შეყვარებული ვარ, მაგრამ სიყვარულით არ დავრბმავებულვარ. არაფრის ახსნას არ ვაპირებ, რადგანაც ისინი, ვინც მაკრიტიკებენ, ისევ გამაკრიტიკებენ. ამას ახლა მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენ ბედნიერები ვართ და ამით ხელსაც არავის ვუშლით." - დაწერა მომღერალმა. შერმა ასევე აღნიშნა ისიც, რომ ალექსანდრი ორი წლის წინ მოდის კვირეულზე გაიცნო და ოჯახის წევრებსაც გააცნო.
მომღერალი ასევე ამბობს, რომ გენეტიკაც ეხმარება. პლასტიკური ქირურგებისთვისაც არაერთხელ მიუმართავს, თუმცა ფიზიკურადაც რომ ახალგაზრდად იგრძნოს თავი, ფორმა შეინარჩუნოს და ახალგაზრდულად იმოძრაოს, ამაში ეხმარება ის, რომ უარს ამბობს მავნე ჩვევებზე. არ ეწევა და არ სვამს, რადგან მისი თქმით, ეს ცუდად აისახება კანსა და თმაზე. ჯანსაღად იკვებება, ერიდება ზედმეტ ცხომებს და ნახშირწყლებს. არ მიირთმევს ხორცს, მკაცრად ზღუდავს ყველს და რძეს. იშვიათად მიირთმევს ტკბილეულს და შოკოლადს.
ბევრს ვარჯიშობს, მუშაობს საკუთარ თავზე და გამუდმებით ვითარდება.
ცნობისათვის, შერის ნამდვილი სახელი და გვარი შერილინ სარქისიანია. ის 1946 წელს დაიბადა ამერიკაში. დედა ამერიკელი იყო, მამა კი ჯონ (კარაპეტ) სარქისიანი, სომხეთიდან ემიგრირებული, ტრაილერზე მუშაობდა. წყვილი შერის დაბადებისთანავე განქორწინდა და შერმა მამა პირველად 11 წლისამ ნახა.
თავიდანვე ოცნებობდა მსახიობობაზე და ჯერ კიდევ ბავშვობაში ხვეწდა ხელმოწერას მომავალი ავტოგრაფებისთვის. 16 წლისა კი ლოს-ანჯელესში გაემგზავრა, სადაც ერთ-ერთ კაფეში გაიცნო მომავალი მეუღლე და პროდიუსერი სონი ბონო.
ბონოს შერი მოეწონა და თავისთან ცხოვრება შესთავაზა, ოღონდ სანაცვლოდ შერს უნდა დაელაგებინა და საჭმელები ეკეთებინა. მალე წყვილს ერთმანეთი შეუყვარდა და დაქორწინდნენ. იმ დროისთვის შერი უკვე მღეროდა, ბონო კი სოლოალბომის ჩაწერაში და სერიოზული კარიერის აწყობაში დაეხმარა. მალე შერმა არა მხოლოდ მომღერლობით, მსახიობობითაც გაითქვა სახელი და ნამდვილი ვარსკვლავი გახდა.1969 წელს ეყოლა პირველი შვილი, რომელსაც იმ ფილმის სახელი უწოდა, რომლის გადაღებების დროსაც დაორსულდა - "ჩესტიტი".
არც ისე დიდი ხნის წინ ჩესტიტიმ ტრანსგენდერ მამაკაცად გამოაცხადა თავი და ჩეზ ბონო გახდა.
სონისთან განქორწინების შემდეგ შერი კიდევ ერთხელ დაქორწინდა მუსიკოს გრეგ ოლმანზე, რომლისგანაც 1976 წელს ვაჟი ელაიჯა ბლუ ოლმანი გააჩინა.
ქმართან ხმაურიანი განქორწინების შემდეგ, კარიერის დასაწყისში ტომ კრუზთან ჰქონდა ურთიერთობა. მაშინ ტომი 23 წლის იყო, მომღერალი კი - 38-ის. მის ყოფილ თაყვანისმცემლებსა და პარტნიორებს შორის არიან გიტარისტი რიჩი სამბორა, რომელიც მასზე 13 წლით უმცროსი იყო და Marvel-ის კომიქსების მწერალი და ავტორი რონ ციმერმანი, რომელიც შერზე 12 წლით უმცროსი იყო.