"თავის მოვლა კი არა, ხან ყავის დალევას ვერ ვასწრებ და რამდენი ხანია, არ მიძინია ადამიანურად... ხან მთელი დღე ხალათით დავდივარ, ჩაცმას ვერ ვასწრებ" - მშობლები

"თავის მოვლა კი არა, ხან ყავის დალევას ვერ ვასწრებ და რამდენი ხანია, არ მიძინია ადამიანურად... ხან მთელი დღე ხალათით დავდივარ, ჩაცმას ვერ ვასწრებ"

2024-10-22 11:26:33+04:00

დედები ხშირად აღნიშნავენ, რომ შვილების მოვლისა და ოჯახური საქმეების პარალელურად, საკუთარი თავისთვის დრო აღარ რჩებათ. ყოველდღიურად უამრავი საზრუნავი, პასუხისმგებლობა, ბავშვების მოწესრიგება, მათ განათლებასა და განვითარებაზე ფიქრი, საკვებზე ფიქრი და მომზადება, როგორც წესი, დიდ დროს მოითხოვს და ერთგვარ რუტინად იქცევა. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, ქალებმა თავიანთ თავზე იფიქრონ. ბავშვებს ხომ ბედნიერი მშობლები სჭირდებათ. ვთხოვეთ დედებს, გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება, შვილების მოვლისა და ოჯახური საქმეების შემდეგ რამდენად რჩებათ დრო თავის მოვლისა და დასვენებისთვის:

  • ძალიან რთულია, მაგრამ აუცილებელია. თავიდან ძალიან მიჭირდა საკუთარი თავისთვის დროის გამონახვა, მაგრამ ახლა პრიორიტეტულია, რა თქმა უნდა, საკუთარი თავის კომფორტი. მე ეს ძალიან მაბედნიერებს და ასე ბედნიერად ვეკონტაქტები ჩემს ოჯახს. დედა აუცილებლად უნდა იყოს ბედნიერი, რომ ოჯახში ჰარმონია სუფევდეს.
  • გააჩნია, რამდენი შვილი გყავს. თუ 1 შვილი გყავს, მოასწრებ. მე 3 შვილი მყავს. ვნატრობ, როდის მოვა 10 საათი, რომ დავიძინო. მე ბედნიერი მაშინ ვარ, როცა ჩემი შვილები ჯანმრთელები და წარმატებულები არიან.
  • მუშაობასაც ვასწრებ, შვილის მოვლასაც, სახლის დალაგებასაც, მოწესრიგებასაც, 8 სთ მინიმუმ ღამე გამოძინებასაც და შესაშურ ხასიათზე ვარ მუდამ.
  • ჯერ საკუთარი თავი და შემდეგ ოჯახის საქმეები...
  • ოჯახს და სამ სამსახურს მორგებული ქალი სრულიად ვასწრებ ამ ყველაფერს...თავსაც გადასარევად ვუვლი, დასვენების და 9 საათი ძილის დროც მაქვს.
  • კი, რადგან ეს აუცილებელია. სასიცოცხლოდ აუცილებელი.
  • აუცილებლად უნდა დავიტოვოთ დრო ჩვენი თავისთვის.
  • დროს თუ სწორად გადაანაწილებ, ყველაფრისთვის დაგრჩება.
  • კი, დრო ღამით 7-საათიანი ძილისთვის მრჩება.
  • 24 საათი ამ ყველაფრისთვის საკმარისი არ არის.
  • თავის მოვლისთვის, რა თქმა უნდა, და დასვენება რა არის?
  • ვცდილობ, მაინც ფორმაში ვიყო ჯერ ჩემი თავისთვის, მერე მეუღლისთვის და მერე შვილებისთვის.
  • არა, დრო საერთოდ არ მრჩება.
  • "თავის მოვლა კი არა, ხან ყავის დალევას ვერ ვასწრებ და რამდენი ხანია, არ მიძინია ადამიანურად... ხან მთელი დღე ხალათით დავდივარ, ჩაცმას ვერ ვასწრებ. პატარები მყავს - 2 და 3 წლის და ფაქტობრივად არც მძინავს, მთელი ღამე ვდარაჯობ ბავშვებს. ეპილაციაზე მინდა წასვლა და ისიც ვერ მოვახერხე. ქმარი მთელი დღე მუშაობს და ვერ ვტოვებ ბავშვებს. უფრო ხშირად დრო არ არის, უცებ დრო გამოჩნდება და ფული არ გვყოფნის... იმის იმედი მაქვს, ცოტა გაიზრდებიან და მეშველება..."

გადაღლილი მშობლები ჩვენთან ხშირად წერენ ხოლმე თავიანთი გამოცდილების შესახებ. ზოგიერთი ყოველდღიური რუტინისაგან იმდენად დაღლილია, რომ ემოციებსაც კი ვერავის უზიარებს. ერთ-ერთ ასეთ თემაზე მუშაობისას ფსიქოლოგ ნინო კერესელიძეს ვესაუბრეთ და ინტერვიუდან პატარა ფრაგმენტს გაგიზიარებთ:

- არის სიტუაციები, როდესაც მხოლოდ საკუთარი გადმოსახედიდან აღვიქვამთ პრობლემას. ეს იქნება დედობა, დაღლის ხარისხი თუ სხვა. თუ 5 შვილი მყავს და კარგად ვუმკლავდები ოჯახურ სიტუაციას, შემიძლია ჯანსაღი კომუნიკაცია ბავშვთან, ეს არ ნიშნავს, რომ სხვასაც იგივე ფსიქოემოციური რესურსი აქვს, რომ ეს განახორციელოს. ან თუნდაც იგივე მხარდაჭერა ოჯახისა და მეუღლის მხრიდან, რომელიც მსგავს სიტუაციაში ძალიან მნიშვნელოვანია. მშობლობა არ ნიშნავს მხოლოდ დედის მხრიდან მშობლობას. წყვილის პასუხისმგებლობები გადანაწილებული უნდა იყოს. როდესაც ქალების დიდი ნაწილი საკუთარი ვიწრო პრიზმიდან უყურებს პრობლემას, ამას, ერთი მხრივ, ბულინგის ფორმა აქვს მიღებული. ხოლო, მეორე მხრივ, საკუთარ თავს არწმუნებენ, რომ კარგი მშობლები არიან. აქაც ინდივიდუალურ, პიროვნულ შეფასებამდე მივდივართ, რადგან როდესაც შეურაცხმყოფელი, გამკიცხავი კომენტარები ჩნდება, ამ დროს ცდილობენ, საკუთარი თავი და პოზიციონირება წარმოაჩინონ. სამაგიეროდ, რისი დათმობა უწევთ, რამდენ სირთულეს აწყდებიან ან რამდენჯერ იტირეს ჩუმად საბანში, საჯაროდ არ ამბობენ. მხოლოდ პოზიტიურ და ძლიერ ნაწილზე აკეთებენ ხოლმე აქცენტს.

პირველ რიგში, მინდა დედებს ვუთხრა, რომ ბავშვები არ მოსულან ამ ქვეყნად იმისათვის, რომ თქვენი ცხოვრება გააუბედურონ ან გაახალისონ. ისინი მოვიდნენ მხოლოდ იმისთვის, რომ თქვენთან ერთად გარკვეული დროის განმავლობაში იყვნენ. შესაბამისად, ჩვენი პასუხისმგებლობაა, თუნდაც 18 წლამდე მაქსიმალურად ვიზრუნოთ და ხელი შევუწყოთ მათ განვითარებას. როდესაც ადამიანი მშობელი ხდება, ის უკვე იღებს პასუხისმგებლობას და აცხადებს მზაობას, რომ შვილთან ერთად იყოს, მისთვის რთულ პერიოდში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს თავზე, ემოციურ მდგომარეობაზეც ვიზრუნოთ. გადავხედოთ ინფორმაციას, შევისწავლოთ წინასწარ, დაახლოებით რისთვის უნდა ვიყოთ მზად, რომ მოლოდინები რეალობას არ ასცდეს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია,რომ არ დაკარგონ საკუთარ თავში ქალის ნაწილი და მთლიანად დედა არ გახდნენ. ასეთ დროს, როდესაც ქალისგან მხოლოდ დედა რჩება, არასრულფასოვნების განცდა აქვთ. თუ ამაში გარემოც ხელს უწყობს, რა თქმა უნდა, სიტუაცია რთულდება. ამიტომ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დედობა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი როლია, მაგრამ საკუთარ თავზეც უნდა ვიზრუნოთ.

ხანდახან ვერ ვიტან ჩემს შვილებს, არ მყოფნის ენერგია და ნერვები დედობისთვის... - გულახდილი წერილი და ფსიქოლოგის პასუხი