ჯერ ყელის ტკივილს არ გაუვლია ბოლომდე და ისევ ბრონქიტი დაეწყო... სურდომ გაუარა, ახლა ტემპერატურამ აიწია - ასეთ უსასრულო წრეზე დადიან ზოგჯერ პატარები და მშობლებს ეჩვენებათ, რომ სულ ავად არიან. რა თქმა უნდა, ყველაფერს სუსტ იმუნიტეტს აბრალებენ.
ცნობილი უკრაინელი პედიატრი ევგენი კომაროვსკი დარწმუნებულია, რომ თუ ბავშვი საბავშვო ბაღში ან სკოლაში დადის და რესპირატორულ-ვირუსული ინფექცია წელიწადში 6-დან 12-მდე ემართება, ეს ნიშნავს, რომ ის "ჩვეულებრივი, ნორმალური ბავშვია" და მის იმუნიტეტს მკურნალობა არ სჭირდება.
”ეს იმაზე მეტყველებს, რომ ბავშვი არა მხოლოდ ხშირად ავადდება, არამედ ხშირადაც გამოჯანმრთელდება. როდესაც ადამიანი ვერ იტყვის ფრაზას ”გამოვჯანმრთელდი”, მაშინ კი ზომების მიღებაა საჭირო. როცა თითქმის გამუდმებით ავად ხარ, როცა ყოველი დაცემინება გართულებებით სრულდება.მაგრამ თუ ადამიანი ავადდება და სწრაფად გამოჯანმრთელდება, ეს ნიშნავს, რომ მას ნორმალური იმუნიტეტი აქვს”, - ამბობს კომაროვსკი.
ექიმის თქმით, იმუნიტეტის დაქვეითებას ერთი მთავარი ნიშანი აქვს: ადამიანი თითქმის მუდმივად ავად არის.
”არსებობს ორი უნივერსალური ნიშანი იმისა, რომ თვითმკურნალობა უნდა დასრულდეს. დაუკვირდით 2 სიმპტომს - თუ ასეთი სიმპტომი აქამდე არასდროს გქონიათ ანუ პრობლემა ცხოვრებაში პირველად გაჩნდა, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. და მეორე: თუ ზედიზედ ორი დღე იტყვით ფრაზას „დღეს გუშინდელზე უარესად ვარ“ ამ დროსაც ექიმია საჭირო.