2024 წელი საკმაოდ რთული აღმოჩნდა მეფე ჩარლზისთვის. თებერვალში გამოაცხადა, რომ სიმსივნე აღმოუჩინეს და გარკვეული პერიოდი ოფიციალურ მოვალეობებსაც არ ასრულებდა. რამდენიმე თვეა, ნელ-ნელა დაიწყო საჯარო გამოსვლები, ცოტა ხნის წინ პირველად იყო დიდი ხნის შემდეგ ვიზიტით საზღვარგარეთ. ცოლთან - კამილასთან ერთად ავსტრალიაში გაფრინდა. ცოლ-ქმარი ოფიციალურ პირებს შეხვდა და ავსტრალიელი აბორიგენებიც მოინახულა. თუმცა ამბობენ, რომ წყვილი ფრთხილად გადაადგილდება ქვეყნის შიგნით, რადგან მათ გამგზავრებამდე ბარათი მიიღეს ვინმე საიმონ დორანტე-დეისგან, როელიც დიდი ხანია ამტკიცებს, რომ წყვილის უკანონო შვილია და ძალიან უნდა მშობლებთან შეხვედრა.
საიმონმა რამდენიმე წლის წინ გამოაცხადა ეს ამბავი და დიდი აჟიოტაჟიც მოჰყვა ამას. ოფიციალურად ცნობილია, რომ ჩარლზს და კამილას შვილი არ ჰყავთ. თუმცა საიონი ამტკიცებს, რომ ის 1965 წელს ჩაისახა, როცა წყვილს რომანტიკული ურთიერთობები ის-ის იყო დაწყებული ჰქონდათ. მაშინ კამილა 18 წლის იყო, ჩარლზი - 17-ის. მისი თქმით, სამეფო ოჯახმა გადამალა უკანონო შვილი და საიმონი გადასცა უინიფრედ და ერნესტ ბოულდენებს, რომლებიც ელისაბედ მეორესთან მუშაობდნენ. რვა თვისა კი გადასცეს კარენ და დევიდ დეიებს და ავსტრალიაში აღმოჩნდა მათთან ერთად.
ოფიციალურად კი კამილასა და ჩარლზის შეხვედრის თარიღად მიიჩნევა არა 1965, არამედ 1970 წელი, როცა მომავალი წყვილი პოლოს მატჩზე გადაიკვეთა.
დორანტე ამბობს, რომ ძიება ჩაატარა და მისი გამოკვლევებით, ჩარლზმა კამილა ბევრად ადრე, 1965 წელს გაიცნო უინსტონ ჩერჩილის დაკრძალვაზე. იმასაც ამტკიცებს, რომ მისი დაბადების შესახებ პრინცესა დიანამაც იცოდა, თუმცა მასაც გაჩუმება უბრძანეს.
აქამდე საიმონი ფოტოების გამოქვეყნებას და პრესასთან საუბარს სჯერდებოდა, ახლა კი გადაწყვიტა, პირადად შეხვდეს სამეფო წყვილს, რათა სამხილები წარუდგინოს და დნმ-ის ტესტის გაკეთება სთხოვოს. როცა გაიგო, რომ წყვილი ავსტრალიაში მიფრინავდა, ეს დიდ გამართლებად მიიჩნია და საჯაროდ გამოაცხადა საკუთარი სურვილის შესახებ, რის შემდეგაც მეფეს და დედოფალს დამატებითი დაცვა გამოუყვეს.
საეჭვოა, საიმონი "დედ-მამას" შეხვდეს. მით უმეტეს, რომ ჩარლზის ტური ისედაც რთული აღმოჩნდა - მის ვიზიტს არაერთი პროტესტი მოჰყვა.