ჰუმანური პედაგოგიკის ფუძემდებელი, აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი მასწავლებლებს ურჩევს, თუ როგორ შეაყვარონ თავი მოსწავლეს. დიდი პედაგოგის თქმით, თუ ბავშვს მასწავლებელი უყვარს, ის მის საგანსაც შეიყვარებს. როგორ უნდა შეაყვაროს მასწავლებელმა ბავშვს თავი? აი, რას გვირჩევს შალვა ამონაშვილი:
- პატივი ეცი ბავშვს;
- არ დააბეზღო ბავშვი მშობელთან. პირიქით, ბავშვი მშობლის თვალში აამაღლე. მშობელი გაოცებული უნდა დარჩეს, თურმე როგორი ყოფილა და არ ვიცოდიო.
- წაეშველე ბავშვს, როცა რაღაც სჭირდება, გვერდით იყავი.
- არ გააკრიტიკო ბავშვი, პირიქით, შეამკე მაშინაც კი, როცა შესამკობი არაფერი აქვს. შეიძლება ცელქია, მოუსვენარია, ხელს გიშლის, რით უნდა შევამკოო, იკითხავს მასწავლებელი. მოუძებნე რამე, ვითომ, ასეთია. ვითომ გულისხმიერია, მეგობრულია, კეთილია. მიაწერე ეს თვისებები, რათა მან დაიჯეროს და მართლაც ამ თვისებებს მიეძალოს. შემკობის მეთოდი არაჩვეულებრივია.
"აი, ამ გზებით შეუძლია მასწავლებელს ბავშვს თავი შეაყვაროს. ხოლო როცა ბავშვს მასწავლებელი უყვარს, იმას მათემატიკაც უყვარს, წერაც - ყველაფერი, რაც საყვარელი მასწავლებლისგან მოდის." - ამბობს შალვა ამონაშვილი.