ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორი გია არაბიძე გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს, როგორ შეგვიძლია, დავზოგოთ ხარჯები გათბობის ჩართვისას და რა ტიპის გამათბობელი არ უნდა გამოვიყენოთ სახლში:
- თუ გათბობის ქვაბს 60-58 გრადუსზე მაღლა არ დავაყენებთ, ეს არის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი, რომ გაზის მინიმალური რაოდენობა დავხარჯოთ. 60-გრადუსიანი წყალი, რომელიც თქვენთან ქსელში და რადიატორებში მოდის, სრულიად საკმარისია ბინაში 21-23 გრადუსის დასაკავებლად.
მაგალითად, ნორვეგიაში ჭკვიანი ხელსაწყოები აქვთ, მას აყენებენ და როცა სახლში არ არიან, ტემპერატურა მინიმუმამდე დაიწევს. დაახლოებით, 20%-იანი ეკონომია აქვთ.
შეიძლება, ხელოვნურად, გათბობის ქვაბთან მივიდეთ, ტემპერატურას დავუწიოთ და 50 გრადუსი დავაყენოთ. 10 გრადუსი მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ხარჯები შევამციროთ.
გარდა ამისა, ნელ-ნელა ჭკვიანი ტექნოლოგია ჩვენთანაც შემოდის. შესაბამისად, პირობითად, პროგრამის თანახმად, როდესაც ღამის 12 საათი გახდება, ქვაბი თავად ავტომატურ რეჟიმში დაუწევს ტემპერატურას და დილით 6 საათზე აუწევს. თუ არ გჭირდებათ, რადიატორებს ყველას აქვს თავისი საჭერი, რომელიც შეიძლება, სისტემური ქსელიდან ამოაგდოთ და ხარჯი მოგაკლდებათ. თუ კონკრეტულ ოთახში გათბობა არ გჭირდებათ, რადიატორის გამორთვა შეგიძლიათ. გათბობის ქვაბსაც მინიმალური დატვირთვა უნდა ჰქონდეს. თუ ყველა რადიატორი გამოვრთეთ და ერთი დავტოვეთ, მაშინ გათბობის ქვაბს ექმნება პრობლემა. ამიტომ, ქვაბის მინიმალური დატვირთვა რაც არის, იმაზე თუ დატოვებთ და სხვა რადიატორებს გამორთავთ, პირიქით, ეს ძალიან მომგებიანია.
კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ღია წვით მომუშავე დანადგარები აბსოლუტურად ამოვიგდოთ თავიდან. თბილისში ხართ, თუ რეგიონებში - არავითარ შემთხვევაში ეს დანადგარები გათბობისათვის არ გამოვიყენოთ. ის დაყოვნებული ბომბია. საკმაოდ იაფი, ირანული წარმოშობის ღია წვის დანადგარები, რომლებიც ჰაერს წვისათვის ოთახიდან, ბინიდან მოიხმარს და წვის ნაწარმს, კვამლს ოთახშივე უშვებს. ძალიან ეფექტურია, წამიერად ათბობს, თუმცა ჟანგბადს ახშობს, წვის ნაწარმს გამოყოფს და მოწამვლის პერიოდი იწყება. ამ დანადგარების გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია.