არჩევნების დამთავრების შემდეგ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია აქტიურად საუბრობს იმაზე, რომ საარჩევნო ბიულეტენებში კონკრეტული პარტიის გასწვრივ გაფერადებული წრე მეორე მხრიდან ჩანდა და ამომრჩევლის ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა. ცესკო ბრალდებას უარყოფს. სოციალურ ქსელებში კი ადამიანები თავიანთი გამოცდილებების შესახებ წერენ.
ექიმი ნინო ნადირაძე ამ ფაქტს გამოეხმაურა და დაწერა:
"22 წლის წინ ფეხმძიმობის ტესტი გავიკეთე, არ გამოჩნდა მეორე ხაზი, ამოვისუნთქე და გავიქეცი სამსახურში, ტესტი სარეცხ მანქანაზე დამრჩა, 3 დღეში გენერალური დალაგება მქონდა, სარეცხი მანქანის უკან რომ ვასუფთავებდი, ტესტი ვიპოვე, მეორე ხაზიც იყო, 9 თვეში ივიკოც დაიბადა, ამ მეორე მხარეს გამოჩენილ მელანზე გამახსენდა, ბიულეტენის ჩაცურების დროს, ზუსტად მახსოვს არ ჩანდა არაფერი, ერთი საათის მერე რა იყო, ნამდვილად ვერ ვიტყვით.“ - წერს ნინო ნადირაძე.