სულ ახლახან იუთუბ-არხზე გამოჩნდა ცნობილი ჟურნალისტის ქსენია სობჩაკის რეპორტაჟი რუსეთში საკმაოდ ცნობილ და გავლენიან იოგის ოსტატზე, იმრამ კრიიაზე, რომელსაც სექტის დაფუძნებასა და გოგონებზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. რეპორტაჟში ხუთმა გოგონამ გულახდილად ისაუბრა, თუ როგორ ისარგებლა იმრამმა მათი ნდობით და გამოუცდელობით, როგორ გააუპატიურა ისინი და მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმები დაუტოვა.
სინამდვილეში, კულტის ლიდერს იმრან მუსახანოვი ჰქვია. 56 წლისაა და ესენტუკშია დაბადებული. პროფესიით მშენებელია, თუმცა ერთხელაც ინდოეთში გაემგზავრა და სულიერმა პრაქტიკებმა გაიტაცა. ისწავლა სანსკრიტი, ურთიერთობა დაამყარა ჰიმალაელ განდეგილებთან და მისივე მტკიცებით, დალაი ლამა XIV-სთან ჰქონდა ვრცელი საუბარი. ახალი სულიერი სახელიც მიიღო ინდოეთში - სვამი კრიიანატხ გაუტამ-რიში მუნი ავადხუტ იმრამ გირიჯი და ახლა ბრამინებს უმაღლეს კასტას მიეკუთვნება.
სამშობლოში დაბრუნებულმა საკუთარ თავს ბერი უწოდა და დაიწყო მთელი ქვეყნის მასშტაბით ლექციების ჩატარება. მან ე.წ. კრიია-იოგის სწავლება დაიწყო, რომელიც ენერგიასა და ჩაკრებზე მუშაობის შედეგად არის დაფუძნებული. მისი ხელმძღვანელობით მისი მიმდევრები აკეთებენ სპეციალურ ვარჯიშებს - კრიიებს, რომელთა დროსაც ცალკეული კუნთები იჭიმება და სუნთქვითი ვარჯიშები სრულდება. მისი თქმით, ეს ვარჯიშები ძალიან დადებითად მოქმედებს ზოგად ჯანმრთელობაზე.
ასევე ამბობს, რომ მისტიკოსია, რომელიც რეალობას ცვლის. თმა და წვერი მოიზარდა და სახელი გაითქვა, როგორც სულიერმა ფსიქოლოგმა და მუსიკოსმა.
სოციალურ ქსელში შექმნა თავისი სახელით გვერდი, იუთუბ-არხი, ავრცელებს ვიდეოებს, ლექციებს, აზიარებს ვარჯიშებს. ასევე პოზიციონირდა, როგორც მუსიკოსი და თავისი ჯგუფი აქვს, რომელშიც მისი ცოლი და შვილი უკრავენ.
თუმცა პოპულარობის ზრდასთან ერთად, მალევე გამოჩნდა კრიტიკაც. ბევრმა დაიწყო საუბარი იმაზე, რომ იმრამი სინამდვილეში შარლატანია და სექტა შექმნა, ადამიანებს თავისი გავლენის ქვეშ აქცევს და სარგებლობს მათი სისუსტეებით.
აქამდე მხოლოდ აქა-იქ ისმოდა ეს ბრალდებები, ახლა კი რეალური ადამიანები გამოჩნდნენ, გოგონები, რომლებმაც ხმის ამოღება გადაწყვიტეს.
ერთი გოგონა, ანგელინა ამბობს, რომ 2010 წელს 16 წლისა აღმოჩნდა იმრამთან. მეგობარმა დაპატიჟა მის კონცერტზე, სადაც თავად იმრამიც გაიცნო. მან კი შინ დაპატიჟა, იოგაში სავარჯიშოდ. პირველი ვიზიტი არ მოეწონა, მოეჩვენა, რომ სექტაში მოხვდა და აღარ წავიდა. თუმცა რამდენიმე წელში ისევ შეხვდა იმრამს საერთო ნაცნობების წრეში. მაშინ უკვე 20 წლის იყო და ბოიფრენდმა მიიყვანა იმრამთან, რომ გოგონა დეპრესიისგან განეკურნა. იმრამმა გამოაცხადა, რომ გოგონას ხერხემალზე ჰქონდა პრობლემა და პრაქტიკა შესთავაზა, რომელიც განკურნავდა. სინამდვილეში კი ეს სექსი იყო. მას ეს არ უნდოდა, მაგრამ ამბობს, რომ იმრამმა აიძულა და თან აუკრძალა ამაზე საუბარი.
მოგვიანებით ანგელინამ შეიტყო, რომ ადამიანებს, რომლებიც იმრამთან დადიოდნენ, ბევრი პრობლემა შეექმნათ. შეიტყო გაუპატიურებების შესახებაც. "გავიგე, რომ სექტაში 15 წლის გოგონებიც იყვნენ. მაშინვე მივხვდი, რომ საგამოძიებო ორგანოებისთვის უნდა მიმემართა", - ამბობს ანგელინა. თუმცა იმრამი მას თავად დაემუქრა, რომ ცილისწამებისთვის უჩივლებდა, თუ მსგავსი ინფორმაციის გავრცელებას განაგრძობდა.
კიდევ ერთი გოგონა, დაშა, 15 წლისა იყო, როცა იმრამი გაიცნო. ისიც დეპრესიაში იყო და იმრამის შესახებ გაიგო მეგობრისგან, რომელიც ანორექსიით იტანჯებოდა. "როცა მას მივმართე, მომწერა, რომ მიცნობდა წარსული ცხოვრებიდან, რომ ჩემი ნამდვილი ცხოვრებაა სუნდარა. შემომთავაზა, პირადად შევხვედროდი და განგვეხილა. მანქანით მომაკითხა და ტყეში წამიყვანა. თან მეკითხებოდა ოჯახზე, ცხოვრებაზე, მამაკაცებზე. ძალიან ბრძენი და მამაკაცური მომეჩვენა მე, მაშინ პატარა გოგოს. უფრო ხშირად დაიწყო ჩემთან შეხვედრა, ვეგანურ კვებაზეც კი გადავედი მისი თხოვნით", - ყვება დაშა. მისივე თქმით, იმ პერიოდში ფაქტობრივად მოყვეტილი იყო გარე სამყაროს. ერთხელ იმრამმა უთხრა, რომ გოგონას ხერხემლის პრობლემა ჰქონდა და უნდა ემკურნალა. ნაქირავებ ბინაში წაიყვანა და მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა...
კიდევ ერთი გოგონა, ნასტია ყვება, რომ ის იმრამის უჩვეულო მუსიკამ მიიზიდა. თავადაც მუსიკოსია. გაცნობის მომენტში ნასტია 19 წლის იყო. ამბობს, რომ იმრამი ძალიან დიდ გავლენას ახდენდა ადამიანებზე. თავად მისი დამოკიდებულების ქვეშ მოექცა, ძალიან მიეჩვია და მის ქალიშვილ მარიამსაც კი დაუახლოვდა, რომელიც მისი თანატოლი იყო. ერთხელაც წელის ტკივილზე დაიჩივლა და იმრამმა გამოუცხადა, რომ უფასოდ უმკურნალებდა. ისინი შეხვდნენ და ძალადობის იგივე სქემა განმეორდა. მასაჟის შემდეგ, ნასტიას თქმით, იმრამმა გახადა და ძალდატანებით დაამყარა მასთან კავშირი. "მითხრა, რომ ეს ჩემთვის სასარგებლო იქნებოდა. ასე უკეთ მივიღებდი მის ენერგიას და გავსუფთავდებოდი. მეც ვაკეთებდი, რასაც მიბრძანებდა".
კიდევ ერთი მსხვერპლი, ვერა, იმრამთან ასევე დეპრესიის გამო მოხვდა. გაუპატიურების მსხვერპლი იყო და ამის გამხელასაც ვერ ბედავდა, თავისთვის იტანჯებოდა. ოსტატმა შესთავაზა, რომ განკურნების საუკეთესო გზა მასთან დაწოლა იყო...
გოგონებმა პოლიციასაც მიმართეს, თუმცა საქმე არც ერთ შემთხვევაში არ აღიძრა. ჯერჯერობით, გახმაურებული სიუჟეტის შემდეგაც არ ჩანს არაფერი და იმრამი კვლავ ატარებს ლექციებს სხვადასხვა ქალაქში. პირიქით, აქეთ ემუქრება ჟურნალისტებს, რომ ცილისწამებისთვის უჩივლებს.