ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თორნიკე გურული გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს, რომელი პროფესიები იქნება მომავალში ყველაზე მოთხოვნადი და რა უნარები უნდა ჰქონდეთ ადამიანებს, რომ მარტივად დასაქმება და წარმატების მიღწევა შეძლონ:
- ვხედავთ, რომ გარკვეული პროფესიები უკვე დეფიციტური ხდება. ასევე, ვაცნობიერებთ იმასაც, რომ ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის ეპოქაში ვცხოვრობთ. ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას აუცილებლად მოაქვს ხოლმე ცვლილებები, რომლებიც ტექნოლოგიებთანაა ასოცირებული. ძალიან ბევრი კვლევა არსებობს იმის შესახებ, თუ რა უნარებია საჭირო იმისათვის, რომ 2030 წელს კიდევ უფრო მოთხოვნადი ვიყოთ. ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული პროფესიები მკვეთრად იზრდება. ვიცით, რომ მომავალში ხელოვნური ინტელექტი უალტერნატივო იქნება. ძალიან ბევრ საქმიანობას სწორედ ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შევასრულებთ. ამიტომ, პროფესიები, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტთანაა დაკავშირებული და ტექნოლოგიური უნარები გარდაუვალი და აუცილებელი იქნება. საუბარია იმაზე, თუ რომელი პროფესიები გახდება უფრო მოთხოვნადი. ბუნებრივია, ექიმს, მედდას ვერავინ ჩაანაცვლებს. რაც კი კაცობრიობა არსებობს, ჯანმრთელობის პრობლემა სულ იყო და იქნება. ამიტომ, სამედიცინო სფერო ყოველთვის აქტუალური იქნება. თუმცა, აქაც ხელოვნური ინტელექტის ჩართულობით.
თუ ქართულ დასაქმების ბაზარს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ფიზიკურ ძალასთან დაკავშირებული საქმეები საქართველოში ძალიან მოთხოვნადია. ძალიან ცოტა ადამიანია, ვინც ფიზიკურ შრომაში ჩაერთვება. სამშენებლო ინდუსტრია რომ ვნახოთ - საქართველოში სამშენებლო კომპანიებს მუშებად, სპეციალისტებად დასაქმებული ჰყავთ ადამიანები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არ არიან. შრომითი მიგრაციაა. ბევრი ადამიანი საქართველოში სამუშაოდ ჩამოდის, ბევრი საქართველოდანაც მიდის. მაგალითად, თუ ლოჯისტიკის, კურიერების მიმართულებით ვისაუბრებთ, ვნახავთ, რომ ბევრი არაქართველია დასაქმებული.
ძალიან მნიშვნელოვანია, ვნახოთ, როგორ ვითარდება სამყარო. მაგალითად, ელექტრონული კომერცია მომავალია. უახლოეს პერიოდში ყველაფერი ონლაინ შესყიდვებზე გადავა. ამიტომ, ისეთი ტიპის უნარები, რომლებიც ელექტრონულ კომერციას სჭირდება, აუცილებელი გახდება. ელექტრონულ კომერციას ლოჯისტიკის - ანუ მიტანის მიმართულებაც ახლავს. პროდუქტები, რომლებიც მომხმარებლებმა შეუკვეთეს, სახლში, სამსახურში ხომ უნდა მივუტანოთ?! ამიტომ, ამ პროფესიის განვითარებაც პროცესს აუცილებლად მოჰყვება და განვითარდება.
ციფრულ ტექნოლოგიებში გარკვევა, ციფრული მარკეტინგი, მონაცემების დამუშავება და მსგავსი თემები მომავალში კიდევ უფრო აქტუალური იქნება.
დღესაც და წარსულშიც ყველაზე პრობლემური კომუნიკაციის უნარებია. როდესაც ადამიანები მუდმივად ტელეფონში არიან, განსაკუთრებით ახალი თაობა, ეს ერთ დიდ პრობლემას იწვევს - ახალგაზრდებს კომუნიკაციის უნარები აღარ აქვთ. მქონია სამსახურში შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთ თანამშრომელს ტელეფონზე დარეკვაზე უარი უთქვამს. აღნიშნავდა, რომ მისთვის ეს რთული უნარი იყო, რადგანაც მუდმივად წერს და საუბარი დიდი გამოწვევაა... კომუნიკაბელურობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნარია, რომელიც უნდა გვქონდეს, მაგრამ მომავალში უფრო დეფიციტური იქნება. ამ მიმართულებით განვითარება წარმატების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება. დღეს პირდაპირი, ვერბალური კომუნიკაცია დეფიციტურია. დეფიციტური გახდება პრეზენტაციების ჩატარებისა და საჯარო გამოსვლის უნარები. თუმცა, ეს ჩვენი ქვეყნისთვის შეიძლება, ნაკლებად პრობლემური იყოს. ჩვენს ქვეყანაში ყველა "თამადებად“ ვიბადებით და ადამიანებთან ლაპარაკი კულტურის შემადგენელი ნაწილია.
მომავალში აუცილებლად მოთხოვნადი იქნება ისეთი უნარები, რომლებიც ციფრული პროდუქტების დამუშავებისთვისაა საჭირო. უახლოეს მომავალში ადამიანები პროდუქტების გაყიდვას სოციალური მედიის საშუალებით დაიწყებენ. ეს უკვე დაწყებულია, მაგრამ მომავალში წამყვანი გახდება. ამიტომ, პატარა ვიდეოს მომზადება, დამონტაჟება, პოსტების გაკეთება და ასე შემდეგ ძალიან მოთხოვნადი იქნება. ეს უნარი ყველასათვის საჭირო გახდება. ადრე თუ ტელევიზია გვჭირდებოდა იმისათვის, რომ აუდიტორიამდე ჩვენი სათქმელი მიგვეტანა, ახლა ეს სოციალურ მედიაში გადაინაცვლებს.
ბოლო პერიოდში სტრატეგიული აზროვნება განსაკუთრებით პრობლემურია. სტრატეგიული აზროვნება დაგეგმარებისთვის აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს და ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს უნარები განვივითაროთ. ერთი, მნიშვნელოვანია, როგორ ვმართოთ პროცესები ისე, რომ არ დავისტრესოთ. მეორე, როგორ ჩავრთოთ ადამიანები ამ პროცესების მართვაში. როგორ გავუმკლავდეთ სტრესს, კიდევ ცალკე მიმართულება და მნიშვნელოვანი უნარია.
ჩემი გამოცდილებით, მიზნების დასახვა ძალიან პრობლემურია. ძალიან ბევრი ადამიანი საუბრობს, მაგრამ მათ კონკრეტული ტიპის მიზნები არ აქვთ. რეალისტური მიზნების ოცნებისაგან განსხვავება ყველაზე მნიშვნელოვანია.
სამყაროში გადარჩებიან არა ყველაზე ძლიერები, არამედ ისინი, ვისაც ადაპტაციის უნარი ექნებათ. როდესაც გასაუბრებაზე მიდიხართ, რაღაც ახლის წამოწყებაზე ფიქრობთ, ნახეთ, რამდენად შეგიძლიათ ახალ გარემოსა და სივრცეში ადაპტაცია. ითვლება, რომ ადაპტაციის უნარი წარმატებისა და გადარჩენისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია. დინოზავრები გადაშენდნენ, მაგრამ თაგვები დღესაც არიან. როგორც აღვნიშნე, ბუნებაში გადარჩებიან არა ძლიერები, არამედ ისინი, ვისაც ადაპტაცია შეუძლიათ.
ზემოთ ჩამოთვლილი უნარების განვითარება შესაძლებელია. თუ მოინდომებთ, ცხოვრებისთვის სტრატეგიას დასახავთ, თუ როგორ განავითაროთ საკუთარი თავი, აუცილებლად ყველა უნარის გარკვეული დოზით განვითარება შეიძლება. ჩვენი რესურსები ამოუწურავია. ყველაზე მნიშვნელოვანია, ვიყოთ გახსნილები და ახალი უნარების შეძენა და განვითარება გვინდოდეს. თუ ახალ გარემოში ადაპტაციას ვერ მოვახერხებთ, სამუშაო ბაზრიდან გავქრებით და ვერ ვიქნებით ისეთი წარმატებულები, როგორიც გვინდა.