ბავშვთა ნევროლოგი თამარ ედიბერიძე გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს, რომელ ასაკში რამდენ სიტყვას უნდა ამბობდეს ბავშვი და როდის უნდა იყვნენ მშობლები განსაკუთრებით ყურადღებით, რომ პრობლემა აღმოაჩინონ:
- მეტყველება ადამიანებს შორის კომუნიკაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. იმის მიუხედავად, თუ როგორ ჩაანაცვლა ტექნოლოგიურმა პროგრესმა ბევრი ფუნქცია, მეტყველებასა და კომუნიკაციას, ჯერჯერობით, ალტერნატივა არ აქვს. ამბობენ, რომ ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება. მეტყველება იზოლირებულად, კომუნიკაციის გარეშე ცოტა მშრალი და განყენებულია. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ, როდის ვიწყებთ კომუნიკციას და ამ კომუნიკაციაში მეტყველება როდის შემოდის. 1,5 წლის ასაკში ბავშვი ყველაზე მეტად აქტიურდება და სიტყვების მარაგი იზრდება. თუმცა, უნდა ვთქვათ ისიც, რომ რეალურად, ბავშვის ღუღუნი და პირველი ბგერები უკვე მისი მეტყველების კომპონენტებია. შემდეგ ეს მარცვლებში გადადის, შემდეგ კი სიტყვა ყალიბდება, რომელიც კონკრეტული მნიშვნელობითაა დატვირთული. 1,5 წლის ასაკისთვის ბავშვმა 10-მდე სიტყვა უნდა იცოდეს. ამ ასაკში ე.წ თავიანთ ენაზე ლაპარაკიც ეპატიებათ. არ არის აუცილებელი, ყველაფერს ჩვენებურად დაარქვან სახელები. მარცვლების კომბინაცია, მაგალითად "პიპია", მას უკვე სიტყვად ეთვლება. თუმცა, რაც უფრო იზრდება ასაკი, სიტყვათა მარაგი უნდა გაიზარდოს და 2-3 წლის ასაკისთვის მათი მეტყველება ზრდასრულის მეტყველებას უნდა დაუახლოვდეს. მცირე გრამატიკული შეცდომები 3 წლის ასაკისთვის ჯერ კიდევ საპატიოა, თუმცა უხეშად აცდენილი გრამატიკული წესები 3 წლისთვის ნაკლებად უნდა იყოს. 2 წლიდან ბავშვმა სიტყვების გადაბმა უნდა დაიწყოს. არსებითი სახელი და ზედსართავი სახელი გადააბას, მაგალითად, "დიდი ბურთი", "პატარა გოგონა" თქვას. 2,5 წლის ასაკიდან კი ზმნებთან ერთად უნდა დააწყვილოს და ფრაზულ მეტყველებაზე გადავიდეს. მაგალითად, თქვას: "პიპია მოვიდა", "მამა წავიდა", "ვაშლი მინდა".
2 წელი ბავშვის მეტყველების განვითარების ეტაპებში ერთგვარ ტრამპლინად მიიჩნევა.
ადვილად შესაფასებელია, ჩამოვწეროთ, რაც უთქვამს ან ამბობს და უბრალოდ, სიტყვების რაოდენობა გადავთვალოთ. არასპეციალისტისთვისაც ამაზე სწორება უფრო ადვილია. თუმცა, იმდენად სიტყვათა რაოდენობა არ არის მნიშვნელოვანი, რამდენადაც იმის განსაზღვრა, თუ ფუნქციურია თუ არა ეს მეტყველება. ბავშვი შეიძლება, მექანიკურ რეჟიმში ძალიან ბევრ სიტყვას ამბობდეს, მაგრამ ეს მას მეტყველებაში არ ჩაეთვალოს. ძალიან მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ - ბავშვი ლაპარაკობს თუ გველაპარაკება. თუ ის სიტყვების რაოდენობა დიალოგის, კითხვა-პასუხის რეჟიმში, ფუნქციურად და კონტექსტურად არ გამოიყენება, შეიძლება, ვიღაცისთვის 5-10 სიტყვა შფოთვის საგანი არ აიყოს, მაშინ, როდესაც ვიღაც 100-150 სიტყვას ამბობდეს, მაგრამ ეს ფუნქციური მეტყველება არ იყოს და შფოთვა მაინც გამოვხატოთ. ბავშვმა, როგორც წესი, გაცილებით მეტი სიტყვის მნიშვნელობა იცის, ვიდრე თვითონ შეუძლია, დაასახელოს. მეტყველება მხოლოდ მშრალად სიტყვების წარმოთქმა არ არის. მეტყველება მოდულირებული, ემოციურად შეფერილი უნდა იყოს. აუცილებლად განმტკიცებული ჟესტიკულაციით, მზერითი კონტაქტით, ადეკვატური მიმიკით. შევთანხმდეთ, რომ სხეულითა და ინტონაციით ერთმანეთს კიდევ უფრო მეტს ვეუბნებით, ვიდრე უბრალოდ სიტყვების კომუნიკაციით. სიტყვების რაოდენობა რანგის თვალსაზრისით შესაძლოა, ნაკლებ პრობლემად მიიჩნეოდეს. რა თქმა უნდა, ყურადღება უნდა გამოვხატოთ და წამახალისებელი აქტივობები ჩავრთოთ. მაგრამ, გაცილებით დიდი პრობლემაა, როცა სიტყვა ბევრია, მაგრამ ადეკვატური ჟესტიკულაციით, მიმიკითა და ინტონაციით განმტკიცებული არ არის. ბავშვი შესაძლოა, ლაპარაკობს, მაგრამ თუ ჩვენ არ გველაპარაკება, ამ მეტყველებას ინფორმაციის გაცვლისთვის არ იყენებს და არც პასუხს ელოდება, პრობლემაა.