როგორ უნდა დაძლიოთ მშობიარობის შემდგომი დეპრესია - ფსიქოლოგის რჩევები რა ვქნათ, თუ ახალშობილის მიმართ ვერ ვგრძნობთ იმ სითბოსა და სიყვარულს, რაზეც 9 თვე ვოცნებობდით? არ ვგრძნობთ თავს ისე ბედნიერად, როგორც გვეგონა. როგორც იქნა, გაჩნდა ნანატრი პატარა, მაგრამ აღფრთოვანებისა და უდიდესი სიხარულის ნაცვლად, თქვენ სულ სხვა გრძნობა გაქვთ - დეპრესია, განცდები, სტრესი, შიში იმისა, რომ ვერ გაუძღვებით ყველაფერს, რომ ვერ იქნებით კარგი დედა, რომ ვერ გაუძლებთ ამ დატვირთვას... ბევრ ახალბედა დედას ემართება ასე, განსაკუთრებით შვილის დაბადების პირველ დღეებში. ფსიქოლოგი ემი მაკრიდის აზრით, ეს სავსებით ნორმალურია. იმისათვის, რომ დამყარდეს ფსიქოლოგიური კავშირი (სიყვარულზე ჯერ არაა საუბარი) დედასა და ახალშობილს შორის, იმისათვის, რომ დედამ თავი სრულიად ბედნიერად იგრძნიოს, საჭიროა ერთი-ორი კვირაც კი. ეს დრო ესაჭიროება ქალის ორგანიზმს, რათა გადალახოს ნერვული დაძაბულობა, ჰორმონალური ქარიშხალი და შეეგუოს მშობიარობის შემდგომ პერიოდს. დამშვიდდით და ნუ დაადანაშაულებთ საკუთარ თავს, იზრუნეთ ბავშვზე და ნელ-ნელა გამოგიმუშავდებათ დედური მზრუნველობა. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ გადალახოთ მშობიარობის შემდგომი პერიოდი და რაც შეიძლება მალე შეიგრძნოთ სასურველი დედობის სიხარული.
შეისწავლეთ ახალშობილი
დაათვალიერეთ მისი თითები, ნაკვთები, იგრძენით მისი გულისცემა თქვენ გვერდით, შეისწავლეთ თქვენი პატარა თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილებამდე. დააკვირდით, ვის უფრო ჰგავს თქვენ თუ მამიკოს.
წინასწარ უარყოფითად ნუ შეაფასებთ თქვენს დამოკიდებულებას პატარის მიმართ
ნუ განსჯით საკუთარ თავს: “მე ცუდი დედა ვარ“ , „ისე არ მიყვარს ჩემი შვილი, როგორც საჭიროა“. თქვენ შეგიძლიათ დაარწმუნოთ საკუთარი თავი, რომ სულ რამდენიმე დღეში ყველაფერი დალაგდება და შეძლებთ თქვენს შვილს მისცეთ სიყვარულის მაქსიმუმი.
როდესაც გადიოდით დეკრეტში, მტკიცედ გქონდათ გადაწყვეტილი, რომ გაზრდიდით იდეალურ ბავშვს, იქნებოდით კარგ ფორმაში და სახლშიც იდეალური წესრიგი გექნებოდათ. ნუ ეცდებით გახდეთ სუპერმენი კაბაში და მთელმა სიმძიმემ თქვენს მხრებზე გადაიაროს. ეს შეუძლებელია და არცაა საჭირო. ეცადეთ იცხოვროთ მხოლოდ შინაგანი კომფორტით, რომელიც არაფერ კავშირშია იმასთან, თუ რამდენს იწონით და როგორ უძღვებით საოჯახო საქმეებს.
მიმართეთ დახმარებისთვის
ზოგჯერ ახალგაზრდა დედებს ჰგონიათ, რომ თუ დახმარებისთვის მიმართავენ ახლობლებს (დედას, დედამთილს, მეგობარს), ამით აღიარებენ თავის უუნარობას. ასე არ არის: ბებიები, მეგობრები და ახლობლები გაგებით მოეკიდებიან ამას და არავინ გაგკიცხავთ იმისთვის, რომ იდეალურად ვერ უძღვებით საოჯახო საქმეებს.
ყველაფერი სიყვარულით აკეთეთ
ისწავლეთ მიიღოთ სიამოვნება ყოველი წუთით, რომელსაც ატარებთ თქვენს შვილთან ერთად, მაშინ გაგიადვილდებათ ყოველდღიური რუტინის გავლა. მხოლოდ სიყვარული დაგეხმარებათ უსასრულოდ პამპერსების გამოცვლაში, კვებასა და ღამეების თენებაში. დაე ეს გახდეს თქვენთვის რეზერვუარი, საიდანაც შეივსებთ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალებს.
ბავშვის დაბადება და აღზრდა - გრძელი და რთული გზაა, რომელიც დიდ მოთმინებას მოითხოვს. ნუ გაუსწრებთ მოვლენებს, უბრალოდ, იფიქრეთ თქვენს თავზე და ბავშვზე, რადგან უკვე გაქვთ მიზეზი იმისა, რომ იყოთ ამაყი. თქვენ ხომ სასწაული მოახდინეთ: აჩუქეთ სამყაროს ახალი სიცოცხლე და ეს საკმარისზე მეტია.
მოამზადა სალომე გორგოშიძემ