ყაზახი ექსმინისტრი, რომელმაც ცოლი ცემით მოკლა, ვერც ერთ საპატიმროში ვერ იპოვეს: "საერთოდ, იჯდა?.. ალბათ, საზღვარგარეთ გააპარეს" - მშობლები

ყაზახი ექსმინისტრი, რომელმაც ცოლი ცემით მოკლა, ვერც ერთ საპატიმროში ვერ იპოვეს: "საერთოდ, იჯდა?.. ალბათ, საზღვარგარეთ გააპარეს"

2024-11-11 11:04:52+04:00

ზუსტად ერთი წლის წინ ასტანაში ყაზახეთის ყოფილმა მინისტრმა ცოლი სალტანატ ნუკენოვა ცემით მოკლა. ახალგაზრდა გოგონას სასტიკმა სიკვდილმა საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, რაც ყაზახეთის საზღვრებს გასცდა.

2023 წლის შემოდგომაზე სისასტიკემ, რომლითაც მაღალჩინოსანი მეუღლეს მოექცა, უდიდესი რეზონანსი გამოიწვია საზოგადოებაში - კიდევ ერთხელ წამოიჭრა თემა ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებული კანონების გამკაცრების აუცილებლობის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ გარდაცვლილი 31 წლის სალტანატი 2023 წლის 9 ნოემბერს რესტორან ბაუში იპოვეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ქმარი ქალს ზედიზედ რვა საათის განმავლობაში სცემდა, სანამ ის თავის ტრავმისა და შინაგანი სისხლდენის შედეგად არ გარდაიცვალა. ამავდროულად, ბიშიმბაევმა, უგულებელყო გოგონას მძიმე მდგომარეობა, დაწესებულების თანამშრომლებს სასწრაფოს გამოძახება ან სხვა სახით დახმარება აუკრძალა.

გამოძიება დიდხანს გაგრძელდა - ბევრი დარწმუნებული იყო, რომ დამნაშავე სასჯელის თავიდან აცილებას შეძლებდა გავლენისა და შთამბეჭდავი საბანკო ანგარიშების წყალობით, თუმცა, 2024 წლის 13 მაისს, ასტანას სპეციალიზებულმა რაიონთაშორისმა სასამართლომ, ნაფიც მსაჯულთა განაჩენის საფუძველზე, ყაზახეთის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კუანდიკ ბიშიმბაევი დამნაშავედ ცნო ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: „მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით“ და „წამება“. მამაკაცს 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ყოფილ მინისტრს სასჯელი მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში უნდა მოეხადა. ყაზახეთში სულ 13 ასეთი კოლონიაა, კერძოდ საპატიმროები, რომლებშიც განსაკუთრებით მკაცრი რეჟიმია დაწესებული. ასეთ ადგილებში განსაკუთრებით საშიში დამნაშავეები იმყოფებიან.

განაჩენის გამოცხადებისთანავე ინტერნეტში დაიწყო მსჯელობა იმის შესახებ, რომ კუანდიკი არ მოიხდიდა სასჯელს - სავარაუდოდ, კავშირები და ქრთამები თავის საქმეს გააკეთებდნენ. სალტანატის მკვლელობიდან ერთი წლის შემდეგ მართლაც საგანგაშო ინფორმაცია გავრცელდა- კუანდიკი ყაზახეთის ვერცერთ ციხეში ვერ იპოვეს.

ამის შესახებ AIRAN YouTube არხზე გადაღებული ვიდეოდან გახდა ცნობილი. ჟურნალისტების თქმით, მათ არაერთხელ მიმართეს თხოვნით სოფელ არშალის კოლონიას, გაესაუბრებოდნენ პატიმარს ან გადაეღოთ ფილმი იმ პირობების შესახებ, რომელშიც ის იმყოფებოდა - მაგრამ ყველა ჯერზე უარი მიიღეს.

”ჩამოვედით, მაგრამ რამდენიმე წუთის წინ მოგვიახლოვდა კაცი, რომელმაც თავი ამ დაწესებულების ხელმძღვანელად გაგვაცნო და გვითხრა, რომ აქ არავის უნახავს კუანდიკ ბიშიმბაევი”, - იუწყებიან კორესპონდენტები.

კუანდიკის ადვოკატმა ასევე დაადასტურა, რომ ის კოლონიაში არ იმყოფება. ყაზახეთის ეროვნული ეკონომიკის ყოფილი მინისტრის მოსაძებნად ჟურნალისტები სტეფნოგორსკში წავიდნენ, მაგრამ უმაღლესი უსაფრთხოების დაწესებულების წარმომადგენლებმა არ დაადასტურეს ინფორმაცია "ცნობილი" პატიმრის შესახებ.

უცნობია, სად არის ახლა კუანდიკ ბიშიმბაევი, რომელმაც სალტანატ ნუკენოვა მოკლა.საზოგადოება დარწმუნებულია, რომ ის დიდი ხანია, საზღვარგარეთ არის წასული.

„ეტყობა გამოისყიდეს“, „არ ზის, არ არის ყაზახეთში“, „სალტანატების ოჯახმა ყურადღება უნდა მიაქციოს ამ ამბავს, რადგან არის განცდა, რომ ის არსად ზის“, „საერთოდ იჯდა? ისევ VIP პირობები ბიშიმბაევისთვის? " "ისევ პრივილეგიები აქვს?" - აღშფოთებულები წერენ ინტერნეტმომხმარებლები.