ფილოლოგიის დოქტორი გია მურღულია გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" მშობლებს აძლევს რეკომენდაციას, თუ რა უნდა ასწავლონ შვილებს, რომ მათ წარმატებას მიაღწიონ:
- პირველ რიგში, ვასწავლოთ, რომ რეალური მიზნები დაისახონ. ყალბი და ფუჭი ოცნებები რაციონალურად მოაზროვნე ადამიანის საქმე არ არის. ეს ძალიან კარგად უნდა ვასწავლოთ, რომ დაისახოს ისეთი მიზანი, რომლის მიღწევაც მათ დღევანდელ ან უახლოესი ზონის შესაძლებლობებშია.
მეორე, უნდა ვასწავლოთ, რომ მიზნისკენ სიარულის ალგორითმი გაიაზრონ. თითქმის არ არსებობს ისეთი მიზანი, რომელსაც ერთი ნაბიჯით მივაღწევთ. რამდენიმე ნაბიჯია გასათვლელი. ეს ნაბიჯები უნდა გაიაზრონ და რა მთავარია, მათი თანმიმდევრობა უნდა გაიაზრონ.
მესამე - უნდა განავითარონ შესაძლებლობები, რომ არ გაჩერდნენ იმ მიზნებზე, რაც ერთხელ დაისახეს და შეიძლება, მიაღწიეს კიდეც. ახალი მიზნების მისაღწევად, თქვენი შესაძლებლობები ყოველდღიურად უნდა იზრდებოდეს. ამისთვის საჭიროა, ბევრი წაიკითხოთ, წაკითხულზე დაფიქრდეთ, გააანალიზოთ, როგორ აქციოთ ეს თქვენი ცხოვრების გამოცდილებად და ასე შემდეგ.
მეოთხე რეკომენდაცია, ჩემი აზრით, უკიდურესად მნიშვნელოვანია. ჩვენს შვილებს ადამიანებთან და სამყაროსთან კომუნიკაცია ვასწავლოთ. ერთხელ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში დიდი გამოკითხვა ჩატარდა. ადამიანებს ჰკითხეს, რა იყო ისეთი რამ, რაც სკოლაში არ უსწავლიათ, მაგრამ მომდევნო ეტაპებმა აჩვენა, რომ ეს გარდაუვალი აუცილებლობა და საჭიროება იყო. 70%-ზე მეტმა თქვა, რომ ეს კომუნიკაციის უნარია. თქვენს წარმატებას დიდწილად გარემო, პირადი შეხედულებები, შესაძლებლობები და ცოდნა განაპირობებს, მაგრამ სხვა ადამიანების მიმართ თქვენი დამოკიდებულებაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუ თქვენ გარშემო კეთილგანწყობილი ადამიანები, კეთილგანწყობილი აურაა, თქვენი შანსები, რომ წარმატებას მიაღწიოთ, ძალიან იზრდება. თუ ნეიტრალური გარემოა, შანსები დაბლა იწევს. ხოლო, თუ მტრული გარემოა, მაშინ ეს შანსები ძალიან დაბალია. ამიტომ, უნდა შეეცადოთ - ადამიანებთან ურთიერთობის კულტურა ჩამოიყალიბოთ.
ასევე, შვილებს წარუმატებლობის მიმართ მდგრადობა უნდა ვასწავლოთ. ხანდახან ეს წარმატების გზაზე გადაულახავ წინააღმდეგობად იქცევა ხოლმე.
ხანდახან დასვენებაც უნდა შეძლოთ. მუდმივი მუშაობა საჭირო არ არის. ტყუილია ის აზრი, რომ რაც მეტს მუშაობს ადამიანი, მეტ წარმატებას აღწევს. ხანდახან უნდა გაჩერდე, შენს თავს ჩაუღრმავდე და ჰკითხო - ნამდვილად ისე ცხოვრობ, როგორც შენ გინდა თუ არა.
შემდეგი გუნდური მუშაობის ჩვევებია. ის, რასაც მეგობრებთან ერთად გააკეთებ, ეს შეიძლება, მხოლოდ ერთი ადამიანის შესაძლებლობებს აღემატებოდეს.
ისწავლეთ დათმობა წარმატებისთვის. განსაკუთრებით ნიჭიერ ადამიანებს მოსდით ხოლმე ეს - ხანდახან ყველაფერს ერთდროულად შეეჭიდებიან ხოლმე. რაღაც უნდა დათმო, რომ რაღაცაში გარღვევას მიაღწიო.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შვილებს ვასწავლოთ პრობლემის, საგნის, მოვლენის, ადამიანის დანახვა სხვადასხვა კუთხითა და განზომილებით. ზოგჯერ ერთს ამოვიცნობთ და ვიტყვით, რომ მივხვდით. მაგრამ, ასე არ არის. ნებისმიერი რამ, სიბრტყე კი არ არის, სფეროა და ძალიან ბევრი განზომილება აქვს. ამას თუ ისწავლით, პრობლემის გადაჭრის განსხვავებულ გზებსაც მიაგნებთ.
კორექციის აუცილებლობის განსაზღვრა - ხანდახან რაღაცას დავგეგმავთ და მიჯაჭვული ვართ. თუ ვხედავთ, რომ რაღაც ისე არ გამოდის და ცვლილებაა შესატანი, ეს ცვლილება გაბედულად უნდა შევიტანოთ.
თუ არ იცით იკითხეთ, თუ დახმარება გჭირდებათ, ითხოვეთ - ეს სირცხვილი არ არის. სირცხვილია უფრო მეტად მარცხი, რომელსაც გარდაუვლად ეწვევი და არა ის, რომ შენზე გამოცდილსა და შენს მოყვარულ ადამიანს ჰკითხო, როგორ მოიქცე.