მომღერალგია დავითიანისშემოქმედებას საქართველოში კარგად იცნობენ. მისი ორიგინალური, ყველასგან გამორჩეული ხმა ძალიან უხდება ქართულ სცენას და ანსამბლ "ალილოს", რომელსაც სულ მალე 25 წელი შეუსრულდება.
- როდის შემოვიდა მუსიკა ჩემს ცხოვრებაში? ძალიან ღრმა ბავშვობოდან: ისეთ ოჯახში გავიზარდე, სადაც სიმღერის ხმა ყოველთვის ისმოდა. დედაჩემს მუსიკალური განათლება ჰქონდა მიღებული, როიალს მიუჯდებოდა და ძალიან ლამაზად მღეროდა ხოლმე. პლეხანოვზე - ახლანდელ აღმაშენებლის გამზირზე ვიზრდებოდი, გორკის კლუბთან ახლოს ვცხოვრობდი. ამ კლუბში პატარა ოთახი იყო, სადაც მუსიკოსები იკრიბებოდნენ. სულ რაღაც 6-7 წლისა ვიყავი, როცა ბავშვები გისოსებიან ფანჯრებზე ავძვრებოდით და ვუსმენდით, როგორ ატარებდნენ მუსიკოსები რეპეტიციას. სწორედ მაშინ მივხვდი, რა ლამაზი და ტკბილხმოვანია ქართული სიმღერა. ერთხანს ვიოლინოზეც დავდიოდი, მაგრამ ერთი წამით წარმოიდგინეთ, იმდროინდელ პლეხანოვზე ვიოლინოთი გავლა რას ნიშნავდა: მაშინვე მოგაძახებდნენ, - "სკრიპაჩ-ტრიპაჩ" ან სხვა რამეს. ამის გამო, ვიოლინო კარგა ხანს სახურავზე შემოვდე და მუსიკას ჩამოვშორდი.
ბოლოს მაინც მუსიკის სიყვარულმა გაიმარჯვა. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ის დღე იყო, როცა დედამ ცირკში წამიყვანა, სადაც ცოცხალი ორკესტრი უკრავდა. მაშინ პირველად მოვისმინე, რა ოსტატურად უკრავდნენ საქსოფონზე და იქიდან აღფრთოვანებული დავბრუნდი.
- ანსამბლ "ალილოში" როგორ მოხვდით?
- ინსტიტუტის შემდეგ, თამაზ ორჯონიკიძემ დამიბარა, რომელსაც ანსამბლის ჩამოყალიბება სურდა. თამაზი ამ ანსამბლისთვის კარგ ხმებს ეძებდა და სწორედ იქ, გასაუბრებისას გავიცანი ლაშა ღლონტი, რომელიც ჩემსავით იყო დაბარებული. ერთი-ორი რეპეტიცია ჩატარდა, მაგრამ თამაზის ანსამბლი ვერ შედგა. ამის შემდეგ, ლაშამ გამაცნო შეუდარებელი მომღერალი გურამ თამაზაშვილი, რომლის შექმნილია ანსამბლი "ალილო". რომ მომისმინა და მითხრა, ადექი და პირველ ხმებს შეურთდიო, ეს ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო. მეამაყება, რომ 25 წელია ამ ანსამბლის წევრი ვარ. 30 ნოემბერს იუბილე გვაქვს, მერე კი, დიდი ტურნე გვეწყება - ჰოლანდია, ლონდონი, ამერიკა - ასეთია ჩვენი გასტროლების მარშრუტი დეკემბერში.
- ალბათ, ამ რთულ, დაძაბულ რეჟიმს ოჯახი და მეუღლე გიმსუბუქებთ.
- სამწუხაროდ, პირველი მეუღლე გარდაცვლილი მყავს! ჩემი შვილების დედა, ნანა თედიაშვილი უდროოდ წავიდა ამ ქვეყნიდან. უკვე მეოთხე წელია, რაც მეორედ დავოჯახდი. ჩემი მეუღლე ეკატერინე არჩვაძეა - ძალიან პოზიტიური და კარგი ადამიანი. მე საერთოდ, იუმორის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. გამიმართლა, რომ ისიც ხალისიანი, იუმორის ნიჭით დაჯილდოებული ადამიანია. რა თქმა უნდა, მაქსიმალურად მეხმარება და ხელს მიწყობს. მაგალითად: სექტემბერში ერთი დღეც არ მქონია თავისუფალი, ყოველდღე კონცერტი მაქვს და სცენაზე გამოვდივარ. 15-20 ოქტომბრამდე ამ რეჟიმში უნდა ვიყო და წარმოიდგინეთ, რამდენი თეთრი პერანგი მჭირდება, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ (იღიმის). იხილეთ ინტერვიუ სრულად