ამჯერად ერთ-ერთი ყველაზე პატარა, ეგზოტიკური და ლამაზი მხარე, მალდივები გავიცნოთ, სადაც უამრავი ტურისტი ჩადის ყოველწლიურად.
მალდივის რესპუბლიკა სამხრეთ აზიაში, მალდივის კუნძულებზე მდებარეობს და მალდივის არქიპელაგი მოიცავს 1190 მცირე კუნძულ-ატოლს, რომელთაგან მხოლოდ 220-ია დასახლებული. ინდოეთისგან სამხრეთ-დასავლეთით განლაგებული კუნძულები გადაჭიმულია 764 კმ-ით ჩრდილოეთით სამხრეთამდე და 130 კმ-ით აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე. ფართობით 298 კმ²-ია. მოსახლეობა - 402 000 კაცი.
სახელწოდება მალდივები სანსკრიტული წარმომავლობისაა და ნიშნავს „ამაღლებულს“, „რელიეფში გამოკვეთილს“. ასევე უწოდებენ კუნძულების გირლანდას. არქიპელაგი ორ ათასწლეულზე მეტი ხნის წინ იყო დასახლებული დრავიდებისა და ინდოარიების მიერ (ახლანდელი შრი-ლანკის ძველი მცხოვრებლები). V—VII საუკუნეებში კუნძულზე არაბები და სპარსები გამოჩნდნენ და XII საუკუნეში მთელ ტერიტორიაზე გავრცელდა ისლამი, მალევე მალდივებმა პოლიტიკური თავისუფლება მიიღო ბრიტანეთისგან და გაეროს წევრი გახდა. 1968 წელს იქცა რესპუბლიკად, როდესაც ბოლო სულთანი ჩამოაგდეს.
მოსახლეობა ძირითადად არაბული და აფრიკული წარმოშობისაა. სამხრეთი კუნძულები ყველაზე მეტად დასახლებულია. მალე, ქვეყნის დედაქალაქი, ერთადერთი ქალაქიცაა აქ და ყველაზე პატარა დედაქალაქიც. იქ მოსახლეობის დაახლოებით ერთი მეოთხედი ცხოვრობს. ქვეყნის ოფიციალური ენაა მალდივური, ძველი სანსკრიტული ენის განშტოება, ასევე გამოიყენება არაბული, ინგლისური და ჰინდი. ოფიციალური რელიგიაა ისლამი. მოსახლეობის ძირითადი საქმიანობაა თევზაობა და ნავების აშენება-შეკეთება, ტურიზმი, ხელნაკეთი ნივთები - ქოქოსის ქსოვილით, მაქმანებით შექმნილი ნამუშევრები, ნაქსოვი ფეხსაცმელი.
საინტერესო ამბები მალდივებზე:
ქვეყანაში ყველაზე პოპულარული ტრანსპორტი არის კატერები, ძრავიანი ნავები და ჰიდროთვითმფრინავები, რომლებსაც კუნძულებს შორის ტვირთი გადააქვთ.
ამინდები თითქმის სულ მზიანია. ოფიციალური დასვენების დღეები პარასკევი და შაბათია.
მალდივების წყლებში შეხვდებით ვეშაპისებრ ზვიგენებს - რომლებიც ყველაზე მსხვილი თევზები არიან. თუმცა ისინი ადამიანებს თავს არ ესხმიან.
ქვეყანაში აკრძალულია ნებისმიერი რელიგიის ქადაგება, მუსლიმანურის გარდა.
მალდივებზე აკრძალულია ალკოჰოლის შეტანა და ქვეყანაშიც მას მხოლოდ ტურისტებზე ყიდიან. საჯაროდ ალკოჰოლის დალევაც აკრძალულია. ასევე აკრძალულია შინაური ცხოველების ქვეყანაში შეყვანა. აქ საერთოდაც არ არის ძაღლები - ოფიციალურად აკრძალულია მათი ყოლა. ასევე არ არის ადამიანისთვის საშიში მწერები ან გველები.
მალდივებზე არ არის მაღალსართულიანი შენობები და მით უმეტეს, ცათამბჯენები. ნებისმიერი შენობის სიმაღლემ არ უნდა გადააჭარბოს ყველაზე მაღალი პალმის სიმაღლეს.
აქ არც მდინარეები და ტბებია, ამიტომ წვიმის დროს წვიმის წყალს ყველაზე შეძლებული მალდიველებიც კი აგროვებენ. ადგილობრივები სვამენ წვიმის ან ზღვის წყალს. ტურისტებს ურჩევენ, რომ ბოთლის წყალი იყიდონ.
მას მერე, რაც ქვეყანაში ისლამი ოფიციალური რელიგიაა, საკმაოდ მკაცრია წესები, რაც რელიგიას უკავშირდება. მაგალითად, თუ ადამიანი გადაწყვეტს ისლამის შეცვლას სხვა რელიგიაზე, მალდივების მოქალაქეობას ჩამოართმევენ.
ტურისტებისთვის მალდივები ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად მიიჩნევა და უფრო მეტიც, მალდივები ბოლო დროს „თაფლობისთვესთან“ ასოცირდება, რადგან მსოფლიოს უამრავი ქვეყნიდან ახალდაქორწინებულები აქ მიდიან თაფლობისთვის გასატარებლად.