ეს ამბავი დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ ჰეილი ეტერიჯს გადახდა. ის 36 კვირის ორსული იყო, როდესაც თავის 3 წლის ბიჭს, ბეილი გრემს, რაღაც უცნაურობა შეატყო. ბავშვს მთელი სახე წითელი ლაქებით დაეფარა, სულ მოთენთილი იყო და ეძინებოდა. საავადმყოფოში მას ჰერპესის ვირუსის - HSV-1 (Herpes Simplex Virus) დიაგნოზი დაუსვეს.
ეს ვირუსი ერთი ადამიანიდან მეორეზე ნერწყვით გადადის, ასევე - კანით კანზე კონტაქტით. HSV-1 ვირუსი მოზრდილებისთვის უსაფრთხოა, თუმცა საშიშროებას წარმოადგენს ახალშობილებისა და პატარებისთვის. ჰეილი ფიქრობს, რომ ბავშვი მაშინ დაინფიცირდა, როდესაც ნათესავმა აკოცა.
ბეილის ვირუსმა თვალებიც დაუზიანა და დედა გააფრთხილეს, რომ შეიძლებოდა ბავშვს მხედველობაც დაეკარგა. გარდა ამისა, ვირუსს შეიძლებოდა დაეზიანებინა ბავშვი, რომელსაც ჰეილი მუცლით ატარებდა.
"ვიჯექი, ვტიროდი და ღმერთს ჩემი შვილების გადარჩენას ვევედრებოდი", - იხსენებს ჰეილი.
საბედნიეროდ, ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა. ბეილი გამოჯანმრთელდა და მეორე შვილიც ჯანმრთელი გაჩნდა. თუმცა მას მერე ბეილის ჰერპესის ინფექციის გამწვავება ორჯერ ჰქონდა. HSV-1-ის ვირუსი ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ სამუდამოდ რჩება იქ.
"როგორც მშობელმა, რომელმაც გავიარე მთელი ეს საშინელება, მინდა გავაფრთხილო ყველა მშობელი, რომ როდესაც ბავშვს კოცნით ან ამის უფლებას აძლევთ სხვას, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ მას საფრთხეში არ აგდებთ და რაიმეს არ გადასდებთ. რა თქმა უნდა, ბავშვს ვერ მოაქცევთ დამცავ ბადეში, აუცილებელია მისი კონტაქტი მიკრობებთან, მაგრამ სანამ იმუნური სისტემა გაძლიერდება, მოარიდეთ ზედმეტ კონტაქტებს და ყველას ნუ მისცემთ პატარების კოცნის უფლებას", - წერს ჰეილი თავის ფეისბუქის პოსტში.