ტელეწამყვანი, ბიზნესკონსულტანტი, ტრენერი დავით გოგიჩაიშვილი საუბრობს, რამდენად მნიშვნელოვანია, მშობლებმა შვილებს ახალი აღმოჩენების შესაძლებლობა მისცენ და მოტივაცია არ დაუკარგონ:
- ყველა ბავშვი არის გენიოსი. ყველა ბავშვი არის მეცნიერი, მხატვარი, ლიდერი, ჩემპიონი, უბრალოდ ჩვენ ვასწავლით ხოლმე სტანდარტულობას, ანუ გაჩერებას. მშობლები დამეთანხმებით, რომ როდესაც ბავშვი ახალ, მისთვის უცნობ ნივთს აიღებს, აინტერესებს, შეისწავლის, რას შვება ეს ნივთი სხვა ნივთებთან მიმართებით. აღმოაჩენს, "ამუღამებს", რომ რაღაც ნივთები, როდესაც დააგდებს, იატაკის ზედაპირზე ტყდება. ზოგი ნივთი არ ტყდება. ამ აღმოჩენებს აკეთებს. თუმცა, როცა მაცივრიდან კვერცხს გამოიღებს და დააგდებს და გატეხს, აუცილებლად მივალთ და ვეტყვით: "ეს აღარ გააკეთო." ასე ვასწავლით მოქცევას. მაგრამ, შემდეგ სკოლაში როცა ინტერესს აღარ გამოხატავს, გვიკვირს: "ვაიმე, საერთოდ არ აინტერესებს ფიზიკა." იცით რა? - ძალიან აინტერესებდა, უბრალოდ გაჩერება ვასწავლეთ. თუ ბავშვებს დავემსგავსებით, შეუჩერებლები ვიქნებით. შეუჩერებლობა ამ სიტყვის მხოლოდ პირდაპირი მნიშვნელობით გაგებას არ ნიშნავს, მხოლოდ მოუსვენრობას, შეუპოვრობას, რამდენჯერაც წავიქცევით, იმდენჯერ ადგომასა და მსგავს თვისებებს არ ნიშნავს. არამედ, შეუჩერებლები ვართ მაშინ, როცა ჩვენი უნიკალური ტალანტი რაღაც ფორმით რეალიზდება. შესაბამისად, ზოგისთვის შეუჩერებლობა შეიძლება, სიმშვიდესა და საქმის მშვიდად კეთებას ნიშნავდეს. ზოგისთვის შეიძლება, სხვებზე ზრუნვას - ბავშვებთან, მოხუცებთან დროის გატარებასა და მათზე ზრუნვას ნიშნავდეს. ასაკში ჩვენი სინანულის ძირითადი ნაწილი დაეთმობა იმ პერიოდებს, როცა გაჩერებულები ვიყავით და არა იმ პერიოდებს, როცა შეუჩერებლები ვიყავით. პარადოქსი ისაა, რომ ჩვენ შეუჩერებლები ვიბადებით და მერე ნელ-ნელა გაჩერებას ვსწავლობთ.