ანდრო არის ერთ-ერთი დამფუძნებელი პროგრამა "სიცილით თერაპიის" - პროგრამაში ჩართული მსახიობები და მუსიკოსები მძიმე დაავადებებთან მებრძოლ ბავშვებს ეხმარებიან - მშობლები

ანდრო არის ერთ-ერთი დამფუძნებელი პროგრამა "სიცილით თერაპიის" - პროგრამაში ჩართული მსახიობები და მუსიკოსები მძიმე დაავადებებთან მებრძოლ ბავშვებს ეხმარებიან

2024-12-09 10:51:07+04:00

ინტერნეტმომხმარებელი მელანო კობახიძე სოციალურ ქსელში მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეზე წერს, რომელიც ამჟამად დაკავებულია:

"მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, რომელიც ახლა ციხეში ჰყავთ გამოკეტილი, არის ერთ-ერთი დამფუძნებელი პროგრამის, რომელსაც "სიცილით თერაპია“ ჰქვია. ამ პროგრამის მიზანი ის ყოფილა, რომ სპეციალურად გადამზადებული მსახიობები და მუსიკოსები მძიმე დაავადებებთან მებრძოლ ბავშვებთან და მოხუცებთან დადიან და მათ მკურნალობის ურთულესი პროცესის დაძლევაში ეხმარებიან.
მათ "მკურნალი ჯამბაზები“ და "ექიმი ჯამბაზები“ ჰქვიათ.
როგორც ერთ ვიდეოში ანდრო ამბობს, ეს პროგრამა ევროპაში ძალიან გავრცელებულია და გვინდა, რომ საქართველოშიც დავნერგოთო.
ვიდეოებსა და ფოტოებში იგრძნობა, რამხელა სიყვარულითა და პასუხისმგებლობით ეკიდებიან ამ საქმეს და როგორ ულამაზებენ პატარებსა და მოხუცებს თითოეულ მძიმე წამს.
ეს წერილი შარშანდელია. 7 წლის მელისა, რომელიც ამ წერილის ავტორია, მაშინ თურმე იაშვილის კლინიკაში იწვა, ანუ ჯერ კიდევ ებრძოდა სიმსივნეს. წერილი წინასწარ დაუწერა იაშვილის კლინიკაში სიცოცხლისთვის მებრძოლ ბავშვებს, ანუ წარმოიდგინა, რომ თავად უკვე გამოჯანმრთელდა.
ეს "სიცილით თერაპია“ პროგრამის ნაწილი ყოფილა. ასე პატარებს ეხმარებიან, რომ არ დაკარგონ შემართება და ყველა მძიმე სამედიცინო პროცედურას გაუძლონ, რათა ერთ დღესაც ნამდვილად დაამარცხონ ვერაგი დაავადებები.
ასეთი სიკეთის დამნერგავ და სულისჩამდგმელ ადამიანებს სახელმწიფო ხელისგულზე უნდა ატარებდეს, ემადლიერებოდეს, მოტივაციას აძლევდეს.
და რა ხდება?
ვინც კი რამე ფორმით ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის იბრძვის, ყველას მტრობენ".