- ოპერაციის ამბავს ვმალავდი, მაგრამ ამ თემაზე შეკითხვებს მაინც ძალიან ბევრი ადამიანი მწერდა.
- რას პასუხობდი?
- მირჩევნია, რაღაც უპასუხოდ დავტოვო, ვიდრე ტყუილი მოვიფიქრო.
- გადაწყვეტილების მიღებისას, მთავარი მაინც ჭარბი წონით გამოწვეული, ჯანმრთელობის შესაძლო გართულების ალბათობა აღმოჩნდა?
- სულ ვამბობდი, რომ ჩემს თავს ვიღებდი ისეთს, როგორიც ვიყავი და დღესაც ვფიქრობ, რომ სწორი მიდგომა მქონდა. ინტერნეტსივრცეში ბევრს გაუკვირდა, - ამას საკუთარი თავი ისეთი ხომ მოსწონდა, როგორიც იყო და ოპერაცია რატომ გაიკეთაო? რადგან შენი თავის მიმღებლობა გაქვს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უარს ამბობ ცვლილებაზე, რომელიც შეიძლება ერთ დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდეს. ანალიზების პასუხები რომ მოვიდა, ექიმმა მითხრა, შენ შეგიძლია დაიკლო წონაში, მაგრამ შემდეგში შენარჩუნებას ვერ შეძლებო. შემეძლო ოპერაციაზე უარიც მეთქვა, მაგრამ საკუთარ წარსულს რომ გადავხედე, გამახსენდა, დამიკლია 10 კილო, 15 და მეტიც, მაგრამ ერთი ჭიქა წვენის მიღებაც კი საკმარისი იყო იმისთვის, რომ მატება დამეწყო. რაც მთავარია, ეს მატება არ იყო 300 და 500 გრამი, კილოგრამს ვიმატებდი. მეტაბოლიზმი მქონდა დარღვეული. რადგან ეს შანსი მომეცა, გავიფიქრე, - მოდი, ამ ნაბიჯს გადავდგამ და წავალ წინ, უცნობი მომავლისკენ. საკუთარ თავზე ვიმუშავე. მივიღე გადაწყვეტილება გამეხსნა ყულაბა, სადაც პერიოდულად გარკვეული თანხის გადადებას მოვახერხებდი. როგორც ჩანს, ჩემი სურვილი იმდენად დიდი იყო, ეს გადაწყვეტილება ისეთი გულით მივიღე, სამყარომ ისმინა და ისე მოხდა, რომ ნანუკა ჟორჟოლიანის შოუდან დამიკავშირდნენ და მითხრეს, ერთ-ერთ ცნობილ კლინიკას აქვს სურვილი, დაგიფინანსოს ოპერაცია და თანახმა იქნები, ჩვენი გმირი გახდეო? ძალიან ბევრი ვიფიქრე. არ მინდოდა, ვინმესთან ვალში ვყოფილიყავი, ჩემი კლება ვიღაცის დამსახურება ყოფილიყო. მეგობარმა მითხრა, რომ ეს ორმხრივი სარგებელი იქნებოდა და ამ მიდგომამ გადაწყვეტილების მიღება გამიადვილა.
- მგონი, ეს ამბავი მშობლებმა არ იცოდნენ, ხომ?
- მათ იცოდნენ, რომ ოპერაციის გაკეთება მინდოდა, რომ ჯერ გამოკვლევები უნდა ჩამეტარებინა, თარიღი თუ მქონდა ჩანიშნული, ეგ არ მითქვამს, მაგრამ დედის გულს ხომ ვერაფერს გამოაპარებ. ოპერაციის დღეს ჩემი დისთვის ბევრი შეკითხვა დაუსვამს, ბოლოს სიმართლე უთხრა, რომ უკვე ნარკოზიდან გამოვედი და ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
- რეაბილიტაციის პერიოდი როგორ გაიარე?
- მე არ ვიყავი ჭარბწონიანი ბევრი ჭამის გამო, რადგან მეტაბოლიზმი მქონდა დარღვეული, რასაც ვიღებდი, იმ საკვებს ჩემი ორგანიზმი არ გადაამუშავებდა და ცხიმების სახით თავის ნაწილად აქცევდა. ამ ოპერაციას ახლავს გარკვეული შეზღუდვები, საკვების გრამობით მიღება. მანამდე არ მქონია გაზიან სასმელზე დამოკიდებულება, არ ვჭამდი იმდენს, როგორც გამოვიყურებოდი. ამიტომ გრამობით კვებაზე გადასვლა არ გამჭირვებია. მხოლოდ ეგ იყო, ვერ აღვიქვამდი, რომ ვიკლებდი. ამაში ფსიქოლოგის დახმარებაც დამჭირდა და ამ საკითხისადმი ჩემი აღქმის დაშლაც. 3 თვეში 20 კილოგრამს რომ ვიკლებდი და ვიღაც წერდა, რომ 40 კილოს იკლებდა, სულ ინფორმაციულ ომში ვიყავი.