საყოველთაოდ გავრცელებულია აზრი, რომ არასრულწლოვანს ერთი მშობელი საზღვარგარეთ ვერ გაიყვანს, თუ მეორე მშობლის თანხმობა არ აქვს. როგორც აღმოჩნდა, ყოველთვის ასე არ არის. მკითხველის შეკითხვაზე პასუხს იურისტი, ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში პასუხობ:
- ჩემს არასრულწლოვან შვილთან ერთად მინდა ახალ წელს საზღვარგარეთ წასვლა, მაგრამ მამამისი არ მაძლევს თანხმობას. ვართ ოფიციალურად გაშორებული, ბავშვი არის 15 წლის, პასპორტი ხელთ მაქვს, მაგრამ მეუბნებიან, რომ საზღვარზე შეიძლება პრობლემა შეგვექმნას. როგორ მოვიქცე?" -
- როდესაც არასრულწლოვანს აქვს პასპორტი, ითვლება, რომ ორივე მშობელი თანახმაა, რომ ბავშვმა დატოვოს ქვეყანა და გავიდეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ. შესაბამისად, თქვენ გაქვთ სრული უფლება წაიყვანოთ ბავშვი საზღვარგარეთ, თუმცა ყურადღება მიაქციეთ იმ გარემოებას, თუ რომელ ქვეყანაში გაგყავთ ბავშვი, იქიდან გამომდინარე, რომ რიგ შემთხვევებში თავად ქვეყანა ითხოვს მშობლის ნოტარიალურ თანხმობას.
ქმარს გაყრილი ვარ, მყავს ორი შვილი. მაინტერესებს, ალიმენტი რა ოდენობით დაეკისრება ბავშვების მამას, როცა მას მეორე ქორწინებაში ჰყავს ორი შვილი. ხელფასი 1.500 ლარი აქვს, მის სახელზე სხვა ქონება არ ფიქსირდება. რა ოდენობის თანხა შემიძლია მოვითხოვო, სასამართლო რამდენს დააკისრებს თითო ბავშვზე?
- მშობლებს ეკისრებათ თანაბარი ვალდებულება მათი არასრულწლოვანი შვილების მიმართ, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც მშობლები ვერ თანხმდებიან ალიმენტის ოდენობაზე, ოდენობას განსაზღვრავს სასამართლო გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობას, ასევე ბავშვების ინდივიდუალურ საჭიროებებს, შესაბამისად, ფიქსირებული თანხა ალიმენტის დაკისრებისას არ არის დადგენილი, თუმცა აქვე განვმარტავ, რომ სასამართლო პრაქტიკაში დამკვიდრებულია საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით ალიმენტის მინიმალური ქვედა ზღვარი, რომელიც 150-დან 200 ლარამდე მერყეობს.
ალიმენტი ყველაზე ბევრი რა თანხა შეიძლება დაეკისროს ბავშვის მამას, როცა ბავშვი შშმ პირია?
- ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობას, ასევე სამართლიანი შეფასების საფუძველზე ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მოთხოვნების ფარგლებში. ალიმენტთან დაკავშირებულ ყველა საქმეში ინდივიდუალურად განიხილება ბავშვის საჭიროებები, ვინაიდან ყველა ბავშვს სხვადასხვა საჭიროება აქვს. არ არსებობს ალიმენტის ფიქსირებული თანხა. აქიდან გამომდინარე, თქვენს შემთხვევაშიც სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ბავშვის საჭიროებების და ასევე, თქვენი და ბავშვის მამის შემოსავლის გათვალისწინებით.