რატი გაჩეჩილაძეს საქართველოში ბევრი იცნობს. გარდა იმისა, რომ შოუ "ცეკვავენ ვარსკვლავების" გამორჩეული მონაწილეა ყოველ წელს, ასევე მოცეკვავეების ცნობილი ოჯახის წარმომადგენელია. მისი მშობლები "თელას" დამფუძნებლები იყვნენ. ახლა ამ ცნობილ საცეკვაო სტუდიას თავად უძღვება ძმასთან - ასევე მოცეკვავე გიგი გაჩეჩილაძესთან ერთად. რატის და გიგის დაა შორენა გაჩეჩილაძე, ხოლო დისქმარი - გოჩა ჩერტკოევი. წლების წინ რატი გოჩასთან და შორენასთან ამერიკაშიც იმყოფებოდა და იქ გეგმავდა სერიოზული კარიერის აწყობას, თუმცა საბოლოოდ მაინც საქართველოში ამჯობინა ცხოვრება და საქმიანობა და დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოცეკვავეა.
სწორედ საქართველოში ყოფნისას, 6 წელზე მეტი ხნის წინ გაიცნო უკრაინელი მოცეკვავე კარინა ლისენკო. თავიდან მათ მხოლოდ საქმე აკავშირებდათ - კარინა რატის მეწყვილე იყო. თუმცა საქმიანი ურთიერთობა რომანში მალევე გადაიზარდა და 2021 წელს წყვილმა იქორწინა კიდეც. "კარინა ჩემი ნომერი პირველი მეგობარია. როდესაც გვერდით ასეთი ადამიანი გყავს, ყველაფერი ბედნიერებაა…" - ამბობს რატი.
დღეს გაირკვა, რომ წყვილი შვილს ელოდება. სქესის გაგების ცერემონია მათ მეგობრების წრეში მოაწყვეს, თუმცა გავრცელებული ვიდეოები შავ-თეთრია, ამიტომ ფართო საზოგადოებას სქესი არ გაუმხილეს. წყვილი ძალიან ბედნიერია ამ სიახლით და გულშემატკივრებისგან მილოცვებს იღებენ.