ქართველი პიანისტი ეთერ ბოჭორიშვილი, მრავალი წელია, ემიგრანტია. ამჟამად, ესპანეთში ცხოვრობს. მონაწილეობს სხვადასხვა კონკურსა და კონცერტში, მუშაობს მოსწავლეებთან, წერს მუსიკას და უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში ქალბატონი ეთერის უცხოური ინტერვიუდან მცირე მონაკვეთი გავრცელდა, სადაც ის საკუთარი მძიმე ცხოვრების, ტკივილისა და შემოქმედების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს იმასაც, თუ როგორ დაეხმარა მუსიკა ტკივილების შემსუბუქებაში. ეთერ ბოჭორიშვილი Mshoblebi.ge-სთან ინტერვიუში ვრცლად საუბრობს, როგორ გახდა ემიგრანტი, რა გზა გაიარა წარმატების მისაღწევად და რა არის მისი სამომავლო გეგმები:
- ფორტეპიანოზე 2 წლიდან ვუკრავ. თელავში დავიბადე. მუსიკალური სასწავლებელიც იქ დავამთავრე. შემდეგ თბილისში - კონსერვატორიაში ვსწავლობდი. კონსერვატორია 1980 წელს დავამთავრე. იმავე წელს დავოჯახდი და ორი შვილი შემეძინა. 1990-იან წლებში განსაკუთრებით გაგვიჭირდა. სამოქალაქო ომის გამო, აბსოლუტურად ყველაფერი გაჩერებული იყო. უმუშევრები დავრჩით. ჩემი მეუღლე წარმოშობით უკრაინელი იყო, მაგრამ თბილისში დაიბადა და გაიზარდა. 13 წელია, რაც ინსულტით გარდაიცვალა. შექმნილი მდგომარეობის გამო, რუსეთში წავედით სამუშაოდ, მაგრამ, ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც გვპირდებოდნენ. 100 ათასი რუბლი და ბინა უნდა მოეცათ, მაგრამ არაფრით დაგვაკმაყოფილეს. ჩემს ქმარს ინსულტი ორჯერ ჰქონდა გადატანილი. ვალები, სხვადასხვა ვალდებულება გვქონდა. მუშაობა ვეღარ შეძლო, ამიტომ, ყველაფერი საკუთარ თავზე ავიღე. სამგან ვმუშაობდი. მუსიკალურ სკოლაში ვასწავლიდი, კონცერტმეისტერი ვიყავი, ორკესტრთანაც ვუკრავდი. საესტრადო სასწავლებელში ვოკალისტებთანაც ვმუშაობდი, ქორეოგრაფიული სტუდიისთვის მუსიკას ვწერდი. სახლში ღამის 11 საათზე შევდიოდი. ბევრს ვშრომობდი, მაგრამ ანაზღაურება ძალიან დაბალი იყო. 2010 წლიდან ესპანეთში გადავედი. ჩემი შვილის სიდედრი აქ იმყოფებოდა და მან მირჩია, რომ წამოვსულიყავი. მას მერე კორდობაში ვცხოვრობ. თავიდან მოხუცებთან ვმუშაობდი და ვუვლიდი. ენა არ ვიცოდი, არც ამ ქვეყანას ვიცნობდი... იმ პერიოდში საქართველოში ჯერ დედა გარდამეცვალა, ერთი თვის შემდეგ კი - მეუღლე. დასაფლავებაზე ვერ წავედი და ჩემთვის საყვარელი ადამიანები სკაიპით დავიტირე... ჩემი ქალიშვილი ესპანეთში მყავდა და ისიც მოხუცს უვლიდა. ძალიან დიდი ტრავმა მივიღე. საბუთი არ მქონდა, და რომ წამოვსულიყავით, უკან ვეღარ დავბრუნდებოდით...
შემდეგ მადრიდმა ჩემი დიპლომი აღიარა. ჩემმა კურსელებმა, მეგობრებმა თელავის ტექნიკუმიდან, კონსერვატორიიდან ხელი ძალიან შემიწყვეს და მათი უსაზღვროდ მადლიერი ვარ. საბუთები, რაც მჭირდებოდა, მათ გადმომიგზავნეს. ბევრი ადამიანი დამიდგა გვერდში...
მას შემდეგ, რაც ჩემი დიპლომი აღიარეს, სოლოკონცერტი გავმართე. აქ ყოველ სექტემბერს პიანისტთა საერთაშორისო ფესტივალი იმართება. ფესტივალზე დავუკარი. შემდეგ კონცერტი ჯაზ კაფეში მქონდა. ამას სხვა კონცერტებიც მოჰყვა. ძირითადად, ქართულ მუსიკას ვუკრავდი. თანდათან ესპანურიც ვისწავლე და ესპანურ სიმღერებსაც ვასრულებდი. შემდეგ მოხუცების მოვლას თავი დავანებე და გუნდთან მუშაობა დავიწყე.
თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, რომ მორიგი უბედურება დამატყდა თავს...
2022 წელს ბიჭი მომიკლეს. სახლიდან გაიყვანეს და არ ვიცი, რა მოხდა. დღემდე ეს ამბავი გამოუძიებელია. ჩემი შვილიშვილი დააობლეს, რომელიც უკვე 15 წლისაა.
ჩემი შვილის სული მაძლიერებს...
ესპანეთში სამუსიკო გუნდებს ვხელმძღვანელობ, ეკლესიაში ვუკრავ და ვმღერი. უკვე 10 წელია, სანტა მარინას ეკლესიაში ვარ, ვეწევი პედაგოგიურ საქმიანობას და მოსწავლეებიც მყავს. როცა კონცერტია, არ არსებობს, ჩემი შვილის მხარდაჭერა არ ვიგრძნო. მისი სულის უკვდავების მჯერა...
...საქართველოში სხვა ტრაგედიაც შემემთხვა. კლინიკური სიკვდილიც მაქვს გადატანილი. მესამე მშობიარობის დროს მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა. ჩაჩავას კლინიკაში ვიმშობიარე, სისხლდენა დამეწყო, ვერაფრით მიშველეს. მითხრეს, ბავშვი მოკვდაო. მაგრამ, არ მჯერა. რაც თამუნა მუსერიძემ ჯგუფი შექმნა და ისტორიების გამოქვეყნება დაიწყო, ეს ეჭვები კიდევ უფრო გამიმძაფრდა. 35 წლის გოგონა უნდა მყავდეს. ტესტიც გავიკეთე. მაგრამ ჯერჯერობით, რაიმე ინფორმაცია არ მაქვს...
- ძალიან ემოციური ინტერვიუ გამოვიდა. რამდენჯერაც ვნახავ, ყოველთვის ვტირი. მთელი ცხოვრება წამომიტივტივდება ხოლმე... ესპანეთში ქუჩაშიც ვუკრავ და ამას არ ვთაკილობ. წელიწადში გარკვეულ თანხას ვიხდი და ვუკრავ. მინდა, ხალხთან კონტაქტი მქონდეს და ეს ამისთვის ერთ-ერთი გზაა. სიცივეშიც გავდივარ და ვუკრავ. პატარა პიანინო მაქვს, გამაქვს და სიმღერებს ვასრულებ.
ერთ დღეს, როდესაც ქუჩაში ვუკრავდი, ჩემთან ორი მამაკაცი მოვიდა. კოორდინატები მთხოვეს. მითხრეს, რომ დიდი კონკურსი იმართებოდა და უნდოდათ, მონაწილეობა მიმეღო. თავიდან უარი ვუთხარი, 68 წლის ვარ და რა დროს ჩემი კონკურსია-თქო. მაგრამ, ტელეფონის ნომერი მივეცი. მეგონა, რაღაცას მატყუებდნენ. ტელევიზიიდან იმ საღამოსვე დამირეკეს. ჟურნალისტმა მითხრა, რომ ანდალუსიიდან კონკურსში მონაწილეობის მისაღებად პიანისტად მე ამირჩიეს. ვაპროტესტებდი, ვუთხარი, რომ ბევრი ახალგაზრდა პიანისტი იყო და მათ უნდა მიეღოთ მონაწილეობა. მაგრამ, მათ სურდათ, რომ მე მიმეღო მონაწილეობა. ამიტომ, ბარსელონაში წავედი. იქ ჩემი მეგობარი დამხვდა, ყველგან დამყვებოდა. ჟიურიში პაბლო ლოპესი - ესპანელი მომღერალი და პიანისტი და მიკა, იტალიელი მომღერალი იყვნენ. რომ დავუკარი, ხალხი ტიროდა. იმ დღის კონკურსი რომ დამთავრდა, ჟიურის წევრები ჩამოვიდნენ, პაბლო ლოპესი ჩემთან მოვიდა და გადამეხვია. კონკურსი დასრულდა, ჯერჯერობით, შედეგები არ ვიცით. მაგრამ, ჩემთვის ეს უდიდესი გამარჯვება იყო. უამრავი ადამიანი გავიცანი, შევასრულე ის, რაც მიყვარს და ძალიან დიდი სითბო მივიღე. ბევრ კონცერტში მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ ასეთი გვერდში დგომა არსად მინახავს.
- ჯერჯერობით პასპორტი არ მაქვს. მე და ჩემმა ქალიშვილმა გამოცდა ჩავაბარეთ და ველოდებით. საკმაოდ ხანგრძლივი და რთული პროცესია. მინდა, რომ კონცერტები გავმართო და ხალხს თავი მეტად გავაცნო. სამომავლოდ ასევე მინდა, სასტუმროში ან რესტორანში დავუკრა. ესპანეთის მოქალაქეობა რომ მქონდეს, მუსიკალურ სასწავლებელში ან კონსერვატორიაშიც ვცდიდი. როგორც გითხარით, პასპორტს ველოდები. მხოლოდ ამ შემთხვევაში მექნება შესაძლებლობა, რომ მუსიკალურ სასწავლებელში მოვხვდე.
როდესაც მაყურებელი ჩემს შესრულებას უსმენს, ყოველთვის დადებით ემოციებს გამოხატავს. ხალხს ვუყვარვარ და ამ სიყვარულს ყოველთვის ვგრძნობ. ენერგიას არ ვიშურებ, რომ მოსწავლეებს ჩემი ცოდნა გადავცე. საოცარი ბავშვები მყავს.
- საქართველოში როცა ჩამოვდივარ, საფლავზე მივდივარ. ვტირი და შემდეგ უკან ვბრუნდები... აქ მაქვს ჩემი საქმე. საქართველოში ჩამოსვლა რომ გადავწყვიტო, ისევ უკან უნდა დავბრუნდე. ხომ მჭირდება რაღაც, რომ თავი ვირჩინოთ?! გადასარევი რძალი და შვილიშვილი მყავს. ახლა ველოდები, რომ საახალწლოდ ჩემთან ჩამოვიდნენ და გამახარონ. ამიტომ, სამომავლო გეგმებზე ბევრს ვერაფერს გეტყვით. დრო ყველაფერს გვიჩვენებს. მინდა, ჩემს გულშემატკივრებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. ჩემი ისტორია ასე რომ გაითავისეთ, უღრმესი მადლობა. პირველ რიგში, მინდა, საქართველოს მშვიდობა ვუსურვო. ძალიან მოქმედებს ჩემზე ის, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება. საქართველოში რომ ვიყო, აუცილებლად ახალგაზრდების გვერდით ვიდგებოდი. მადლობა, რომ ამდენი თბილი სიტყვა მაჩუქეთ და მგულშემატკივრობთ.
თამარ იაკობაშვილი